„კანის გარედან მომდინარე დაბერების მთავარ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვება, კერძოდ — შაქრის ჭარბი მოხმარება“, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში დერმატოლოგი ვერიკო აბრალავა წერს და რჩევებს გვიზიარებს.
მისი თქმით, კანის ნაადრევი დაბერების საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი როლი უკავია C ვიტამინს.
„კანის დაბერება, შაქარი და C ვიტამინის როლი
კანის დაბერება არის ბუნებრივი, თუმცა მრავალფაქტორული პროცესი, რომელზეც გავლენას ახდენს როგორც გენეტიკა, ისე გარემო და ცხოვრების სტილი. კანის გარედან მომდინარე დაბერების მთავარ ფაქტორებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვება, კერძოდ — შაქრის ჭარბი მოხმარება.
შაქარი იწვევს პროცესს, რომელსაც გლიკაცია ეწოდება. ამ პროცესის დროს შაქარი ებმება კანის სტრუქტურულ ცილებს — კოლაგენსა და ელასტინს — და წარმოქმნის Advanced Glycation End Products (AGEs). AGE-ები აზიანებენ კოლაგენის სტრუქტურას, ამცირებენ კანის ელასტიურობას და აჩქარებენ ნაოჭებისა და კანის ჩამოშვების („sugar sag“) განვითარებას.
მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებზე ჩატარებული კვლევები ჯერ კიდევ შეზღუდულია, ლაბორატორიული და ცხოველური კვლევები ცხადყოფს, რომ შაქრით მდიდარი დიეტა ხელს უწყობს გლიკაციის გააქტიურებას და კანის ნაადრევ დაბერებას.
ამ პროცესის საწინააღმდეგოდ მნიშვნელოვანი როლი უკავია C ვიტამინს. ის აუცილებელია კოლაგენის სინთეზისთვის, ამცირებს ოქსიდაციურ სტრესს და მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიოქსიდანტი. ასევე ვარაუდობენ, რომ C ვიტამინი ნაწილობრივ აფერხებს გლიკაციის პროცესს და ამცირებს AGE-ების მავნე ზემოქმედებას კანზე.
C ვიტამინის გარეგანი (ტოპიკური) გამოყენება ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებს კანის დაბერების პრევენციაში.
ტოპიკურად გამოყენებული ასკორბინის მჟავა აღწევს ეპიდერმისა და დერმის ზედა ფენებში, სადაც აძლიერებს კოლაგენის სინთეზს, ამცირებს ულტრაიისფერი გამოსხივებით გამოწვეულ ოქსიდაციურ დაზიანებას და აუმჯობესებს კანის ტონსა და ტექსტურას.
კვლევები აჩვენებს, რომ სტაბილური ფორმით და სწორ კონცენტრაციაში გამოყენებული C ვიტამინი ეფექტურად ავსებს შიდა მიღებას და წარმოადგენს მნიშვნელოვან კომპონენტს ანტიეიჯინგ მოვლაში.
კანის დაბერების პრევენცია მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას: შაქრის მიღების შემცირებას, ანტიოქსიდანტებით მდიდარ კვებას, C ვიტამინის ადეკვატურ შიდა მიღებას და მის სწორ ტოპიკურ გამოყენებას, ულტრაიისფერი დაცვისა და თამბაქოს თავიდან აცილების პარალელურად“, - ვკითხულობთ გავრცელებულ პოსტში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს