Digest Logo

„როცა სიხარულიც გძაბავთ“ - რატომ იწვევს დიდი ბედნიერება სტრესს: ლევან შელეგიას განმარტება

1789653302
ლევან შელეგია

როგორ რეაგირებს ორგანიზმი უეცარ დადებით ცვლილებებზე და რატომ ახლავს ხშირად დიდ სიხარულს შინაგანი შფოთვა? ფსიქოფიზიოლოგიაში ამ მოვლენას „ეისტესი“ (Eustress) ეწოდება — პოზიტიური, თუმცა ორგანიზმისთვის მაინც სტრესული მდგომარეობა, როდესაც ნერვული სისტემა ახალ რეალობასთან ადაპტაციას ცდილობს.

ექსპერტების განმარტებით, პოზიტიურ სიახლეებზე შიშის ან უღირსობის განცდა სრულიად ბუნებრივი ევოლუციური რეაქციაა, თუმცა ამ ემოციების დაბლოკვამ და „თვალის ცემის“ შიშმა შესაძლოა ბედნიერების ფობიასა და ქრონიკულ შფოთვას ჩაუყაროს საფუძველი. სპეციალისტები გვახსენებენ, რომ ბედნიერება უწყვეტი ეიფორია კი არა, ცვალებადი მომენტების ჰარმონიული თაიგულია, რომლის შეგრძნებაც და „შერგებაც“ განსაკუთრებულ უნარს მოითხოვს.

ამ საკითხზე ვრცელ პოსტს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ეისტრესი:

ყველაფერი ახალი ცხოვრებაში, დადებითიც კი, მით უმეტეს უცაბედად და დიდი დოზით შემოღვარცოფებული, არის ორგანიზმისთვის სტრესი.

პოზიტიური (Eustress), მაგრამ მაინც სტრესი. ადამიანები, და ალბათ არა მარტო ჩვენ, ვართ ჩვენივე ჩვევების, რუტინის, კომფორტის ზონის ფსიქოლოგიური მძევლები.

სიახლეებზე (ახალ ამბებზე, ადგილებზე, ადამიანებზე ...) თავიდან მთელი ორგანიზმი რეაგირებს ეგრეთ წოდებული ორიენტირების რეაციით (orienting response), რაც ფსიქოფიზიოლოგიურად სტრესის ტოლფასია.

ინოვაციების პირველი მასპინძელი ტვინის არქაული არეალებიდან წამებში მობილიზებული ჩვენი ემოციებია. ეს ოდითგან ასეა და ზუსტად ეს არის ემოციების პირველადი ფუნქცია, მათი ევოლუციური დატვირთვა.

სტუმარმასპინძლობის ეს ემოტიური საგა ჩვენი ნერვული სისტემის ძირძველი რეფლექსია, ანუ ჩვენი კონტროლის გარეშე ხდება. თუ თქვენი ცხოვრების ვექტორი უცებ, მოულოდნელად დადებითისკენ გადაიხარა, ამან შეიძლება დიდ სიხარულთან ერთად ასევე სტრესის, ვერ-შეგუების შეგრძნება გამოიწვიოს, რაც სავსებით ნორმალური, ლოგიკური, ფიზიოლოგიურია.

აღარ დასტრესოთ თავი დამატებით კითხვებით/ფიქრებით:

⬇️ ნუთუ მე ამას ვიმსახურებ?

⬇️ როდის წამერთმევა ეს ბედნიერება? სიხარული? წარმატება? გამოჯანმრთელება?.

⬇️ არ შევიმჩნევ ამ სიხარულს, რომ არ „გავითვალო“, ცუდი თვალი არ მეცეს.

⬇️ ... ასეთმა მიდგომამ შეიძლება ბედნიერების ფობიას ჩაუყაროს საფუძველი.

დიახ, ასეთი რამ არსებობს პრაქტიკაში და ამაზე იზრდებიან ნოზოლოგიური სარეველები, როგორიცაა:

➡️დეპრესია.

➡️გენერალიზებული შფოთვითი აშლილობა.

➡️ფსიქოსომატური დაავადებები.

➡️ქრონიკული ტკივილის სინდრომები.

➡️და სხვა მრავალი ბედნიერება არ ფუნქციონირებს მისი შერგების უნარის გარეშე!

განა რაში გვარგია საუკეთესო საწოლი, თუ მასში გემრიელად ვერ გამოვიძინე(ბ)თ? ბედნიერება არ არის სწორხაზოვანი, სტატიკური, უწყვეტი ეიფორია, არამედ ბედნიერი მომენტების ჰარმონიული თაიგული, რომელიც მით უფრო დიდხანს გასტანს, რაც მეტად მოვუვლით მას.

რაღაც ეტაპზე ყველა თაიგული იწყებს ჭკნობას, - არც ამაშია სავალალო რამე. დამჭკნარი, გამხმარი ყვავილიც ხომ თავისებური სილამაზის, სიმშვიდის, უპრეტენზიო ესთეტიკის წყაროა!?

ბედნიერება მოდის და მიდის. მთავარია ჩვენ იმ ფლორისტის მისამართი ვიცოდეთ. შემდეგი თაიგულისთვის ახალი თაიგულის სურნელი კი უფრო ადვილად აღსაქმელი და საამოა, თუ უშუალოდ მანამდე ცხვირი სხვა თაიგულების ოლფაქტორული ინფლაციით არ იყო გადამძღარი. და ერთიც, „ფლორისტი“ მეტად თუ ნაკლებად ყველა ჩვენგანშია!“, - წერს ლევან შელეგია.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „კვანტურ ველს არ ესმის თქვენი სიტყვები“ — ფორმულა, რომელიც რეალობას ცვლის: რას წერს ეზოტერიკოსი

🎥 ნუკი კოშკელიშვილი ამერიკაში დაბრუნდა: მოდელი ნიუ-იორკის ქუჩებში პოზირებს

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში საქართველოში