მედიცინის დოქტორი, ოფთალმოლოგი და „ჩიჩუების სამედიცინო ცენტრი - მზერას“ რეფრაქციული ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო კობახიძე „კოტკასტის“ სტუმარი იყო, სადაც მან მხედველობასთან დაკავშირებულ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
იგი ამბობს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2030 წლისთვის მსოფლიო პოპულაციის ნახევარი იქნება ახლომხედველი:
- რატომ უარესდება ჩვენი მხედველობა?
ყველაზე მეტად გავრცელებული არის რეფრაქციული მანკები, რაც ნიშნავს ახლო, შორს მხედველობას, ასტიგმატიზმს.
ყურადსაღებია ახლომხედველობა, რადგან გვაქვს სტატისტიკა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ 2030 წლისთვის მსოფლიო პოპულაციის ნახევარი იქნება ახლომხედველი. ახლომხედველობა არის მზარდი, დაახლოებით 18 წლამდე იზრდება. ამას რა თქმა უნდა ხელი შეუწყო გაჯეტებთან ურთიერთობამ, მუდმივად მოჭიმულმა თვალებმა.
ძალიან მნიშვნელოვანია 18 წლამდე ბავშვები გავაკონტროლოთ იმისთვის, რომ არ მოგვცეს ახლომხედველობის ზრდა და შევამციროთ მათი ურთიერთობა გაჯეტებთან.
შემდეგი აქტუალური თემა ასაკის მატებასთან ერთად არის საკითხავი სათვალის საჭიროება. ეს ხდება იმიტომ, რომ თვალს ასაკთან ერთად უჭირს ახლოს მოიტანოს ფოკუსი. თვალის კუნთები დროთა განმავლობაში იღლება, ამიტომ 40-45 წლიდან საჭიროება იწყება სათვალის გამოყენების.
ასევე ყველაზე გავრცელებული უფრო დიდ ასაკში არის კატარაქტა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გავრცელებულია, ყოველ წუთში გვესმის, რომ კატარაქტის ქირურგია წარმატებულია, მაინც მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი მიზეზია სიბრმავის.
- გამოუსწორებელ ზიანს ხომ არ აყენებს გაჯეტების გამოყენება ბავშვის მხედველობას?
გენეტიკასთან ერთად ძალიან დიდი და მთავარი ფაქტორია მუდმივად ახლოს ყურება რაღაცის და ეს არის ტელეფონი. ბავშვთან მიმართებაში გაჯეტები მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ იქამდე, სანამ ორგანიზმი იზრდება და არის რისკი, გაიზარდოს ახლომხედველობა. მაქსიმალურად ვამყოფოთ ბავშვები მზეზე.
- რას ნიშნავს „ციფრული თვალის სინდრომი“ ?
21-ე საუკუნის ახალი სინდრომია, რაც აქამდე არ გვხვდებოდა, ეს არის კიდევ თვალის მუდმივი დაძაბულობა იმისთვის, რომ ისევ ახლოს უყუროს და პლუს თვალის სიმშრალე, რაც ძალიან გავრცელებულია ბოლო დროს. მუდმივად რაღაცას ვუყურებთ, აღარ ვახამხამებთ და ეს იწვევს თვალის სიმშრალეს. ამას მოჰყვება ათასი პრობლემა: დაძაბულობა, თავის ტკივილი, თვალის ტკივილი, დაღლილობა.
- როგორ ხდება „ზარმაცი თვალის“ მკურნალობა?
ეს არის მდგომარეობა, როცა რაც არ უნდა სწორი და დიდი ზომის სათვალე გავუკეთოთ ადამიანს, მისი მხედველობა მაინც არ უმჯობესდება, ან მხოლოდ ნაწილობრივ უმჯობესდება და ვერ აღწევს 100%. ეს ძირითადად ხდება იმის გამო, რომ ცალ თვალში გვაქვს ასტიგმატიზი, ან პლუსი, ტვინი კი გადაეწყობა და იწყებს კარგად მხედველი თვალის ხარჯზე ცხოვრებას და თრგუნავს მეორე თვალს.
ეს ქმნის უამრავ პრობლემას. „ზარმაცი თვალი“ ხშირად ასოცირდება ADHD-სთან.
ამ დროს სწორად ვარჩევთ სათვალეს, პატარა ასაკში მივმართავთ „კარგი თვალის ახვევის“ მეთოდს იმისთვის, რომ უარესი თვალი დავტვირთოთ და ვაიძულოთ, ისწავლოს დანახვა.
ასაკის მატებასთან ერთად შეგვიძლია ჩავრთოთ ვარჯიშები, არსებობს ამის ონლაინ ვერსიები, რა დროსაც ბავშვს სპეციალური სათვალე უკეთია, ცალ თვალზე წითელი და მეორე თვალზე ლურჯი ფილტრით და ამ ორ თვალს ვაიძულებთ ერთად იმუშაოს. საკმაოდ ეფექტურია.
ყველაზე დიდი პაციენტი ვინც გვყოლია ამ ვარჯიშებზე იყო 49 წლის ქალი, რომელსაც 30% ზევით არ ასდიოდა მხედველობა და 70%-მდე ამოქაჩა მხედველობა.
ადამიანი, რომელიც ერთი თვალით იყურება სამყაროს აღიქვამს ბრტყელს, ვერც ხვდება, რომ უკეთესი რაღაც არსებობს“, - ამბობს ნინო კობახიძე.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://youtu.be/D-zY1YEr47s

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ბოროტები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ უბედური ადამიანები“ - რას წერს ქეთევან ჯანდიერი