დარწმუნებული ხართ, რომ ყოველთვის თავად ირჩევთ, რას შეჭამთ, რას დალევთ, რა მუსიკას მოუსმენთ ან რატომ გიყვარდებათ ისევ და ისევ ერთი და იგივე ტიპის ადამიანები? რა მოხდება თუ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილებების უმეტესობა ყველაზე უმნიშვნელოდან დაწყებული, ბედისწერის განმსაზღვრელით დამთავრებული — უკვე მიღებულია შენს ნაცვლად, წამის მეათასედებით ადრე, ვიდრე ამას გააცნობიერებ.
ეს არ არის ფანტასტიკური ფილმის სიუჟეტი, ეს არის მეცნიერული ფაქტი, რომელიც ადამიანის ტვინის მუშაობას ეხება.
წარმოიდგინე აისბერგი. ჩვენ მხოლოდ მის ზედა ნაწილს ვხედავთ. ეს არის ჩვენი ცნობიერება — ჩვენი აზრები, ანალიზი, ლოგიკა, მაგრამ წყლის ქვეშ იმალება უზარმაზარი, უხილავი ყინულის მასა. ეს არის ჩვენი ქვეცნობიერი.
ნეირო ბიოლოგების შეფასებით ჩვენი გონებრივი საქმიანობის დაახლოებით 95% სწორედ იქ, ამ დაფარულ სიღრმეებში მიმდინარეობს. ეს არის ნეირონული აქტივობის უზარმაზარი, მდუმარე ნაკადი, რომელიც ყოველ წამს აყალიბებს ჩვენს ჩვევებს, განსაზღვრავს ჩვენს შიშებს, კარნახობს ჩვენს მოულოდნელ იმპულსებს და აშენებს ჩვენი რწმენების საფუძველს.
თანამედროვე მეცნიერების უახლეს მონაცემებზე დაყრდნობით,გავარკვევთ როგორ მუშაობს სინამდვილეში ეს შინაგანი ავტოპილოტი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
მაშ რა არის ეს იდუმალი ძალა, რომელსაც ქვეცნობიერს ვუწოდებთ? მეცნიერების თვალსაზრისით ქვეცნობიერი არ არის ცალკე არსება. ის უფრო ჰგავს თქვენი ტვინის უმძლავრეს ოპერატიულ სისტემას, რომელიც ფონურ რეჟიმში მუშაობს. ეს არის ყველა იმ ნეირონული პროცესის ერთობლიობა, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენი პირდაპირი, კონცენტრირებული ყურადღების გარეშე.
ქვეცნობიერი პასუხს აგებს ავტომატურ ფუნქციებზე, გულისცემისა და სუნთქვის შენარჩუნებიდან დაწყებული, ისეთ რთულ უნარებამდე, როგორიცაა სიარული, ავტომობილის მართვა ან მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა მრავალ საათიანი ვარჯიშის შემდეგ, მაგრამ მისი როლი გაცილებით ფართოა. სწორედ ქვეცნობიერში თითქოს მყარი დისკივით, ინახება მთელი ჩვენი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, ყველა მოგონება, ათვისებული წესი და ემოციური რეაქცია.
რატომ არის მისი მუშაობის გაგება თითოეული ჩვენგანისთვის ასე მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ სწორედ იქ ამ ნეირონულ ქსელებში, არის ჩაწერილი ის პროგრამები, რომლებიც ცხოვრებაში ხელს გვიშლის.
პროგრამა რომელიც გაიძულებს ისევ და ისევ გადადო მნიშვნელოვანი საქმეები,მიუხედავად იმისა რომ ცნობიერად კარგად ხვდები მათ აუცილებლობას. პროგრამა რომელიც გიბიძგებს აირჩიო ემოციურად მიუწვდომელი პარტნიორები და მუდმივად გაიმეორო ერთი და იგივე ცხოვრებისეული სცენარი. ან პროგრამა რომელიც მხოლოდ საჯაროდ გამოსვლის გაფიქრებაზეც კი ძლიერ შიშს იწვევს.
ამ ყველაფრის მხოლოდ ნებისყოფით შეცვლის მცდელობა იგივეა, რაც კომპიუტერს უყვირო რომ უფრო სწრაფად იმუშაოს, მაგრამ არ შეცვალო მისი მოძველებული პროგრამული უზრუნველყოფა.
თავდაპირველად გავარკვევთ როგორ ყალიბდება ეს ქვეცნობიერი პროგრამები და რატომ მყარდება ისინი ასე მტკიცედ ჩვენს ტვინში. როგორ ხვდება ინფორმაცია საერთოდ ჩვენს ქვეცნობიერში და როგორ გადაიქცევა ის მყარ, თითქმის ურღვევ რწმენებად.
ტვინი — ავტოპილოტი. როგორ ყალიბდება ქვეცნობიერი პროგრამები? იმისთვის რომ გავიგოთ როგორ მუშაობს ქვეცნობიერი, პირველ რიგში უნდა გავითავისოთ ჩვენი ტვინის ერთი ფუნდამენტური თვისება — ნეირო პლასტიკურობა.
დიდი ხნის განმავლობაში მეცნიერებაში გაბატონებული იყო მოსაზრება, რომ ზრდასრული ადამიანის ტვინი სტატიკურია, თითქოს გამაგრებული ბეტონი. ითვლებოდა, რომ ძირითადი ნეირონული კავშირები ბავშვობაში ყალიბდება, შემდეგ კი მთელი ცხოვრება იმით ვცხოვრობთ რაც უკვე ჩამოყალიბებულია, მაგრამ დღეს ტვინის სკანირების თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ვიცით, რომ ეს ასე არ არის. თქვენი ტვინი მთელი ცხოვრების განმავლობაში საოცრად პლასტიკურია. ის ფიზიკურად იცვლება თქვენი ყოველი გამოცდილების, ყოველი აზრისა და ყოველი მოქმედების საპასუხოდ.
წარმოიდგინეთ თქვენი ტვინი არა როგორც ლოდი, არამედ როგორც ხშირი ტყე. ყოველი განმეორებადი აზრი ან მოქმედება ამ ტყეში ბილიკია. რაც უფრო ხშირად გაივლით ამ ბილიკზე, მით უფრო ფართო და თვალსაჩინო გახდება იგი, სანამ ფართო კარგად გატკეპნილ გზად არ გადაიქცევა. ხოლო მიტოვებული ბილიკები დროთა განმავლობაში ბალახითა და ბუჩქებით იფარება. სწორედ ეს არის ნეირო პლასტიკურობა მოქმედებაში.
მაგრამ როგორ წყვეტს ტვინი რომელი ბილიკი გადააქციოს ავტომატურ პროგრამად? ამისთვის არსებობს მარტივი, მაგრამ ძალზე ძლიერი ფორმულა, განმეორება + ემოცია.
ჩვენი ტვინი წარმოუდგენლად ენერგომოხმარებადი ორგანოა. ის სხეულის მთელი ენერგიის დაახლოებით 20%-ს მოიხმარს, ამიტომ მისი მთავარი ამოცანაა რესურსების დაზოგვა, ხოლო დაზოგვის ყველაზე ეფექტური გზა — ავტომატიზაციაა.
გაიხსენეთ როგორ სწავლობდით ავტომობილის მართვას.თავიდან ყოველი მოქმედება უზარმაზარ კონცენტრაციას მოითხოვდა. პედლების დაჭერა, სარკეში ჩახედვა, მოსახვევის მაჩვენებლის ჩართვა, პედლის ნელა გაშვება...ტვინი მთელი სიმძლავრით მუშაობდა, მაგრამ ასობით გამეორების შემდეგ ეს პროცესი ავტომატური გახდა. აღარ ფიქრობთ თითოეულ მოქმედებაზე. თქვენი ხელები და ფეხები ყველაფერს თავად აკეთებენ. ეს პროგრამა უკვე ჩაიწერა ქვეცნობიერში.
ზუსტად ასე იწერება ჩვევა ყოველ ხუთ წუთში ერთხელ ტელეფონის აღების, ან სტრესის დროს ტკბილეულის ჭამის.პირველ რამდენიმე შემთხვევაში ეს ცნობიერი არჩევანია. მეასე გამეორების შემდეგ კი — ავტომატური პროგრამა, რომელიც უკვე თქვენი მონაწილეობის გარეშე ირთვება.
ფორმულის მეორე კომპონენტია ემოცია. ძლიერი ემოცია ნეირონული კავშირებისთვის მყისიერი წებოსავით მუშაობს. ის პირდაპირ „აწებებს“ გამოცდილებას თქვენს მეხსიერებაში და მას გადარჩენისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან მოვლენად აღნიშნავს.
წარმოიდგინეთ პატარა ბავშვი რომელიც მშვიდად თამაშობს პარკში. უცებ მასზე დიდი ძაღლი ხმამაღალი ყეფით გაიქცევა. ბავშვი მწვავე ყოვლის მომცველ შიშს განიცდის. ამ მომენტში მისი ტვინი მყისიერად ქმნის ძალიან ძლიერ ნეირონულ კავშირს. ძაღლი = საფრთხე = შიში. შესაძლოა ეს ერთადერთი შემთხვევაც საკმარისი აღმოჩნდეს, რომ ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩამოუყალიბდეს კინოფობია —ძაღლებისადმი ირაციონალური შიში.
ცნობიერად მას შეიძლება ესმოდეს, რომ ეს პატარა, საყვარელი ლეკვი, რომელიც საბელზეა მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ მისი ქვეცნობიერი, როგორც კი სიგნალს „ძაღლი“ იღებს, მყისიერად რთავს უძველეს პროგრამას — „იბრძოლე ან გაიქეცი“, რაც იწვევს გულისცემის აჩქარებასა და პანიკას.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტვინი ინფორმაციას მხოლოდ ცნობიერ დონეზე არ ამუშავებს. ამ პროგრამებთან მუშაობის დასაწყებად პირველ რიგში საჭიროა მათი დანახვა. მაშ ასე, გავიგეთ როგორ იწერს ჩვენი ტვინი ენერგიის დაზოგვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით ამ ავტომატურ პროგრამებს.
პოპულარულ კულტურასა და თვით განვითარების მრავალ წიგნში ქვეცნობიერი ხშირად წარმოდგენილია, როგორც ყოვლის შემძლე მარიონეტების მმართველი. გვეუბნებიან, რომ ჩვენ მხოლოდ მარიონეტები ვართ, რომელთა ძაფებს ეს იდუმალი დაფარული ძალა მართავს. ხოლო ჩვენი ცნობიერება უბრალოდ პასიური დამკვირვებელია, რომელიც მხოლოდ მოგვიანებით იგონებს ახსნას იმ გადაწყვეტილებებისთვის, რომლებიც ქვეცნობიერმა უკვე მიიღო. უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იდეა ძალიან მიმზიდველია, ის პასუხისმგებლობას გვიხსნის.
„დიეტა მე კი არ დავარღვიე ეს ჩემმა ქვეცნობიერმა მაიძულა,რომელიც სტრესის ჭამაზეა დაპროგრამებული“.
„არასწორი პარტნიორი მე კი არ ავირჩიე,ეს ჩემი ქვეცნობიერია რომელიც გარკვეული ტიპის ადამიანებს მიზიდავს“.
მოსახერხებელია, არა?
თანამედროვე კოგნიტიკური მეცნიერება მოგვიწოდებს, ამ საკითხს გაცილებით ფხიზლად შევხედოთ. ის გვთავაზობს სრულიად ახალ ანალოგიას — გადაბრუნებულ აისბერგს.
ამ მოდელის მიხედვით ჩვენი გონების დიდი, ძირითადი ნაწილი ცნობიერება წყლის ზედაპირზეა, ხილული და ჩვენთვის ხელმისაწვდომი. ხოლო ქვეცნობიერი ანუ ავტომატური პროცესები, მხოლოდ მცირე დამხმარე ნაწილია. ეს არ ნიშნავს, რომ ქვეცნობიერი უმნიშვნელოა. ის უზარმაზარ სამუშაოს ასრულებს ყოველდღიური რუტინის ავტომატიზაციაში და ამით ცნობიერებას ათავისუფლებს უფრო რთული, შემოქმედებითი და სტრატეგიული ამოცანებისთვის, მაგრამ ის დიქტატორი არ არის, ის მაღალ ეფექტური ასისტენტია და არა გენერალური დირექტორი. ჩვენ ჩვენი ცხოვრების ავტორები ვართ და არა უბრალოდ მაყურებლები.
რას ცვლის ეს ჩვენთვის? ყველაფერს. ეს ახალი ხედვა გვიბრუნებს კონტროლსაც და პასუხისმგებლობასაც. ის გვეუბნება რომ საკუთარ გადაწყვეტილებებზე გაცილებით მეტი ძალაუფლება გვაქვს, ვიდრე გვგონია.
ქვეცნობიერი იმპულსები და ძველი ჩვევები ნამდვილად არსებობს. ისინი გარკვეული მიმართულებით გვიბიძგებენ როგორც ქარის ნაკადი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვაქვს ცნობიერი არჩევანი — ავყვეთ ამ ქარს თუ აფრები სხვა მიმართულებით გავშალოთ და მის საწინააღმდეგოდ გავცუროთ. ეს უფრო რთულია. ეს ძალისხმევას მოითხოვს, მაგრამ ეს შესაძლებელია.
ეს ამტკიცებს რომ ცნობიერებასა და ქვეცნობიერს შორის არსებობს ხიდი. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ როგორ გამოვიყენოთ ცნობიერად ის სიგნალები, რომლებიც ჩვენი ტვინის სიღრმეებიდან მოდის, ნაცვლად იმისა, რომ მათი ბრმა შემსრულებლები ვიყოთ.
შესაძლოა სანამ დიეტას დაარღვევდით და ტორტს შეჭამდით, ათი წუთის განმავლობაში საკუთარ თავს არწმუნებდით, რომ ერთი ნაჭერი არაფერს დაგიშავებდათ. ეს უკვე ცნობიერი არჩევანი იყო.
საკუთარ ქმედებებზე სრული პასუხისმგებლობის აღება საკუთარი თავის დასჯას არ ნიშნავს. პირიქით ეს უდიდესი შინაგანი ძალის წყაროა, რადგან თუ თქვენი ქმედებების მიზეზი თქვენ თვითონ ხართ, მაშინ მათი შეცვლის მიზეზიც თქვენვე შეგიძლიათ გახდეთ.
მას შემდეგ რაც გავაცნობიერებთ, რომ ჩვენი ქვეცნობიერის უმწეო მსხვერპლები კი არა, პროცესის აქტიური მონაწილეები ვართ, შეგვიძლია გადავიდეთ ყველაზე საინტერესო ნაწილზე - მეცნიერულად დასაბუთებულ ინსტრუმენტებზე, რომლებიც მიზანმიმართულად დაგვეხმარება საკუთარ ტვინთან მუშაობაში. თუ ჩვენი ტვინი პლასტიკურია და ჩვენ ცნობიერი კონტროლის უნარი გაგვაჩნია, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია მიზანმიმართულად შევქმნათ ახალი, უფრო ჯანსაღი ბილიკი.
შეგიძლიათ გააკეთოთ რამდენიც გინდათ მედიტაცია და ვიზუალიზაცია, მაგრამ თუ რეალურ ცხოვრებაში კვლავ ძველი ჩვევებით მოქმედებთ, ტვინი ვერ მიიღებს ყველაზე მნიშვნელოვან სიგნალს, რომელიც ცვლილებისთვის არის საჭირო.
ჩვენ შეჩვეულები ვართ პირიქით ფიქრს. „როცა საკუთარ თავში დარწმუნებული გავხდები,მაშინ მივალ და ვინმეს გავიცნობ“. ან „როცა შთაგონება მოვა,მაშინ დავჯდები სამუშაოდ“. მეცნიერება გვიჩვენებს რომ ეს ფორმულა არ მუშაობს. ტვინი იცვლება მოქმედების საპასუხოდ და არა მოლოდინის. სწორი ფორმულა ასე ჟღერს: „მივალ და გავიცნობ ვინმეს, რათა უფრო თავდაჯერებული გავხდე“. „დავჯდები და 15 წუთს ვიმუშავებ, რათა შთაგონება მოვიდეს“.
მოქმედება არის ყველაზე ძლიერი და ყველაზე მკაფიო ბრძანება თქვენი ტვინისთვის, დაიწყოს ნეირო პლასტიკური გარდაქმნის პროცესი. თქვენი ახალი ქცევა პირდაპირ უმტკიცებს თქვენს ქვეცნობიერს, რომ ძველი პროგრამა — „მე საკუთარ თავში დარწმუნებული არ ვარ“ უკვე აღარ შეესაბამება რეალობას.
მაგრამ როგორ ვაიძულოთ საკუთარი თავი მოქმედებას, როდესაც ძველი პროგრამები მთელი ძალით გვეწინააღმდეგებიან? ზოგჯერ კი მიკროსკოპული ნაბიჯების ძალაშია. ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი რომ ნებისმიერი მკვეთრი და მასშტაბური ცვლილების მიმართ წინააღმდეგობას იჩენს, რადგან მათ სტაბილურობისთვის საფრთხედ აღიქვამს.
თუ არასოდეს გივარჯიშიათ და უცებ გადაწყვეტთ, რომ ორშაბათიდან ყოველდღე ორ კილომეტრს ირბენთ, დიდი ალბათობით ტვინი ამ გადაწყვეტილებას დაასაბოტაჟებს და ას მიზეზს მოგიძებნით,რატომ არ უნდა გააკეთოთ ეს.ამის ნაცვლად გამოიყენეთ პატარა ხრიკი. მიზანი ჩამოაყალიბეთ, როგორც ყველაზე მარტივი შესაძლო ფიზიკური მოქმედება. არა „სირბილს ვიწყებ“, არამედ „სპორტულ ფეხსაცმელს ჩავიცვამ და ორი წუთით სახლიდან გავალ“.
ეს იმდენად მარტივია რომ ტვინს წინააღმდეგობის გაწევის მიზეზი აღარ ექნება. როდესაც ამ მიკრო-მოქმედებას შეასრულებთ, მიიღებთ დოფამინის ჯილდოს, ჰორმონის მცირე დოზას. ტვინი ამ პოზიტიურ გამოცდილებას დაიმახსოვრებს. მეორე დღეს ამ მოქმედების გამეორება უკვე ცოტათი უფრო ადვილი იქნება. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ თქვენ ახალ ჩვევას აყალიბებთ ძველ პროგრამებთან პირდაპირი დაპირისპირების გარეშე. ასე თქვენ საკუთარ სხეულსა და ქვეცნობიერს ახალ რეაგირებას ასწავლით.
თქვენ არ ელოდებით რწმენას, რათა მოქმედება დაიწყოთ. თქვენ მოქმედებთ იმისთვის, რომ საკუთარი თავის რწმენა შეიძინოთ. როგორც ნეირო ბიოლოგები ამბობენ, თითოეული ჩვენგანი ერთდროულად მოქანდაკეც არის და თიხაც. თქვენი ყოველი გაცნობიერებული გადაწყვეტილება, ყოველი ახალი აზრი და ყოველი პატარა მოქმედება, რომელიც ძველ ჩვევას ეწინააღმდეგება, მოქანდაკის საჭრისის თითოეული დარტყმაა. ეს დარტყმები ნელა, მაგრამ შეუქცევადად ცვლის თქვენი ხასიათის, პიროვნებისა და საბოლოოდ თქვენი ბედის ფორმას.
ახლა კი ეზოტერულად ავხსნი, ქვეცნობიერში არა მხოლოდ ამ ცხოვრების, არამედ ყველა წინა ცხოვრებების გამოცდილება, დაუმუშავებელი გაკვეთილები, ნეგატიური მოვლენები, მოკლედ ყველაფერი მასში იწერება, წარმოიდგინეთ როგორც ერთგვარი „ფლეშკა“. ყველა ინკარნაციაში ეს ერთი ფლეშკა თან დაჰყვება სულს.
რადგანაც აქ ჩაწერილია ყველა ის შიშები, ბლოკები, პრობლემები ყველა წინა და ამ ცხოვრების, რომელიც ახლა გვიქმნის პრობლემებს, ამიტომ ადამიანმა უნდა გააცნობიეროს, რომ ქვეცნობიერთან მუშაობა აუცილებელია და სასარგებლო.
დასკვნა: თქვენ ხართ საკუთარი ცხოვრების, რეალობის და საკუთარი ტვინის მოქანდაკე...
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 ლელა წურწუმია და მამულიჩა ბათუმში ისვენებენ - წყვილის კადრები საცურაო აუზიდან
⭕„ჩვენ რომ ვიცით ისე უნდა იყო, მრავალჟამიერ!“ - ანეტა ნიკურაძის მილოცვა გიორგი ჭოხონელიძეს