
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები (სგგდ) იმ ინფექციებს აერთიანებს, რომლებიც ერთი ადამიანიდან მეორეზე სქესობრივი კონტაქტით გადადის. მათით დაინფიცირება შესაძლებელია როგორც დაუცველი ვაგინალური და ანალური, ისე ორალური სქესობრივი აქტის დროს. სგგდ-ში გაერთიანებული ზოგიერთი დაავადება საზიარო ნემსითა და პირადი მოხმარების საგნებითაც ვრცელდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ინფექციები შესაძლოა ორსულობის პერიოდში ან ძუძუთი კვების დროს დედიდან შვილზეც გადავიდეს.
სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები საწყის ეტაპზე კლინიკური ნიშნებით ყოველთვის არ გამოიხატება. ამიტომ დაავადებული პირის მიერ ჯანმრთელი ადამიანის უნებურად დაინფიცირების რისკი საკმაოდ მაღალია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, კარგად ვიცნობდეთ სქესობრივი გზით გადამდებ ყველაზე გავრცელებულ დაავადებებსა და მათი პრევენციის გზებს.
აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „ჯანმრთელობის დღიურები“ დერმატო-ვენეროლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა და საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაუზიარა:
„რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, პაციენტები „ესდიაით“ მიმართავენ უროლოგებს და გინეკოლოგებს, არადა ეს ეხება ვენეროლოგს. მეტიც, იურიდიულად უროლოგს არ აქვს უფლება უმკურნალოს ასეთ პაციენტს.
ვენეროლოგი არის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ექიმი და ვეთანხმები სტატისტიკას, რაც მზარდია, საგანგაშოა. ეს ყველაფერი არამხოლოდ საქართველოშია, არამედ მსოფლიოში, პაციენტის განათლების დაბალი დონე განაპირობებს და პირდაპირ აისახება სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების ავადობაზე. არ იციან როგორ შეიძლება თავი დავიცვათ „ესდიაისგან“, რა არის საუკეთესო საშუალება.
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ კონდომი - საუკეთესო საშუალებაა SDI-სგან თავის დასაცავად. პრეზერვატივი შეიძლება იყოს კაცის და ქალის, განსხვავება არის მათ შორის დაცვის თვალსაზრისით კაცის უფრო ეფექტურია ვიდრე ქალის, თუმცა ის არ არის 100% დაცვის საშუალება.
SDI-ის ჩამონათვალს რომ გადავხედოთ, უამრავია, აქ იგულისხმება ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი, პროტოზოული და პარაზიტული ინფექციები. რაოდენობრივად ბაქტერიული ინფექცია უფრო მეტი გვაქვს, თუმცა ვერ დავყოფთ სირთულის მიხედვით.
მათი მკურნალობა განსხვავებულია, პირველია პრევენცია, შემდეგ პროფილაქტიკა და დიაგნოზის სწორი დასმა“, - ამბობს ზაზა თელია.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „გეტყვით ისეთ რამეს, რაც აქამდე არ იცოდით!“ - რატომ არ უნდა გადააგდოთ აღდგომის შემდეგ ჯეჯილი