
Hanley & Partners-ის კვარტალური პასპორტის ინდექსის თანახმად, 2024 წელს ყველაზე ძლიერი პასპორტის ტიტული 6 ქვეყანას ერგო.
თითოეული მათგანის მოქალაქეებს 227 ქვეყნიდან 194-ში მოგზაურობა ვიზის გარეშე (ან გამარტივებული სავიზო პროცედურებით) შეუძლიათ.
2023 წლის ყველაზე ძლიერი პასპორტების წყვილს - სინგაპურსა და იაპონიას - წელს ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფო: ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და იტალია შეუერთდნენ.
პასპორტის ინდექსი რიგით მეორე ყველაზე ძლიერ პასპორტად სამხრეთ კორეას, ფინეთსა და შვედეთს მიიჩნევს - ამ ქვეყნების მოქალაქეებს უვიზოდ 193 ქვეყანაში შეუძლიათ მოგზაურობა.
დანია, ირლანდია, ჰოლანდია და ავსტრია კი მესამე ადგილს 192 ქვეყნით იკავებენ, რომლებსაც მოსდევს დიდი ბრიტანეთი - ეს უკანასკნელი 2023 წლის შემდეგ 2 პოზიციით დაწინაურდა და ბელგიას, ლუქსემბურგს, ნორვეგიასა და პორტუგალიას შეუერთდა - მათ მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლა 191 ქვეყანასთან აქვთ.
Hanley გლობალური პასპორტის რეიტინგს უკვე 19 წელია ადგენს და ის საერთაშორისო საჰაერო სატრანსპორტო უწყების მონაცემებზე დაყრდნობით იწარმოება.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის შემდეგ ინდექსის შეფასებით, ყველაზე მეტად უკრაინა და ჩინეთი დაწინაურდნენ და თითოეულმა 2 პოზიციით წინ გადაინაცვლა. ჩინეთი ყველაზე ძლიერ პასპორტებს შორის 62-ე ადგილს 85 visa-free მიმართულებით იკავებს, უკრაინა კი 32-ე ადგილზეა და მისთვის საზღვრები 148 ქვეყანამ გახსნა.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანა გლობალური პასპორტის ინდექსით 50-ე ადგილზეა.
საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მოგზაურობა 121 ქვეყანაში შეუძლიათ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ფოტოები ყოველთვის უკეთესია, როდესაც ჩემ მეუღლესთან ვარ“ - ბერა ივანიშვილი ახალ ვიდეოს აქვეყნებს
🎥 „სიყვარულსა მალვა უნდა“ - არის თუ არა შეყვარებული ლუკა ჭოხონელიძე?