Digest Logo

რა სჭირდება ახალშობილს სიცოცხლის პირველ წუთებში? - ფსიქოლოგი საწყისი კონტაქტის მნიშვნელობაზე

1793773476
ნინი დგებუაძე

ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და იმ კრიტიკულად მნიშვნელოვან ფაქტორებზე საუბრობს, რასაც ახალშობილი სამყაროში შემოსვლის პირველ წუთებსა და საათებში საჭიროებს.

სპეციალისტის განმარტებით, დაბადება ადამიანის ცხოვრებაში ყველაზე რადიკალური ეგზისტენციალური ცვლილებაა, ხოლო პირველი წუთების განმავლობაში დედის სითბო, კანით კანთან კონტაქტი და რბილი გარემო ბავშვის ფსიქიკაში „პირველადი უსაფრთხო ბაზისისა“ და სამყაროს მიმართ საბაზისო ნდობის ჩამოყალიბების საფუძველი ხდება.

„რა სჭირდება ახალშობილს, სამყაროში შემოსვლის პირველ წუთებში?

წარმოიდგინეთ, რომ უეცრად გეცლებათ ნიადაგი, გარე სამყაროს ტემპერატურა მკვეთრად ეცემა, ირგვლივ ინთება ბრმადმჭრელი შუქი და ჰაერი პირველად გისერავს ფილტვებს. ცხრა თვის განმავლობაში ნაცნობი, მჭიდრო, უსაფრთხო, წყლის რიტმული სამყარო ერთ წამში ქრება და მის ნაცვლად ჩნდება უსასრულო სიცარიელე, სადაც გრავიტაცია მთელი სიმძიმით გაწვება სხეულზე.

დაბადება ადამიანის ცხოვრებაში პირველი და ყველაზე რადიკალური ეგზისტენციალური ცვლილებაა.

როდესაც ახალშობილი პირველ ჩასუნთქვას აკეთებს, მისი ცნობიერება თუ სხეულებრივი მეხსიერება ინსტინქტურად ერთადერთ პასუხს ეძებს: „სად მოვხვდი? არის აქ ჩემთვის ადგილი? უსაფრთხოა ეს სამყარო თუ მტრული?“

ფსიქოლოგიური და სომატური თვალსაზრისით, სწორედ ამ პირველ წუთებსა და საათებში ეყრება საფუძველი იმას, რასაც განვითარების ფსიქოლოგიაში „პირველად უსაფრთხო ბაზისსა“ და „საბაზისო ნდობას“ ვუწოდებთ.

ეს ის უხილავი ფუნდამენტია, რომელზედაც შემდგომში ადამიანის ემოციური მდგრადობა, თვითშეფასება და სამყაროსთან ურთიერთობის უნარი შენდება.

დაბადებისთანავე ჩვილის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ მოუმწიფებელია მას არ შეუძლია საკუთარი ემოციური თუ ფიზიოლოგიური მდგომარეობის თვითრეგულაცია. როდესაც ბავშვს დაუყოვნებლივ აწვენენ დედის შიშველ მკერდზე, ხდება ფსიქოსომატური სასწაული.

დედის სხეული ასრულებს „ბუნებრივი მარეგულირებლის“ როლს:

ნაცნობი გულისცემა, რომელსაც ბავშვი მუცლადყოფნის 9 თვე უსმენდა, მყისიერად აგზავნის სიგნალს ტვინში: „ჩვენ ისევ ერთად ვართ, საფრთხე აღარ არსებობს“.

დედის სხეულის ტემპერატურა ავტომატურად ერგება ახალშობილის საჭიროებას, ათბობს მას და ამცირებს კორტიზოლის სტრესის ჰორმონის დონეს.

დედის კანის ბუნებრივი მიკრობიომი და ამნიონური სითხის ნარჩენი სურნელი ბავშვისთვის ყველაზე ძლიერი სენსორული დასაყრდენია.

თუ ახალშობილს დედის მუცელზე დავაწვენთ და პროცესს ხელოვნურად არ დავაჩქარებთ, თვალწინ საოცარი ფენომენი გადაგვეშლება: ჩვილი ინსტინქტურად, ხელების და ფეხების ნელი მოძრაობით, თავად იწყებს მიცოცებას ძუძუსკენ.

ფსიქოლოგიური კუთხით, ეს ბავშვის პირველი დამოუკიდებელი მოქმედებაა ახალ გარემოში. როცა მას არ „აჩეჩებენ“ საკვებს, არამედ აძლევენ დროს და სივრცეს, რომ თავად მიაღწიოს მიზანს, მის ფსიქიკაში პირველი გამარჯვება იწერება: „მე შემიძლია ჩემი იმპულსის გაყოლა, ჩემს ძალისხმევას შედეგი მოაქვს და სამყარო მპასუხობს“. ეს არის მომავალი ნებისყოფის და თვითეფექტურობის პირველადი ჩანასახი.

საშვილოსნოდან გამოსული ჩვილი სენსორული შოკის რისკის ქვეშაა. მკვეთრი საოპერაციო შუქი, მეტალის ინსტრუმენტების ხმაური და ხმამაღალი საუბარი მის ნერვულ სისტემას გადატვირთვისკენ უბიძგებს. სწორედ ამიტომ, დაბადების სივრცეში აუცილებელია ნახევრად ჩაბნელებული, რბილი გარემო.

საინტერესოა, რომ ახალშობილის მხედველობა მკაფიოდ ფოკუსირდება მხოლოდ 20–25 სანტიმეტრის რადიუსში ეს ზუსტად ის მანძილია, რომელიც მკერდზე მწოლიარე ბავშვსა და დედის თვალებს შორისაა. პირველი მზერითი კონტაქტი ააქტიურებს ორივე მხარეს ოქსიტოცინის ძლიერ ტალღას, რაც მიჯაჭვულობის ღრმა ემოციურ ძაფებს აბამს.

სანამ ჭიპლარი პულსირებს, ბავშვი ჯერ კიდევ დედის სისხლის მიმოქცევასა და ჟანგბადზეა მიბმული. ჭიპლარის დაუყოვნებელი გადაჭრის ნაცვლად, პულსაციის ბუნებრივ დასრულებამდე დაცდა ფსიქოლოგიურადაც უმნიშვნელოვანესია: განცალკევება ხდება ეტაპობრივად და არა ძალადობრივად. ბავშვი ფილტვებით სუნთქვას იწყებს თანდათანობით, პარალელური საყრდენის ფონზე, რაც ასფიქსიურ პანიკას გამორიცხავს.

საშვილოსნოს შეზღუდული სივრციდან უსაზღვრო ოთახში აღმოჩენა ხშირად იწვევს „ვარდნის განცდას“ (მოროს რეფლექსი). სწორედ ამიტომ, ჩვილს სჭირდება მთელი ხელისგულით, მყარი, მშვიდი და მომცველი შეხება (და არა თითის წვერებით ფრთხილი მოფერება, რაც ხშირად პირიქით, აღიზიანებს ნერვულ სისტემას). ხელის დადება ზურგზე, თავზე ან მკერდზე მჭიდროდ მიკვრა მას უბრუნებს საკუთარი სხეულის საზღვრებს: „მე აქ ვარ, მე არ ვიშლები, მე დაცული ვარ“.

თუ გარკვეული სამედიცინო მიზეზების გამო დედასთან კონტაქტი პირველ წუთებში შეუძლებელია, ეს როლი სრულად შეუძლია აიღოს მამამ. მამის შიშველ მკერდზე წოლა და მისი ხმის გაგონება რომელიც ბავშვს ასევე მშვენივრად ახსოვს ზუსტად იმავე მარეგულირებელ ფუნქციას ასრულებს. ( სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ორსულობისას მამის, კონტაქტი დედასთან და ნაყოფთან).

ტრავმა ხშირად არა თავად მშობიარობის ფიზიკურ სირთულეში, არამედ მის შემდგომ გულგრილობაშია. რუტინული სამედიცინო პროცედურები აწონა, გაზომვა, დაბანა და დედისგან უმიზეზოდ მოწყვეტა პირველ ერთ საათში ბავშვისთვის აღიქმება როგორც მიტოვება და სრული დაუცველობა. პირველადი საცხი (Vernix), რომელიც ახალშობილის კანს ფარავს, არა მხოლოდ ფიზიკური დაცვაა, არამედ ნაცნობი სურნელის მატარებელიც, რომლის დაუყოვნებლივ ჩამობანა არასასურველია.

მშობიარობის მომენტში სამყარო პირველ რეპლიკას ეუბნება ახალშობილს.

თუ ეს რეპლიკა არის სიცივე, მარტოობა და უხეში მანიპულაციები, ბავშვის ფსიქიკა თავდაცვით პოზიციას იკავებს. მაგრამ თუ პირველი, რასაც ის გრძნობს, დედის კანის სითბო, გულისცემის მშვიდი რიტმი, მომცველი ხელები და რბილი მზერაა, ქვეცნობიერში უღრმესი რწმენა ისადგურებს: „სამყარო უსაფრთხოა. მე მელოდნენ. მე მიღებული ვარ“, - წერს ნინი დგებუაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ სატრანსპორტო კომპანია: მეტროსადგური „სარაჯიშვილი“ ესკალატორზე შექმნილი ტექნიკური ხარვეზის გამო მცირე ხნით ვერ მოემსახურება მგზავრებს

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 4 ნოემბერს საქართველოში

⭕ „ჩართეთ საყვარელი მუსიკა...“ - 4 ნოემბრის ენერგიები

✕