გერმანიაში მცხოვრები და მოღვაწე ექიმი ლევან შელეგია, სოციალურ ქსელში შფოთვისა და ე.წ. overthinking-ის პრობლემაზე საუბრობს და ადამიანებს აწმყოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, თანამედროვე ადამიანებს ხშირად უჭირთ „აქ და ახლა“ ყოფნა, რაც ნაწილობრივ აღზრდისა და სოციალიზაციის შედეგია. გადაჭარბებული ფიქრი მომავალზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფსიქიკურ ჯანმრთელობას ეხება, როგორც წესი, მდგომარეობას ამძიმებს და შფოთვით სიმპტომებს აძლიერებს.
„აწმყოში, აქ და ახლა ყოფნა ტენდენციურად გვიჭირს ადამიანებს.
გარკვეულ წილად სოციალიზაციის და აღზრდის ბრალიც არის მომავლის ფიქრებით ზედოზირება, ეგრედ წოდებული overthinking.
არადა ამ გადაჭარბებულ, ექსცესიურ ფიქრს კარგი, როგორც წესი, არაფერი მოაქვს. მით უმეტეს მაშინ, თუ ფსიქიკური ჯანმრთელობა ირღვევა და ეს overthinking ჩვენს შემაწუხებელ სიმპტომებს, ჩივილებსა და მათ პროგნოზებს ეხება.
მე სულ ვამბობ - შფოთვა მომავალში ცხოვრობს.
აბა, კარგად დაუკვირდით: თქვენი შფოთვის, დარდების სცენარების უმრავლესობა მომავალში ხდება.
- ნეტა როგორ ვიქნები ხვალ?
- ისევ ხომ არ დამემართება ის აუტანელი პანიკური შეტევა?
- შევძლებ კი სამსახურში წასვლას?
- ამდენი გულის აჩქარება ინფარქტს არ დამმართებს?
- ნუთუ ამდენი ნერვიულობისგან არ გავგიჟდები?
- მანქანაში საჭესთან ხელახლა რომ დამემართოს გაბრუება და თავბრუსხვევა, რა ვქნა?
- ქალაქიდან შორს რომ წავიდე და ცუდად გავხდე, როდის მოვა იქ სასწრაფო?
- ან გვირაბში, საცობში რომ დამემართოს რამე, ვინ მომხედავს?
და ასე შემდეგ...
ყველა ეს შიში და შიშის შიში (ფობოფობია) მოკვეთილია აწმყოს და წარსულის არასასიამოვნო გამოცდილებით ნაწვალებს პირდაპირი რეისით გვისვრის მომავლის ბუნდოვან ტერიტორიაზე.
პრობლემა?
პრობლემა ის არის, რომ მომავალში ვერაფერს მოვიმოქმედებეთ აწმყოდან და ვერც გავლენას მოვახდენთ მომავლის პროცესებზე.
გამოსავალი?
აწმყოში დაბრუნება, აქ და ახლა ყოფნა და ამ მომენტში მუშაობა.
აწმყოში კარგად მუშაობს რაციონალიზმის კანონები და კონკრეტიკის წესები.
აი მომავალი კი ხშირად არარეალისტური მოლოდინების, ფანტაზიის და ფატალიზმის ხელმოუკიდებელი კონსტრუქტია.
ამიტომ, თუ შფოთვის და ფობოფობიის შემცირება გინდათ, ჯერ აწმყოში წამოდით.
ამაში დაგეხმარებათ მაგალითად ფოთლის, ყვავილის, ქიშმიშის ან მსგავსი რამის ხელში აღება და მასზე სრული სენსორული კონცენტრაცია:
- როგორი სუნი აქვს?
- როგორი ტექსტურა?
- როგორი გემო?
- როგორი შეგრძნებაა ამის კანზე მოთავსება?
- თითებით დასრესვა?
- ამის მოსმენა?
თუ არაფერი არ გაქვთ მსგავსი, სხვა სავარჯიშოების გაკეთება შეიძლება, რომელსაც ამ დღეებში ვიდეო ფორმატით შემოგთავაზებთ.
მანამდე გააჩერეთ შფოთვის მიმართულებით მიმავალი ფობოფობიის ჩქარი ავტობუსი და „აქ და ახლა“ გაჩერებაზე ჩამოდით.
ეს იქნება პირველი დიდი, აუცილებელი ნაბიჯი გამოჯანმრთელებისკენ.
თუ არ გამოგივათ, არ იდარდოთ, ხშირად იმეორეთ, იმეცადინეთ.
თუ მაინც არ გამოვა, მერე ფსიქოთერაპევტს მიმართეთ, თუ გაქვს ამის საშუალება.
იმედია, დაგეხმარებათ ეს პოსტი!
ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“,- წერს მედიკოსი.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველაზე მაგარი გრძნობა“ - სოსო ნებიერიძის ახალი ვიდეო სვანეთიდან
⭕„ენერგეტიკული ვამპირები: როგორ ამოვიცნოთ და დავიბრუნოთ საკუთარი ძალა?