როდესაც წყვილი შვილის გაჩენას ცდილობს, ყველა სამედიცინო მაჩვენებელი და ანალიზი ნორმაშია, თუმცა ორსულობა მაინც არ დგება.
ასეთ დროს მედიცინა იყენებს ტერმინს „იდიოპათიური უშვილობა“ (უშვილობა დაუდგენელი მიზეზით), ფსიქოლოგია კი ამ მოვლენას ფსიქოლოგიურ უშვილობას უწოდებს.
ფსიქოლოგიური უშვილობა არ ნიშნავს, რომ ქალი იტყუება ან იგონებს პრობლემას. ეს არის მდგომარეობა, როდესაც გაუცნობიერებელი შიშები, ტრავმები და შინაგანი კონფლიქტები იმდენად ძლიერია, რომ სხეული რთავს „თავდაცვის რეჟიმს“ და ბლოკავს რეპროდუქციულ ფუნქციას.
ბიოლოგიურად, გამრავლება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა ორგანიზმი თავს უსაფრთხოდ გრძნობს. თუ ქალი მუდმივ სტრესშია (სამსახური, ფინანსები, დაძაბული ურთიერთობები, ან თავად დაორსულების მანიაკალური სურვილი), მისი ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით კორტიზოლსა და ადრენალინს.
ევოლუციურად სხეული ასე ფიქრობს: „გარშემო საფრთხეა, ომია, ახლა შვილის გაჩენის დრო არ არის“. ამიტომ, ის თიშავს რეპროდუქციულ სისტემას, რათა ენერგია გადარჩენისკენ მიმართოს.
ქალის გონება შეიძლება აქტიურად ითხოვდეს დედობას, მაგრამ მისი ქვეცნობიერი პანიკურად უფრთხოდეს მას. ყველაზე გავრცელებული ფარული შიშებია:
სხეულის შეცვლის შიში: შიში იმისა, რომ ორსულობა და მშობიარობა დააზიანებს სხეულს, დააკარგვინებს მიმზიდველობას და შეამცირებს მის ღირებულებას.
თავისუფლების დაკარგვის შიში: გაუცნობიერებელი დარდი იმაზე, რომ ბავშვის გაჩენა დაასრულებს მის კარიერას, პიროვნულ განვითარებას და სპონტანურ ცხოვრებას.
მშობიარობის შიში (ტოკოფობია): ტკივილისა და პროცესზე კონტროლის დაკარგვის პანიკური შიში.
თუ ქალს ბავშვობაში ჰქონდა ცივი, დისტანციური, ან პირიქით ზედმეტად მაკონტროლებელი ურთიერთობა საკუთარ დედასთან, ქვეცნობიერში რჩება ჩანაწერი: „დედობა ტანჯვაა“, ან „მეც ისეთივე ცუდი დედა ვიქნები, როგორიც ჩემი იყო“.
ხშირად, ტრავმული ბავშვობის მქონე ქალის შინაგანი ბავშვი თავად ითხოვს სითბოს და დაცვას, შესაბამისად, ის ფსიქოლოგიურად ჯერ კიდევ არ არის მზად, რომ თავად გახდეს მზრუნველი ფიგურა სხვისთვის.
შესაძლოა ქალს ძალიან უყვარს თავისი პარტნიორი, მაგრამ ღრმად, ქვეცნობიერში არ იყოს დარწმუნებული მის საიმედოობაში.
- „დამეხმარება ბავშვის გაზრდაში?“
- „ხომ არ მიმატოვებს?“
- „რამდენად სტაბილურია ჩვენი ურთიერთობა?“
- „რომ მიღალატოს ორსულობისას ან ბავშვით, რა უნდა ვქნა მერე“.
თუ სხეული პარტნიორს ვერ აღიქვამს საიმედო საყრდენად, ის თავს იკავებს მასთან შთამომავლობის გაგრძელებისგან. ( არაცნობიერად მიდის ეს პროცესი როგორც წესი და მზაობა არ დგას აღიარების”).
ეს თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა. როცა ქალი დაორსულებას აქცევს მიზნად, რომელსაც ნებისმიერ ფასად უნდა მიაღწიოს. ურთიერთობა კარგავს სიამოვნების ფუნქციას და ხდება „სამუშაო“, რომელიც ოვულაციის კალენდრის მიხედვით ინიშნება.
ეს მუდმივი მოლოდინი და ყოველი თვის ბოლოს განცდილი იმედგაცრუება ქმნის უზარმაზარ ფსიქოლოგიურ წნეხს. რაც უფრო ძლიერია დაორსულების ჩაციკლული სურვილი, მით უფრო ძლიერად იბლოკება სხეული.
რა არის გამოსავალი?
ფსიქოლოგიური უშვილობის დაძლევა იწყება არა სამედიცინო ჩარევით, არამედ საკუთარ თავთან გულწრფელი დიალოგით და სხეულთან კავშირის აღდგენით.
უარი თქვით ჰიპერკონტროლზე. ბავშვი ჩნდება სივრცეში, სადაც არის სიმშვიდე და სიამოვნება და არა იქ, სადაც სტრესი და მკაცრი გრაფიკია.
მიეცით საკუთარ თავს უფლება, გეშინოდეთ. ნორმალურია გაშინებდეთ ფიგურის შეცვლა ან კარიერის პაუზა. ამ შიშების აღიარება ამცირებს მათ გავლენას.
ვინაიდან ემოციები სხეულში გროვდება, მნიშვნელოვანია მოდუნების სწავლა და სხეულისთვის იმის დაჯერება, რომ „აქ და ახლა უსაფრთხო გარემოა” .
სხეული არასდროს არის ჩვენი მტერი. ფსიქოლოგიური უშვილობა მხოლოდ მისი მცდელობაა, დაგვიცვას იმ საფრთხეებისგან, რომლებსაც ჩვენი გონება შეგნებულად თუ ქვეცნობიერად ხედავს. როგორც კი ფსიქიკა მშვიდდება და შინაგანი კონფლიქტები გვარდება, სხეულიც ბუნებრივად იხსნება ახალი სიცოცხლის მისაღებად.
ასევე დაგაინტერესებთ: