![თეთრეული თეთრეული](https://digest.ge/uploads/files/2025/02/08/65022/tetreuli_w_h.jpeg)
თეთრეული პირდაპირ კონტაქტშია კანთან, შთანთქავს ოფლს და სხვა ბუნებრივ სეკრეციას. დროთა განმავლობაში მასზე გროვდება ბაქტერიები, მტვერი, ჭუჭყი და ზოგჯერ მტვრის ტკიპებიც, ამან შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება, ალერგია და ინფექციური დაავადებებიც კი. გარდა ამისა, ახალი თეთრეული უფრო სასიამოვნოა ორგანიზმისთვის, არ იწვევს დისკომფორტს და უზრუნველყოფს მშვიდ, ჯანსაღ ძილს; ამიტომაც თეთრეული რეგულარულად უნდა შეიცვალოს, განსაკუთრებით თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ.
რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოთ თეთრეული?
კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრეული, ისევე როგორც საძილე ტანსაცმელი, უნდა შეიცვალოს მინიმუმ ორ კვირაში ერთხელ, ზოგიერთ შემთხვევაში კი ყოველ კვირას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეთრეულის უფრო ხშირად გამოცვლა, თუ ოფლიანობა გაწუხებთ, გაქვთ ალერგია ან ასთმა, ან ღია ჭრილობები და ნაკაწრები და მით უმეტეს, თუ გძინავთ შინაურ ცხოველებთან ერთად ან გიყვართ საწოლში დიდხანს კოტრიალი და საუზმის მირთმევა.
თეთრეულის გამოცვლის სიხშირე დამოკიდებულია წელიწადის დროზე და დაბინძურების ხარისხზე - ზამთარში, როდესაც ფანჯრები იშვიათად იხსნება და ქუჩიდანაც მტვერი აქტიურად ვერ აღწევს, თეთრეულის გამოცვლა შეიძლება ნაკლებად ხშირად - თვეში ორჯერ. გამონაკლისი: თუ გათბობა მაღალ რეჟიმზე გაქვთ და ჭარბი ოფლიანობა გაწუხებთ.
გაზაფხულზე მცენარეები იწყებენ აყვავებას და ჰაერში მკვეთრად იმატებს ალერგენების რაოდენობა, მათ შეუძლიათ თეთრეულზე დასახლება, ამიტომ სჯობს მისი შეცვლა ყოველ კვირა.
ზაფხულში, განსაკუთრებით ცხელ ამინდში და კონდიციონერის გარეშე, თეთრეული განსაკუთრებით სწრაფად ჭუჭყიანდება, ამიტომ უმჯობესია მისი გამოცვლა 3-4 დღეში ერთხელ, შემოდგომის შუა რიცხვებში კი, როცა ტემპერატურა იკლებს და ბაქტერიები არც თუ ისე აქტიურია, შეგიძლიათ დაუბრუნდეთ თეთრეულის გამოცვლის ზამთრის რეჟიმს.
როცა თეთრეულის შეძენას გადაწყვეტთ, ყურადღებით წაიკითხეთ ეტიკეტზე მისი შემცველობა, მაქსიმალურად მოერიდეთ ხელოვნური მასალისგან შემდგარ თეთრეულს, უპირატესობა მიანიჭეთ მხოლოდ ნატურალურ მასალას, რადგან ის მარტივად შთანთქავს ოფლს, მტვერს და კანზე შეხება სასიამოვნო შეგრძნებას იწვევს, რაც არ ახასიათებს ხელოვნურ ქსოვილს.
რამდენად ხშირად უნდა გამოიცვალოს ბავშვებისა და ავადმყოფების თეთრეული?
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თეთრეულის ხშირი გამოცვლა ახალშობილებისა და მცირეწლოვანი, უმწიფარი იმუნური სისტემის მქონე ბავშვებისთვის, რადგან მათ სხეულს ჯერ კიდევ არ შეუძლია შეებრძოლოს ბაქტერიებსა და ალერგენებს. ასე რომ, რეკომენდებულია ახალშობილის თეთრეულის გამოცვლა 5 დღეში ერთხელ ან უფრო ხშირად. უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, ყოველდღიურ ჰიგიენას მიჩვეულებისთვისაც კი, თეთრეულის გამოცვლა შესაძლებელია არანაკლებ კვირაში ერთხელ.
ასევე ავადმყოფობის დროს მეტი სიხშირით უნდა გამოიცვალოთ საცვლები და თეთრეული და ეს ეხება არა მხოლოდ გაძლიერებულ ოფლიანობას, არამედ ინფექციების გავრცელებასაც. დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პაციენტებში თეთრეულის გამოცვლა ხდება ყოველ 4-5 დღეში, ინფექციების განვითარების თავიდან ასაცილებლად და სისუფთავის შესანარჩუნებლად.
როგორ გავრეცხოთ თეთრეული სწორად?
თეთრეულიდან ბაქტერიებისა და ალერგენების მოსაშორებლად რეკომენდებულია მისი გარეცხვა ცხელ წყალში და გაშრობის შემდეგ მაღალი ტემპერატურით დაუთოება.
ბავშვებისთვის და ავადმყოფებისთვის სახლში შინაური ცხოველების არსებობის შემთხვევაში და რთული ლაქების არსებობის შემთხვევაში სასურველია მაქსიმალური ტემპერატურის გამოყენება.
თუმცა, ახალი ნაკრების შეძენისას, ყურადღებით გაეცანით ეტიკეტს, არ დაგავიწყდეთ, რომ ატლასის და აბრეშუმისთვის საჭიროა გამოიყენოთ დელიკატური სარეცხი საშუალებები და სარეცხი რეჟიმები.
ბავშვებისთვის, ავადმყოფებისთვის და ალერგიული რეაქციების მქონე ადამიანებისთვის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ჰიპოალერგიული ფხვნილები და ქსოვილის დამარბილებელი საშუალებები.
ბალიშების და საბნების რეცხვა
ასევე უნდა გაირეცხოს ბალიშები და საბნები, რადგან მათშიც საკმაოდ გროვდება ოფლი, მტვერი და ბაქტერიები. ბალიშის და მატრასის გადასაფარებლები დამზადებულია არაჰერმეტული ქსოვილისგან და არ შეუძლია სრული დაცვა ჭუჭყისაგან. განაახლეთ ან/და გარეცხეთ ბალიშები და საბნები ყოველ 6 თვეში ერთხელ ან საჭიროებისამებრ.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕უნდა ამოვიღოთ თუ არა პური რაციონიდან სრულად და რა არის პურის დღიური ნორმა? - ქეთი ასათიანის რჩევები