Digest Logo

„ნუ დავხარჯავთ დროს, ენერგიას და იმედებს ისეთ რაღაცებზე, რაც არ/ძნელად ექვემდებარება ჩვენს კონტროლს...“ - ლევან შელეგია

1787060400
ლევან შელეგია

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, „ფეისბუკზე“ ხშირად აქვეყნებს პოსტებს, სადაც საზოგადოებას სხვადასხვა მითის შესახებ უზიარებს ინფორმაციას.

გთავაზობთ მის მორიგ პოსტს:

„⚗️ჰაუსის სამი ინგრედიენტი უკეთესი ცხოვრების კოქტეილისთვის ნუ დავხარჯავთ დროს, ენერგიას და იმედებს ისეთ რაღაცებზე, რაც არ/ძნელად ექვემდებარება ჩვენს კონტროლს:

1️⃣ფიქრები

2️⃣მომავალი

3️⃣სხვათა ემოციები

1️⃣ ტვინი აწარმოებს დღე-ღამეში რამდენიმე ათეულ ათას ფიქრს, მათ აბსოლუტურ უმრავლესობას ავტომატურად, ჩვენი ცნობიერების მიღმა. ფიქრებზე კონტროლი ისეთივე სლიპინა რამაა, როგორც წყალში თევზის შიშველი ხელით დაჭერა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ გავაკონტროლოთ, თუ როგორ ინტერპრეტაციას გავუკეთებთ ფიქრებს და როგორ რეაგირებას მოვახდენთ მათზე.

2️⃣ მომავლის კონტროლის სურვილი ხშირად შფოთვას იწვევს. უფრო მეტსაც ვიტყვი - მომავლის კონტროლის სურვილი და შფოთვითი აშლილობა შეიძლება სინონიმებად ვიხმაროთ. ჩვენ ვცხოვრობთ ახლა და აქ! შესაბამისად გვძალუძს გავლენა ვიქონიოთ მხოლოდ აწმყოს ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია დავგეგმოთ ხვალინდელი დღე და შევეცადოთ, გეგმისამებრ შევასრულოთ ის. მაგრამ ეს ყოველთვის არ გამოდის და, აი ზუატად, აქ არის წითელი ხაზი: არ უნდა ჩავიციკლოთ და ჩავბჟირდეთ, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც წარმოგვედგინა. ყველა ადამიანი, რომელსაც აქვს შფოთვითი აშლილობა, ცხოვრობს მომავალში. აწმყოში კი ის დარჩენილია შფოთვის სიმპტომების ამარა. კარგად დააკვირდით და დაიჭერთ საკუთარ თავს.

3️⃣ ძალიან ბევრ ადამიანს დაუკარგავს ძალიან ბევრი ძვირფასი დრო იმაზე ფიქრში, თუ რას იფიქრებენ და როგორ იგრძნობენ თავს სხვები. ბუნებრივია, გვქონდეს სურვილი და მისწრაფება, რომ ჩვენი საყვარელი და უახლოესი ადამიანები არ დავაზიანოთ, პირიქით - მათ ვაჩუქოთ დადებითი ემოციები. და ეს ასე დავტოვოთ!

რადგან საყვარელი და ჭეშმარიტად ახლო ადამიანების წრე, იმედია, არ არის უაზროდ დიდი და ასევე იმედია, ეს ადამიანები ასევე აღგიქვავენ შენ - მათთვის საყვარელ, ახლობელ ადამიანად. კარგად დაფიქრდი ამ ბოლო აბზაცზე! დანარჩენი ადამიანების ემოციებზე შენ არ აგებ პასუხს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი სოციალური, მორალური თუ იურიდიული ნორმა ფეხზე დაიკიდო.

არა! უბრალოდ უნდა იცოდე, რომ დღის ბოლოს ყველა ადამიანი თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ემოციებზე, მათ მართვაზე.

🔳ჯერ ერთი, ემოციებს აქვთ დიდი სუბიექტური და ინდივიდუალური კომპონენტი.

🔲და მეორე - ჩვენ ვერასდროს ვერ გვეცოდინება ზუსტად, თუ როგორია იყო სხვა ადამიანი. ამას ფილოსოფიასა და ფსიქოლოგიაში ქუალიას (Qualia) პრობლემა ჰქვია. ასე რომ, დავრჩეთ იქ, სადაც ჩვენი კონტროლი ეფექტური და საჭიროა:

🔝აქ 🔝

ახლა 🔝

საყვარელ ხალხთან

🔝ზედმეტი გაჭინთვების და ისტერიის გარეშე“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ჭამის დრო ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ის, რასაც ჭამთ...“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი

⭕ „ახალი ეტაპის დაწყების თემა აქტიურდება...“ - ზოდიაქოს 3 ნიშანი აგვისტოში დაწინაურდება

⭕ „ცრემლები თავისით მომდიოდა...შევცვლიდი რამეს? - არა...“ - მაიკო კაჭკაჭიშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს