Digest Logo

როგორ შევიძინოთ ახალი მეგობრები? ინსტრუქცია

1748155080
ტოქსიკური მეგობრები

კარგი მეგობრის პოვნა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ის ადამიანის  ფიზიკური და გონებრივი ჯანმრთელობისთვის აუცილებელია. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები, რომელთაც ძლიერი სოციალური კავშირები აქვთ, უფრო დიდხანს ცოცხლობენ, ვიდრე ისინი, ვისაც უფრო იზოლირებული ცხოვრების წესი აქვთ. მეცნიერთა მტკიცებით, სოციალური იზოლაცია და მარტოობა ჯანმრთელობაზე ისე ზემოქმედებს, როგორც სიმსუქნე და ნარკოდამოკიდებულება. დიდმა სამეცნიერო კვლევამ, რომელიც თითქმის 80 წელს გაგრძელდა, აჩვენა, რომ ახლო ურთიერთობებს, მათ შორის - მეგობრობას, ადამიანებისთვის უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე - ფულსა და დიდებას. მათ უფრო დიდი გავლენა აქვთ სიცოცხლის ხანგრძლივობასა და ცხოვრების ხარისხზე, ვიდრე - სოციალურ კლასს, ინტელექტის დონეს ან გენებს. 

გახსოვდეთ, რომ ოჯახი მეგობრებს ვერ ჩაგინაცვლებთ

თუ ადამიანის ურთიერთობა დაკავშირებულია მხოლოდ სამსახურთან ან ოჯახთან და ამ მიმართულებით მას კრიზისი აქვს, აქ სრული უიმედობა ისადგურებს. უფრო მეტიც, რაც უფრო მეტი ცხოვრებისეული კავშირი აქვს ადამიანს სხვადასხვა სფეროში, მით უფრო დიდია შანსი, რომ ამ ურთიერთობებზე დაყრდნობით, ის შეძლებს, სხვა მიმართულებით არსებულ კრიზისებს გადაურჩეს. სპეციალისტების თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ ოჯახი მეგობრებს ვერ ანაცვლებს. თითოეულ ჩვენგანს აქვს განსხვავებული პიროვნული მხარე და ინტერესები. თუ ზოგიერთი მათგანი გამოსავალს ვერ პოულობს და ვერ რეალიზდება, უკმაყოფილება იზრდება, რაც ოჯახურ ურთიერთობებზეც აისახება. მეგობრებთან ერთად კი ადამიანს შეუძლია მოიქცეს ისე, როგორც ამას ოჯახთან ერთად ვერ გააკეთებდა და ამით ის ემოციურად უფრო სტაბილური ხდება. თუ ადამიანს მეგობრები არ ჰყავს, ამან შეიძლება ოჯახური ურთიერთობების გადატვირთვა გამოიწვიოს, რადგან ძალიან ბევრი ფუნქცია პარტნიორს ეკისრება. 

თავს ნუ დაიდანაშაულებთ, თუ ჯერ კიდევ არ გყავთ მეგობრები. იცოდეთ, რომ ზრდასრული ადამიანისთვის მათი ყოლა უფრო რთულია

ამერიკული ცხოვრების კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 1990 წელს ამერიკელთა 3%-ს არცერთი ახლო მეგობარი არ ჰყავდა, 2021 წელს კი ეს რიცხვი 12%-მდე გაიზარდა. საშუალო ასაკში ადამიანის სოციალური წრე ვიწროვდება: ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ სოციალური კონტაქტების რაოდენობა მცირდება 25 წლის შემდეგ, ხოლო 40 წლისთვის სია გაცილებით მოკლეა. ბიბლიაში აღწერილი ყველაზე დიდი სასწაული ის არის, რომ 13 მეგობარი რეგულარულად ხვდებოდა ერთმანეთს, - ხუმრობენ ფსიქოლოგები.

ბევრ ზრდასრულს უჭირს ახალი მეგობრის შეძენა ან არსებულის შენარჩუნება ძალიან უჭირს. მეგობრობა შეიძლება სხვა საზრუნავმა ჩაანაცლოს, იქნება ეს სამსახური, შვილებზე ან ასაკოვან მშობლებზე ზრუნვა. მეგობრული ურთიერთობის გაციების მიზეზი შეიძლება საცხოვრებელი ადგილის შეცვლაც იყოს: დისტანციაზე კონტაქტის შენარჩუნება რთულია და ყოველთვის არ არის შესაძლებელი ახალ ლოკაციაზე ახალი მეგობრების შეძენა. უფრო მეტიც, ზრდასრულ ასაკში მსგავსი ინტერესის მქონე ადამიანის პოვნა შეიძლება უფრო რთული იყოს. გარდა ამისა, ერთად გადატანილი ემოციური მოვლენები ადამიანებს მეტად აახლოებს. როცა ზრდასრული ხარ, ამის მიღწევა უფრო რთულია, ვიდრე - ბავშვობაში. 

ასაკთან ერთად, ახალი გამოცდილებისთვის ადამიანები ნაკლებად გახსნილები არიან, მათი ცხოვრება უფრო რუტინული ხდება, ნაკლებად აქვთ სურვილი, შეცვალონ გეგმები და გააკეთონ რაღაც ახალი. ისინი ახალ ადამიანებსაც ნაკლებად ენდობიან. თუმცა ეს მხოლოდ ზოგადი ტენდენციაა, რომელიც ყველას არ ეხება და მეგობრების შეძენის შესაძლებლობას სულაც არ გამორიცხავს. სოციალური ფსიქოლოგების თქმით, თუ მეგობრობა სრულდება, დაახლოებით ექვსი თვის შემდეგ, ამ ადამიანის ჩანაცვლება ხდება და შესაბამისად, კომუნიკაციის მოცულობაც არ იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან სწრაფად შეავსონ ის სივრცეები მათ გარემოში, რომლებიც, რატომღაც, ცარიელი აღმოჩნდა.

ემოციური  სიახლოვე დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად ხშირი და მჭიდრო  კომუნიკაცია გაქვთ ამა თუ იმ ადამიანთან. რაც უფრო ახლოს იყავით თქვენს მეგობართან კონტაქტის შეწყვეტისას, მის ჩასანაცვლებლად მით მეტი დრო დაგჭირდებათ. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ შეძლებთ ჩაანაცვლოთ მეგობარი, რომელთანაც 50 წელი იზრდებოდით - ასეთ კავშირებს ხომ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კონტაქტების რეალური პრობლემა ასაკთან ერთად ჩნდება, რადგან ამ დროს რთულია სოციალური აქტივობის შენარჩუნება, - ამბობენ ფსიქოლოგები. ეს განსაკუთრებით ეხება ისეთ საზოგადოებებს, რომლებშიც ეიჯიზმი (უარყოფითი ან დამამცირებელი დამოკიდებულება სხვა ადამიანის მიმართ მისი ასაკის გამო) მძვინვარებს. 

მეგობრობის დამყარების გასაღები ისაა, რომ არ დაელოდოთ შანსს, რომელიც ვინმეს თქვენამდე მოიყვანს. პირიქით, თქვენ უნდა მოაწყოთ რეგულარული აქტივობები: მოხალისეობრივი სამუშაო, გასვლები ქალაქში ან საკვირაო პიკნიკები. უმჯობესია, თუ ამ მოვლენებს დადებითი ემოციები ახლავს. ფსიქოლოგების თქმით, ყოველი ახალი ადგილი განსხვავებულია. მეგობრობის რეცეპტი კი ასეთია: ერთობლივი მოქმედებები და ინტენსიური ემოციები. კერძოდ, კლდეზე ცოცვის გაკვეთილი, სადაც დაზღვევისთვის პარტნიორი გჭირდებათ, ახალი მეგობრის შეძენის უფრო მეტ შანსს იძლევა, ვიდრე - კონცერტზე წასვლა. 

ეცადე, სხვადასხვა ასაკის ადამიანებთან იმეგობრო

მეგობრები შეიძლება იყვნენ არა მხოლოდ თქვენი ასაკის ადამიანები, არამედ - თქვენნაირები. პულიტცერის პრემიის ლაურეატი თორნტონ უაილდერი თავის რომანში „თეოფილე ნორთი“ წერდა, რომ ადამიანს უნდა ჰყავდეს სამი თავისზე უფროსი მეგობარი, სამი - თავისი ასაკის და სამიც - უმცროსი, თანაც ეს რიცხვი უნდა გაორმაგდეს, რადგან ამ ბალანსში ორივე სქესის წარმომადგენელთა არსებობა მნიშვნელოვანია. თუმცა მეგობრების რაოდენობამ თქვენზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს.  მეგობარი ხომ არის ადამიანი, რომელსაც შეგიძლიათ გაუზიაროთ ის, რაც გაწუხებთ და ეს უნდა მოხდეს განსჯისა თუ სხვა მსგავსი რეაქციის გარეშე. 

გახსოვდეთ, რომ თერაპევტი მეგობრის შემცვლელი არ არის

პრაგმატული ადამიანი იტყვის, რატომ კარგავთ დროს მეგობრობის განვითარებაზე მაშინ, როცა არიან თერაპევტები, რომლებიც მოგისმენენ და მხარს დაგიჭერენ? ერთი შეხედვით, ფსიქოთერაპევტებსა და მეგობრებს ანალოგიური ფუნქციები ნამდვილად აქვთ. ფსიქოთერაპევტს, ისევე, როგორც კარგ მეგობარს, შეუძლია მოუსმინოს ადამიანს და მიიღოს ის ისეთი, როგორიც არის. თუმცა მეგობარი უფრო მეტია, ვიდრე ერთი ფუნქცია. თქვენ არ წახვალთ ბარში ფსიქოთერაპევტთან, არ დაპატიჟებთ მას ქორწილში ან დაბადების დღეზე და როცა გამოუვალი სიტუაცია გაქვთ, არც შვილს დაუტოვებთ.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლუის ენრიკე გულშემატკივრებს ამშვიდებს - „ხვიჩა კვარაცხელია სამშაბათს ვარჯიშისთვის მზად იქნება“

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ საფრანგეთის თასის მფლობელია

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში?

წყარო: imedinews.ge