იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ე.წ. ინდური ვირუსის [„ნიპაჰის“] შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ვირუსი 1998 წლიდან ფიქსირდება და მისი ლეტალობა საკმაოდ მაღალია.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, მომაკვდინებელი ვირუსი ხილის მჭამელი ღამურებისგან ვრცელდება.
„დიდი ეჭვი მაქვს რომ, ეს ვირუსი საქართველოსთვის პრობლემა გახდეს, ვინაიდან ეს ვირუსი დიდი ხანია ცნობილია. 1998 წელს იყო მალაიზიაში პირველი აფეთქება და ამ ვირუსის იდენტიფიცირება 1999 წელს მოხდა. 27 წელია ამ ვირუსს აკვირდებიან და ამ 27 წლის განმავლობაში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ეს ვირუსი გასცდეს იმ 5 ქვეყნის ფარგლებს, სადაც ამ დრომდე ფიქსირდება.
ესენია: ბანგლადეში, ინდოეთი, ჰონკონგი, მალაიზია და ფილიპინები.
ეს განსაკუთრებული ვირუსია, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მას განიხილავს როგორც ერთ-ერთ მძიმე ვირუსს ვინაიდან მისი ლეტალურობა ძალიან მაღალია. მას შეუძლია ძალიან მაღალი ლეტალობის პროცენტის განპირობება, ეს არის 45-70%. ის „ებოლასთან“ ერთად განიხილება, როგორც ერთ-ერთი მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსი. განსხვავება არის ძალიან მნიშვნელოვანი, მისი გადაცემის გზა განსხვავებულია, ვიდრე კორონას ან გრიპის. არ გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით მანძილზე, მას სჭირდება ძალიან ახლო კონტაქტი სხეულის გამონაყოფთან, ან დაინფიცირებული საკვების მიღება.
ამ ვირუსის ძირითადი რეზერვუარი არის ღამურა - ხილის მჭამელი ღამურა. ამ ტიპის ღამურა საქართველოში არ არის, სხვა ღამურები იქნა შესწავლილი საქართველოში და ამ ღამურებში „ნიპაჰის“ ვირუსი ნანახი არ არის.
ვირუსის გავრცელების ყველაზე მეტი შესაძლებლობა არის პალმის წვენის დალევა. პალმის წვენი არის დაინფიცირებული ღამურას გამონაყოფით, ან ნერწყვით.
რაც შეეხება სიმპტომებს - იწყება როგორც ჩვეულებრივი გრიპი, მაგრამ შემდეგ წინა პლანზე გამოდის თავის ტვინის დაზიანება. ეს გარდაცვალების შემთხვევები განპირობებულია თავის ტვინის ანთებასთან, ტვინის შეშუპებასა და კომასთან. ეს ყველაფერი მიმდინარეობს ძალიან სწრაფად, და ინფიცირებიდან 2-3 დღეში, შესაძლოა, ადამიანი მოკვდეს. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება არ არსებობს. ჯანმოს ეს ვირუსი შეყვანილი ჰყავს შესაძლო პანდემიის გამომწვევი ვირუსების კატეგორიაში. ინტენსიური კვლევები მიმდინარეობს ვაქცინების შესაქმნელად. მედიკამენტების მხრივ ჯერ პერსპექტივა არ გვაქვს. ძირეული განსხვავება - კორონავირუსს და „ნიპაჰის“ ვირუსს შორი არის - გადაცემის გზა. კორონავირუსი გადაეცემოდა ჰაერწვეთოვანი გზით და შეკავება შეუძლებელი იყო, აქ გადაცემის გზა არის ძალიან ახლო კონტაქტი“, - აღნიშნავს ჩხაიძე.
როგორც ჩხაიძე აღნიშნავს, არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს.
„ჯერ არ არსებობს არცერთი ქვეყანა, ინდოეთის მეზობელიც კი, რომელმაც სახელმწიფოს დონეზე მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული ნაკადის შეზღუდვაზე ან თვითმფრინავში მგზავრების განსაკუთრებულ შემოწმებაზე.
ეს ეხება არამხოლოდ ინდოეთს, არამედ კონკრეტულად ინდოეთის იმ პროვინციას, სადაც მოხდა აფეთქება. ეს არის მცირე მონაკვეთზე, საუბარია 2 ინფიცირებულ პაციენტზე. არანაირი საჭიროება, რომ საქართველომ ან სხვა ქვეყანამ განსაკუთრებული კონტროლი გაუწიოს ინდოეთიდან მომავალ მგზავრებს, არ არსებობს“, - დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.
შეკითხვაზე, რამდენად მაღალია სიკვდილიანობის რისკი? იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა უპასუხა.
„სიკვდილიანობის რისკი არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. 100 ინფიცირებულიდან, შესაძლოა, 75 გარდაიცვალოს. 45%-ზე დაბალი მაჩვენებელი არ დაფიქსირებულა. 53% აქვს ფრინველის გრიპს, რომლის გადაცემის გზა, ასევე, რთულია, მაგრამ ჩვენთვის კარგად ცნობილია და დიდი ხანია ამ საშიშროებაზე ვლაპარაკობთ. ებოლა, ფრინველის გრიპი და ჰანტა ვირუსები აი, ამ „ნიპაჰის“ ვირუსთან ერთად განიხილება, როგორც ყველაზე მაღალი ლეტალობის გამომწვევი ვირუსები“, - აღნიშნავს ივანე ჩხაიძე.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ღვიძლის ჯანმრთელობისთვის 3 საუკეთესო მცენარე - რას გვირჩევს არუნ ხათრი
წყარო: newshub.ge