Digest Logo

„თუ ადამიანი თვეების განმავლობაში მძიმე დეპრესიაში იყო და უცებ გახდა საოცრად მშვიდი, მოღიმარი და კეთილგანწყობილი, ფრთხილად იყავით“ - რას წერს ფსიქოლოგი

1784047413
სუიციდი სუიციდი

ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებმაც დაკარგეს ახლობლები და მათგან მესმის ერთი და იგივე, ტკივილით სავსე კითხვა: „რატომ ვერაფერი შევამჩნიე?“.

ფსიქოთერაპიაში არის ერთი დაუწერელი კანონი, ყველაზე ხმამაღალი ყვირილი ხშირად აბსოლუტურ სიჩუმეში იმალება. როდესაც ადამიანი სუიციდზე ფიქრობს, ის იშვიათად აცხადებს ამას დრამატულად, ტრიბუნიდან.

ძირითადად ეს არის ნელი, ძალაგამოცლილი უკან დახევა ცხოვრებიდან თითქოს ადამიანი, ნელ-ნელა შლის საკუთარ არსებობას.

სიმართლე ისაა, რომ სუიციდის ნიშნები არსებობს, თუმცა ისინი ხშირად კოდირებულია. ჩვენი ამოცანაა ვისწავლოთ ამ კოდის ამოცცნობა, რათა დროულად გავუწოდოთ ხელი მას, ვინც უფსკრულის პირას დგას.

ადამიანები, რომლებიც უკიდურეს წერტილამდე მიდიან, თითქმის ყოველთვის გვაძლევენ სიტყვიერ მინიშნებებს( განსაკუთრებით მოზარდებში არასდროს დატოვოთ უყურადღებოდ მსგავსი რეპლიკები).

„აღარ მინდა სიცოცხლე“, „ნეტავ მოვკვდებოდე“, „თავის მოკვლაზე ვფიქრობ“. სამწუხაროდ, საზოგადოებაში ჯერ კიდევ არსებობს მითი, თითქოს „ვინც ამას ამბობს, ის არ აკეთებს“. ეს ტყუილია. ნებისმიერი პირდაპირი განცხადება უნდა იქნეს აღქმული უდიდესი სერიოზულობით.

და არსებობს ირიბი მინიშნებები რომელიც, უფრო რთულად აღსაქმელია და გაცილებით უფრო სახიფათო ნიღაბია.
„ყველასთვის უკეთესი იქნება, აქ რომ არ ვიყო“. „მალე ყველაფერი დასრულდება და აღარ შეგაწუხებთ “.
„ჩემი გადარჩენა უკვე შეუძლებელია“. „უბრალოდ, მინდა ყველაფერი გაჩერდეს“.

თუ თქვენი ახლობელი მსგავს ფრაზებს ხშირად იმეორებს, ეს არ არის „ყურადღების მიქცევის მცდელობა“. ეს არის სულის სიღრმიდან წამოსული დახმარების თხოვნა.

ზოგჯერ ყველაზე საგანგაშო ნიშანი არა სევდა, არამედ უცნაური პრაგმატულობაა. როდესაც ადამიანი შინაგანად იღებს გადაწყვეტილებას, მისი ქცევა მკვეთრად იცვლება.

ნივთების გაჩუქება: განსაკუთრებით იმ ნივთების, რომლებიც მისთვის ძვირფასი იყო (საყვარელი წიგნები, სამკაულები, კოლექციები).

„საქმეების მოწესრიგება“: ანდერძის მოულოდნელი წერა, ძველი ვალების სასწრაფოდ გასტუმრება, უცნაური ბანკთაშორისი გადარიცხვები.

მოულოდნელი სიმშვიდე და ეიფორია: ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მატყუარა ნიშანი.

თუ ადამიანი თვეების განმავლობაში მძიმე დეპრესიაში იყო და უცებ, ყოველგვარი თერაპიისა თუ წამლის გარეშე, გახდა საოცრად მშვიდი, მოღიმარი და კეთილგანწყობილი, ფრთხილად იყავით.

ხშირად ეს სიმშვიდე ჩნდება მაშინ, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია შინაგანი ბრძოლა დასრულდა და ადამიანს უხარია, რომ „გამოსავალი“ იპოვა.

სოციალური იზოლაცია: მეგობრებთან კონტაქტის გაწყვეტა, ჰობის მიტოვება, ტელეფონის გამორთვა და საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა.

ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი Psychache (ფსიქიკური ტკივილი), რომელიც აღწერს აუტანელ, დამანგრეველ შინაგან ტანჯვას. სუიციდი არ არის სიკვდილის სურვილი ეს არის ტკივილის შეწყვეტის სურვილი, როდესაც სხვა გზა უბრალოდ აღარ ჩანს.

დააკვირდით ემოციურ ფონს - უკიდურესი უიმედობა: რწმენა იმისა, რომ მომავალი არ არსებობს და მდგომარეობა არასოდეს გამოსწორდება.

საკუთარი თავის ტვირთად აღქმა: „მე მხოლოდ პრობლემებს ვუქმნი სხვებს“.

ძლიერი სირცხვილის ან დანაშაულის გრძნობა: ხშირად გამოწვეული ფინანსური კრახით, განქორწინებით ან სოციალური სტატუსის დაკარგვით.

იმპულსურობა და რისკის შემცველი ქცევა: მანქანის არაადეკვატური მართვა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების მკვეთრი ზრდა (თითქოს ადამიანს საკუთარი სიცოცხლე აღარ ადარდებს).

თუ თქვენს ახლობელში ამ ნიშნებიდან რამდენიმე მაინც შეამჩნიეთ, მოქმედების დროა. აქ შეცდომის დაშვების შიშით უმოქმედობა ყველაზე დიდი შეცდომაა.

1. არ შეგეშინდეთ პირდაპირი კითხვის:

არსებობს მითი, რომ თუ ადამიანს ჰკითხავთ: „თვითმკვლელობაზე ხომ არ ფიქრობ?“, ამით მას ბიძგს მისცემთ. ეს ასე არ არის. პირიქით, ეს კითხვა მას აძლევს შვებას ის ხვდება, რომ მისი ტკივილი დაინახეს და მასზე საუბარი ტაბუდადებული აღარ არის.

2. მოუსმინეთ განსჯის გარეშე:

არ უთხრათ: „აბა შეხედე, რამდენი კარგი რამ გაქვს ცხოვრებაში“, „ღმერთის არ გეშინია?“, „ეგ ეგოიზმია“. ეს ფრაზები მხოლოდ გააღრმავებს მის დანაშაულის გრძნობას და უფრო მეტად ჩაკეტავს. უბრალოდ უთხარით: „ვხედავ, როგორ გტკივა. მე შენთან ვარ და მზად ვარ მოგისმინო“.

3. არ დატოვოთ მარტო და მიმართეთ სპეციალისტს:

კრიზისულ სიტუაციაში დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევტს. სუიციდის რისკი კლინიკური მდგომარეობაა და მას მეგობრული საუბრები ყოველთვის ვერ შველის.

გახსოვდეთ, რომ სუიციდისკენ მიდრეკილი ადამიანი არ ეძებს სიკვდილს, ის ეძებს გამოსავალს. ზოგჯერ მხოლოდ იმის ცოდნაც კი, რომ ამ წყვდიადში ვიღაცას მისი ესმის და მისი არ ეშინია, საკმარისია იმისთვის, რომ მან კიდევ ერთი დღით გადადოს საბედისწერო ნაბიჯი.

იყავით ყურადღებით, დააკვირდით დეტალებს შესაძლოა, სწორედ თქვენი ყურადღება აღმოჩნდეს ის ხიდი, რომელიც ვინმეს სიცოცხლის მხარეს დააბრუნებს.

ასევე დაგაინტერესებთ:

18 რამ, რაც თითქოს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ დიდი ფუფუნებაა

სად არის შენი კატა? - კვანტური რეალობა და შინ დაბრუნება: როგორ ვიპოვოთ თავი აქ და ახლა

„არ ღირს სასწრაფო და მკვეთრი ვადების მქონე საქმის გადაწყვეტა...“ - 14 ივლისის პროგნოზი ფენშუის მიხედვით