Digest Logo

ადამიანების წამება, მკვლელობა, ქალზე ძალადობა, ციხის ბუნტი და 2 „ღირსების ორდენი“ - მეგის ქარდავას სკანდალური საქმის დეტალები

1637241687
მეგის ქარდავა

თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი მეგის ქარდავა ადამიანების წამებასა და სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული.

დღეს „დაიჯესტი“ სწორედ მის შესახებ გიამბობთ, თუ რას ედავება სახელმწიფო და რა დანაშაულში დებენ ბრალს.

აგრეთვე, მოგიყვებით ქარდავას პომპეზური ქორწილის შესახებ, სადაც თავს იყრიდნენ იმდროინდელი მაღალჩინოსნები და ქართული ესტრადის უბერებელი წევრები.

ახალაია-სააკაშვილის სადღეგრძელო და ქართული ბომონდი - ქორწილი

მისი მეუღლე სოფო ფიფიაა. მათი ქორწილი ყველასთვის დასამახსოვრებელი იყო. სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა ქორწილის კადრები, სადაც ქართული ბომონდი და მაღალჩინოსნები იყვნენ დაპატიჟებული.

ვიდეო სავარაუდოდ, 2012 წელსაა გადაღებული, რადგან სოსო თოფურიძე ბაჩო ახალაიას სადღეგრძელოში თავდაცვის მინისტრად დანიშვნას ულოცავს. კადრებში ასევე ჩანან სააკაშვილის ხელისუფლების სხვა მაღალჩინოსნები, დეპუტატები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები. წვეულების სტუმრები საქართველოს პრეზიდენტის სადღეგრძელოს სკამებზე ასულები სვამენ.

აგრეთვე ქორწილს ესწრებიან ბუბა კიკაბიძე, თემურ წიკლაური, მერაბ სეფაშვილი, გიო ხუციშვილი, ნინო ჩხეიძე. ისინი წვეულების სტუმრებს მუსიკალურ ნომრებს სთავაზობდნენ.

ინტერვიუს ამონარიდი თემურ წიკლაურთან:

— მე მილიონ ქორწილში ვარ ხოლმე, თქვენ შემოგევლეთ… არც მახსოვს, სად იყო ეს ქორწილი, ვისი იყო, რას ვასრულებ… მეგის ქარდავა ვინ არის?
— მეგის ქარდავა მაღალჩინოსანი იყო, რომლის სახელთანაც არის დაკავშირებული ხალხის წამება და არაადამიანური მოპყრობა…
— რას ლაპარაკობთ, მართლა?! და მერე მე იქ ვარ?
— დიახ, საქართველოს ჰიმნს ასრულებთ…
— მერე საქართველოს ჰიმნს რა ჯობია?! რას ვიზამთ ახლა, საზოგადოების მხრიდან თუ ამას კრიტიკა მოჰყვა, რა ჩემი ბრალია?! მე დამიძახებენ ქორწილში და მივდივარ, სად ვარჩიო, ვინ ვინ არის?! მეგის ქარდავას პირადად ვიცნობ კი არა, ვერც ვიხსენებ. არც ის მახსოვს, ქორწილში როდის ვიყავი… ჩემს ქვეყანაში სადაც მინდა, იქ ვიმღერებ და როცა მინდა!… ყველა ჩემიანია..
— თუნდაც ხალხის წამებაში ბრალდებულიც?
— რა ვიცი ახლა, ვინ არის ხალხის მწამებელი?! იქ ვიდექი და ვუყურებდი, როგორ აწამებდა ადამიანებს?! ეგ ქორწილი თუ სააკაშვილის მეფობის დროს იყო, მაშინ ვინ იყო მწამებელი და ვინ არა, ღმერთმა უწყის.. მიშა რომ იყო მეფე, ვინ რა იცოდა, ვინ წინ იყო და უკან… დაგიძახებდნენ ქორწილში და უნდა მისულიყავი, ანგარიშს ხომ არ ჩამაბარებდნენ, გუშინ ხალხი ვაწამე და დღეს ქორწილი მაქვსო?! ეს ყოველთვის ასეა. ახლა ვერც გავიგე, ვინ არის ჩვენი მეფე, მაგრამ არც ახლა ვიცით, ვინ ვის აწამებს. დღეს ვინმეს ქოწილში რომ ვიმღერო, მერე ვიღაც მეშვიდე მეფე მოვა და ის მეტყვის, იმათ ქორწილში რა გინდოდაო!? სისულელეა, მე ჩემს საქართველოში ვცხოვრობ და სადაც მინდა იქ ვმღერი!.. თუმცა რომ ვიცნობდე, მწამებელთან და კაცის მკვლელთან რატომ ვიმღერებ?! მე თუ ეგრე მიცნობს ჩემი ქვეყანა, წასულა საქმე და ეგ არის! ეგ ქორწილი სააკაშვილის დროს ყოფილა და აბა ერთი არ მისულიყავი, კარგი ბიჭი იყავი…
— გეშინოდათ?
— არა მე არავისი არ მეშინოდა და არც ახლა მეშინია… უბრალოდ, მე ყველა ქართველს ვუმღერი და რა ვიცი, ვინ მკვლელია და ვინ გათახსირებული?! არ ვიცოდით და ან მერაბ სეფაშვილის რა ბრალია, ან ბუბა კიკაბიძის და ან ჩემი?! ეს ხომ საქართველოა შვილო, ოღონდაც ვინმეს ჩირქი მოსცხონ და სხვა არაფერი აინტერესებთ! მეგის ქარდავას სახელით და გვარითაც ვერ ვიხსენებ, ქარდავა ერთი ძმაკაცი მყავდა სოხუმელი, ომის დროს მოკლეს, დიდებული ბიჭი – აცხონოს ღმერთმა! სხვა ქარდავას მე პირადად დღემდე არ ვიცნობ…

მძიმე ბრალდება

ქარდავას ბრალი ედება ადამიანის წამებასა და სექსუალურ ძალადობაში.

დღეს, 18 ნოემბერს მთავარ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ გლდანის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა") პატიმრის წამების ბრალდებით პასუხისგებაში მისცეს.

ბრიფინგზე უწყებამ ჟურნალისტებს აჩვენა კადრები, რომლებიც, მათი თქმით, სამართალდამცველებმა უკრაინაში მეგის ქარდავას დაკავებისას აღმოაჩინეს. პროკურატურაში აცხადებენ, რომ მის საცხოვრებელ ბინაში არაერთი აუდიო და ვიდეო ჩანაწერი იპოვეს, რომლებიც ქართულმა მხარემ გამოითხოვა და დღეს წარმოდგენილი ვიდეო მათგან ერთ-ერთია.

კადრებში სავარაუდო ბრალდებულის სახე დაფარულია და მის გარდა კიდევ ორი ადამიანის ხმა ისმის. პროკურატურა ამბობს, რომ ესენი მეგის ქარდავა და ალექსანდრე მუხაძე არიან. ერთ ეპიზოდში ჩანს კაცი, რომელიც ოთახში გადაადგილდება და ჰგავს მუხაძეს, ასევე, მესამე ადამიანის სახის ნახევარი, რომელიც ჰგავს მეგის ქარდავას. ვიდეოს წარწერის მიხედვით, კადრები 2007 წლის 6 აპრილსაა გადაღებული, თუმცა აქვე არის, სავარაუდოდ, პროკურატურის მინაწერი: "რეალური თარიღი 2011წ". პროკურატურის ინფორმაციით, ვიდეო გლდანის მე-8 დაწესებულებაშია გადაღებული.

ბრალდებები:

მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე

„2006 წლის 12 იანვარს ქ. თბილისში, ნავთლუღის ავტოსადგურის ტერიტორიაზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა, თითქოსდა რუსთავის N1 ციხეზე თავდასხმის და პატიმართა გაქცევის აღსაკვეთად ჩატარებული ე.წ. სპეცოპერაციისას, განახორციელეს სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. იმავე დღეს, ჩატარებული სპეცოპერაციის და პატიმრების გაქცევის შესახებ გამოგონილი ამბის დამაჯერებლად წარმოჩენის მიზნით, იმ დროისთვის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულების დირექტორმა მ.ქ.-მ დეპარტამენტის თავმჯდომარესთან და სპეცდანიშნულების რაზმის წევრებთან ერთად, რუსთავის N1 დაწესებულებაში, აწამეს პატიმრები. პატიმართა მიმართ სასტიკი ძალადობა გაგრძელდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N7 დაწესებულებაში გადაყვანის პროცესში და ამ დაწესებულებაში მათი მიყვანის შემდგომაც“, - ნათქვამია განაჩენში.

მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე

„პატიმართა მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: სერგო თეთრაძის საქმეზე

„პატიმართა მიმართ განხორციელებული წამების, წამების ორგანიზების, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ორგანიზების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის, დანაშაულები გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე, 1441-ე და 333-ე მუხლებით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“.

მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: ე.წ. კასრების საქმეზე

„სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამებისთვის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 138-ე, 143-ე და 1441-ე მუხლებით, რისთვისაც სასჯელის სახედ და ზომად, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით განსაზღვრული აქვს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა“.

მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე

„პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლით, ხოლო სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს 3 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა“.

მეგის ქარდავა მსჯავრდებულია: დაკავებული ქალის საქმეზე

„განაჩენით დადგენილია, რომ 2009 წლის 24 იანვარს, შსს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობაზე მყოფმა მ.ქ.-მ ისარგებლა რა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობით, დაკავებულ ქალს სცემა, დაამცირა და ჩააყენა არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში და მიაყენა მას მორალური ტანჯვა“.

სასჯელის შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, მეგის ქარდავას სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ხსენებული საქმეებისა, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს მეგის ქარდავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც შეეხება სამი პატიმრის მიმართ განხორციელებულ წამებას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლით.

ქარდავა, ასევე ბრალდებულია წამების გზით, დაკავებული პირისგან ტერორისტული აქტის განხორციელების მოთხოვნის საქმეზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ასევე, მიმდინარეობს მეგის ქარდავას ბრალდების საქმის არსებითი განხილვა, რომელიც შეეხება ჯგუფურად და შეკვეთით ჩადენილ განზრახ მკვლელობას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას.

„2012 წლის დასაწყისში, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა მ.ქ.-მ შურისძიების მოტივით შეუკვეთა ქალაქ მოსკოვში მცხოვრები პირის მკვლელობა, რაც 2012 წლის 21 მაისს სისრულეში იქნა მოყვანილი“, - აცხადებს პროკურატურა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, აგრეთვე, განიხილება ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც შეეხება მეგის ქარდავას მიერ 2011-2012 წლებში, სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის პერიოდში, სახელმწიფოს კუთვნილი 828 000 ლარის მითვისებას და გაფლანგვას, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლით.

მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება 17 სექტემბერს მოხდა.

ის საქართველოში ჩამოსვლისას მშობლიურ მიწას ემთხვია.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵VIDEO: „ჩემი ჯადოსნური მორიელების გარემოცვაში ვარ“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ალექსანდრა პაიჭაძე

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵მძიმე სენის დამარცხება, 10 წლით უმცროსი ქმარი და 19-წლიანი თანაცხოვრება - ხათუნა ჟორდანიას პირადი ამბები

🔵მშობლებისგან მიტოვებული ზურა ხაჩიძის ცხოვრება - ქუჩის აკადემია, რომანი ქეთა თოფურიასთან და ქონება

🔵ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი - ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე