გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკში“ მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოებას მნიშვნელოვან რეკომენდაციებს აძლევს:
„გინდა პანიკის, შფოთვის, ფობიის შეტევებს ყელში სწვდე და სუნთქვა გადაუკეტო?
მაშინ ყურადღებით და გახსნილი გონებით წაიკითხე, გაიაზრე & გაითავისე შემდეგი:
პანიკური შეტევის დროს ადამიანს ხშირად შეფერხებული და შეზღუდული აქვს რაციონალური აზროვნების უნარი.
სხეული თავისი სიმპტომებით განგაშის ზარს ცემს და ფსიქიკაც დრამატულ, ხშირად გამანადგურებელ ინტერპრეტაციას უკეთებს ამ შეგრძნებებს, მაგალითად:
ახლა გული გამისკდება;
გული ვეღარ გაუძლებს;
ვაიმე, ვეღარ ვსუნთქავ;
ვიგუდები;
გონებას ვკარგავ;
კონტროლს ვკარგავ;
ვგიჟდები;
აქ წავიქცევი და როგორი სირცხვილია;
ვკვდები.
ემოციების ფსიქოლოგიიდან ვიცით, რომ არ არსებობს ემოცია ფიზიკური, სხეულში განცდილი შეგრძნებების გარეშე!!!
მით უმეტეს ისეთი ძლიერი ემოციები, როგორიცაა შიში თუ პანიკა, იკვებება სხეულის სიმპტომებით.
ყველა სწორი ფსიქოთერაპია ასეთ დროს ასწავლის პაციენტს სხეულის ნაკლებად დრამატულ, ისტერიკულ კითხვას და სიმპტომების რეალისტურ ინტერპრეტაციას. მაგრამ ეს ხანგრძლივი პროცესია და ძალიან რთული გასავლელი ფსიქოთერაპევტის გარეშე, თუმცა შესაძლებელი.
ჩემი პრაქტიკიდან არსებობს 3 ყველაზე გავრცელებული სტრატეგია უშუალოდ პანიკური შეტევისას:
1. ფიქრების გადატანა სხვა რამეზე
2. დამშვიდება სუნთქვით, ავტოგენური ტრენინგით, თვით ინსტრუქციით
3. იერიშზე გადასვლა
პირველი ორი ვარიანტი ისედაც ძალიან გავრცელებულია, ყველა ყველგან ამ ორ სტრატეგიაზე საუბრობს.
მე მინდა დაგპატიჟოთ, სცადოთ მესამე ვარიანტი - იერიშზე, კონტრშეტევაზე გადასვლა.
კი არ შეშინდეთ და შეხვიდეთ შიშის მსვერპლის, უძლური ობიექტის როლში, არამედ პირიქით, აქეთ შეაშინეთ თქვენი შიში:
ან აბუჩად აიგდეთ ის, დასცინეთ. ან დაამცირეთ, ან "დააჩმორეთ", დაუყვირეთ, გაუბრაზდით, შეაგინეთ...
რატომ? იმიტომ, რომ ყველა ამ მეთოდის განხორციელებით ავტომატურად იქმნება იერარქია თქვენს სასარგებლოდ.
თქვენ ხომ წესით არ გაუბრაზდებით, შეაგინებთ, დააკნინებთ ისეთ ვიღაცას/რაღაცას, რაც მართლა ძალიან საშიშია?
და ზუსტად ამის გაბედვით, შიშის დამცირებით, „მიჩმორებით" თქვენ ავტომატურად აწვდით ტვინს ინფორმაციას, რომ არ ხართ საფრთხეში.
და თუ ტვინს არ აქვს საფრთხის შეგრძნება ან აღქმა, ის არ წარმოქმნის შიშის ემოციას.
ეს ჩაიბეჭდეთ:
არ არსებობს შიში, თუ არ არსებობს საფრთხე. ჩვენც ზუსტად ამ კანონზომიერებას ვიყენებთ ჩვენს სასარგებლოდ: ჩვენი საქციელით ტვინს ვაჯერებთ, რომ მიუხედავად არასასიამოვნო სიმპტომების და ფიქრებისა, ჩვენ არ მივიჩნევთ თავს საფრთხეში. პირიქით, ჩვენ უპირატესობას, ძლიერ პოზიციას გამოვხატავთ შიშის დაკნინებით, გინებით, ლანძღვით.
მესმის, რომ ეს მეთოდი ბევრისთვის ორიგინალური, უცნაური, ექსცენტრული შეიძლება იყოს. მაგრამ ამ მეთოდს ზურგს უმაგრებს ნეიროფიზიოლოგიის და ფსიქოლოგიის კანონზომიერებები.
სცადეთ თქვენთვის ყველაზე მისაღები, მარტივად გასაკეთებელი ვარიანტი. ბევრს უყვარს შეტევისას შიშის არეალის ამიგდალას გინება, ზოგს მისი დაჩმორება, "გაძუყვნა" ურჩევნია, ზოგიც აბუჩად აგდების, დაცინვის ტექნიკას მიმართავს.
მე ამ მეთოდიკით ძალიან წარმატებულად ვმუშაობ წლებია უკვე. დარწმუნებული ვარ, თქვენც დაგეხმარებათ, თუ ამას სერიოზულად მიყდგებით და ყოველ ჯერზე გამოიყენებთ“, - წერს ლევან შელეგია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „კიდევ ერთი გამარჯვება, კიდევ ერთი სასწაული“ - „დანტესი“ ლილიანას ახალ კადრებს გვიზიარებს