ფსიქოლოგი ნინი დგებუაძე თავის სიღრმისეულ პოსტში წერს თემაზე, რომელიც წყვილებს შორის ურთიერთობის ფუნდამენტურ ასპექტს - შინაგანი ბავშვის ფენომენს ეხება.
ავტორი ხსნის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირზე ორი ზრდასრული, რაციონალური ადამიანი ურთიერთობს, ნებისმიერი ღრმა ემოციური კავშირის საფუძველში სწორედ შინაგანი ბავშვების შეხვედრა დგას:
„როდესაც ორი ზრდასრული ადამიანი ერთმანეთს ხვდება, ზედაპირზე თითქოს ორი რაციონალური გონება, ჩამოყალიბებული ხასიათი და სოციალური როლი ურთიერთობს.
სინამდვილეში კი, ნებისმიერი ღრმა კავშირის ფუნდამენტში თითოეულის შინაგანი ბავშვი დგას ის ყველაზე ცოცხალი, დაუცველი, ემოციური და აუთენტიკური ნაწილი, რომელსაც მიღების, აღიარებისა და უპირობო სიყვარულის წყურვილი ამოძრავებს.
ადამიანების უმეტესობა ყოველდღიურობაში სქელ დამცავ ჯავშანს ატარებს. ეს ჯავშანი წლების განმავლობაში ნაგროვები ტკივილების, იმედგაცრუებების და შიშებისგან თავის დასაცავად იქმნება. ჩვენ ვსწავლობთ თავშეკავებას, სიფრთხილეს, გარკვეული ნიღბების მორგებას.
თუმცა პარტნიორულ ურთიერთობაში შეუძლებელია მუდმივად ამ ჯავშნით ყოფნა ჭეშმარიტი სიახლოვე მხოლოდ იმ წერტილში იბადება, სადაც ადამიანი თავს იმდენად უსაფრთხოდ გრძნობს, რომ ამ დაცვის დაშვებას ბედავს.
ღრმა ემოციური მიბმულობის დროს ხდება სწორედ ეს: ორი ადამიანის შინაგანი ბავშვი გამოდის წინა პლანზე და ერთმანეთს უწვდის ხელს.
ეს არის მდგომარეობა, სადაც ჩნდება განცდა, რომ შეგიძლია იყო სულელი, უშუალო, სევდიანი ან გადამეტებულად მხიარული და ამის გამო არავინ მიგატოვებს ან დაგცინებს.
საკუთარი სისუსტეების ჩვენება აღარ აღიქმება საფრთხედ. პირიქით, ის ხდება ნდობის და ერთიანობის ყველაზე მყარი ხიდი.
როცა შინაგანი ბავშვი ხედავს, რომ პარტნიორის გვერდით უსაფრთხოა, ნერვული სისტემა გამოდის მუდმივი „თავდაცვის რეჟიმიდან“ და გადადის სრულ რელაქსაციაში, რაც ურთიერთობას ანიჭებს უდიდეს სითბოს, სინაზესა და სიმსუბუქეს.
ხშირად ამბობენ, რომ ჩვენ ერთმანეთს ინტელექტით ან გარეგნობით ვირჩევთ, მაგრამ რეალური მიზიდულობა და ხანგრძლივი ჰარმონია მაშინ ჩნდება, როდესაც ჩვენი შინაგანი ბავშვი მეორე ადამიანის შინაგან ბავშვში ამოიცნობს „თავის სახლს“ - ადგილს, სადაც მას შეუძლია უბრალოდ იყოს, ითამაშოს და უპირობოდ უყვარდეს“, - წერს ნინი დგებუაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„თქვენი შემოქმედება არასოდეს დაგვავიწყდება!...“ - ზურა ხაჩიძე ნუნუ დუღაშვილს ემშვიდობება
⭕ შიშის მიღმა: როგორ გადავდგათ ნაბიჯი საკუთარი ძალისკენ - ნინი დგებუაძე