
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ შოვნაძე სოციალურ ქსელში მშობლებისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვან პოსტს აქვეყნებს, რომლის დახმარებითაც შეგიძლიათ გაიგოთ, რა შედეგები მოაქვს მშობლის ემოციურ მიუწვდომლობას შვილის ბავშვობასა და ზრდასრულ ცხოვრებაში:
„რა შედეგები მოაქვს მშობლის ემოციურ მიუწვდომლობას შვილის ბავშვობასა და ზრდასრულ ცხოვრებაში?
შედეგები ბავშვობაში:
ემოციების მართვის სირთულე:
წარმოიდგინეთ, რომ ბავშვს ხშირად ესმის ფრაზებს: „ნუ ტირი“, „ამის როგორ გეშინია“. შედეგად, ის სწავლობს, რომ ემოციები ცუდია და უნდა ჩაახშოს. ასეთი გამოცდილებით, ბავშვი ვერ სწავლობს ემოციების ამოცნობასა და ჯანსაღი ფორმით გამოხატვას. მოგვიანებით, ეს შეიძლება გამოიხატოს ბრაზის აფეთქებებით, შფოთვით ან საკუთარ თავში ჩაკეტვით.
თვითშეფასების სირთულეები:
როდესაც ბავშვის ემოციები უგულებელყოფილია, ის ავტომატურად ფიქრობს, რომ თავად არ არის მნიშვნელოვანი. ის იჯერებს, რომ მისი აზრები და ემოციები არ იმსახურებს ყურადღებას. ეს რწმენა მას მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვება.
ქცევითი პრობლემები:
ბავშვისთვის მშობლის ყურადღება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. თუ ის გრძნობს, რომ ყურადღებას ვერ იღებს, შედეგად შესაძლოა არასასურველი ქცევით ეცადოს მშობლის რეაქციის გამოწვევას. ასე კი ნამდვილად იღებს მშობლის ყურადღებას, რაც თავისთავად უკეთესია მისთვის, ვიდრე უგულებელყოფა.
შედეგები ზრდასრულ ასაკში:
პრობლემები ურთიერთობებში:
ზრდასრული ადამიანი, რომელსაც ემოციურად მიუწვდომელი მშობელი ჰყავდა, ხშირად თავადაც ირჩევს ემოციურად მიუწვდომელ პარტნიორს. ეს მისთვის ნაცნობი მოდელია. მას უჭირს სიახლოვის დამყარება, ემოციების გაზიარება და შესაძლოა, ქვეცნობიერად ელოდებოდეს, რომ საყვარელი ადამიანიც უარყოფს ან დასცინებს მის გრძნობებს.
ემოციური სიცარიელე და მარტოობა:
მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანს შეიძლება ბევრი მეგობარი ჰყავდეს და სოციალური კავშირები ჰქონდეს, ის ხშირად თავს მარტოდ გრძნობს. მისთვის რთულია ღრმა, სულიერი კავშირის დამყარება, რაც იწვევს შინაგან სიცარიელეს, რომლის შევსებაც არ იცის.
შფოთვა და დეპრესია:
ემოციების მუდმივი ჩახშობა სერიოზულ ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს. დაგროვილი და გამოუხატავი ემოციები, ტკივილი ხშირად გადაიზრდება შფოთვაში, პანიკურ შეტევებში ან დეპრესიაში.
პერფექციონიზმი და შრომაჰოლიზმი:
ასეთი გამოცდილებით ადამიანები ხშირად ცდილობენ საკუთარი ღირებულების დამტკიცებას მიღწევებითა და წარმატებით. მათ ბავშვობაში ასწავლეს, რომ მათი ღირებულება იმაზე იყო დამოკიდებული, თუ რას აკეთებდნენ და არა იმაზე, თუ ვინ იყვნენ.
ასე, რომ ყველაფერი ნამდვილად ბავშვობიდან უწყება, თუმცა ზრდასრულობაში უკვე ჩვენი არჩევანი და პასუხისმგებლობაა, გავაცნობიეროთ. გაცნობიერებით და ჯანსაღი ემოციური უნარების სწავლით, შესაძლებელია გაცნობიერებულად ვიცხოვროთ. ეს კი მნიშვნელოვან, დადებით გავლენას იქონიებს ჩვენ შვილებთან ურთიერთობაზე“, - წერს მარიამ შოვნაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ასე მგონია, რომ ჩემთვის დაიბადე... ჩემი სიყვარული“ - გელა დონაძე იუბილარია
⭕ნატალია ქუთათელაძეს მამა გარდაეცვალა - რას წერს მეცო-სოპრანო