Digest Logo

„ბავშვს არ მქონდა ბავშვობა...მაქვს ხილვები, რასაც დიდი რეაქციები მოჰყვება და ვერ ვაცხადებ“ - ცხოვრება უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში და ჯანმრთელობის პრობლემები - ექსკლუზიური ინტერვიუ გოგა მანიასთან

1719929951
გოგა მანია

დედის სიკვდილი, უცნაური ბავშვობა, გარიყვა თანატოლებისგან, უპატრონო ბავშვთა თავშესაფარში ცხოვრება, მოწამვლა და ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა - ეს საქართველოში ერთ-ერთი უძლიერესი ეზოტერიკოსის გოგა მანიას ბიოგრაფიიდან ამბების მცირე ჩამონათვალია, ნაწილის მათგანის შესახებ მკითხველი დღეს პირველად  გაიგებს. მან სულ რაღაც 33 წლის ასაკში მოახერხა, რომ საკუთარი ტრაგიკული ცხოვრება იმ მამოძრავებელ ძალად ექცია, რითაც ადამიანებს წლებია ეხმარება. მას ძირითადად, ჯადო, ენერგეტიკულად დაზიანებული და კონკრეტულ ქმედებებზე დამოკიდებული ადამიანები მიმართავენ, რომლებსაც ამ ყველაფრისგან გათავისუფლება სურთ. იყო მცდელობა მის დაზიანების და ფიზიკური განადგურების, თუმცა ყველაფერი კარგად დასრულდა. 

„დაიჯესტი“ სხვა გოგა მანიას გაგაცნობთ, რომლის მიმართ ინტერესი დღითი დღე იზრდება, სწორედ იმ წინასწარმეტყველებებიდან გამომდინარე, რასაც იგი საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს.

1. ვინ არის გოგა მანია?

გოგა მანია: ერთი ჩვეულებრივი ადამიანი, სხვა ხედვით და სხვა ძალებით.

2. დავიწყოთ ცოტა შორიდან, ტრაგიკული ბავშვობა ...რა კვალი დაამჩნია ამან თქვენს ცხოვრებას?

გოგა მანია: დავიბადე დასავლეთ საქართველოში და გავიზარდე ერთ ქრისტიანულ ოჯახში. უცნაური ბავშვი ვიყავი, ვსაუბრობდი დიდივით, ვერ გებულობდნენ თანატოლები. მშობლის გარდაცვალებამ დიდი კვალი დაამჩნია ჩემს ცხოვრებას, მაგრამ მშობლის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე დიდი ტრაგიკული ის იყო, რომ ბავშვები არ მეთამაშებოდნენ და არ მეთამაშებოდნენ იმის გამო, რომ დიდივით ვსაუბრობდი. მე, ბავშვი ვნახულობდი სხვადასხვა ვიბრაციებს და ენერგიებს, და ეს სხვებისთვის დაუჯერებელი იყო. ერთადერთი დედას ესმოდა. ამას ემატება კიდევ ერთი სიმძიმე, ის, რომ რაღაც დროის განმავლობაში ბავშვთა სახლში მომიწია ცხოვრება, ეს აქამდე არსად არ მითქვამს... რამაც, კიდევ ერთხელ გააძნელა, საკუთარი თავის მოძებნა. წარმოიდგინეთ, როცა სამყაროსგან წამოსული ძალები არის და ამას ვერ იღებ, არ გყავს პატრონი, მომლოცველი პიროვნება, ვინც ამ ძალებს მიმართულებას მისცემდა - ამით ხდებოდა ასტრალური სხეულის დაზიანება მაშინ, რამაც დააზიანა ეთერული სხეული, შემდეგ უკვე ფიზიკური სხეული ზიანდებოდა. რა არის ფიზიკური სხეულის დაზიანება გეტყვით: ის, რომ სულ ვავადმყოფობდი, წვრილი ფეხები მქონდა, რაქიტი, კისერს და თავს ვერ ვამაგრებდი, სულ მეძინებოდა. სულ ცუდად ვიყავი. ამას კი ემატებოდა ეპილეფსია, მძიმე ფორმით და შეტევებით, როდესაც ხილვები მქონდა. ეს გრძელდებოდა, მანამ, სანამ მე თვითონ არ ავდექი და არ წავედი საზღვარგარეთ. 17 წლამდე ვიქნებოდი, როდესაც საზღვარგარეთ წავედი, ერთი ადამიანის დახმარებით, რომელმაც გამომზარდა ენერგეტიკულად. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ პროფესიას დავეუფლე, არ მინდოდა ეს ძალები მიმეღო. ახლა კი ეზოტერიკოსი ვარ, რასაც წლები დასჭირდა, მე შევძელი და ვიპოვე საკუთარი თავი.

3. როგორ და საიდან იწყება თქვენი სამყაროსთან ის კავშირი, რასაც მოვლენების წინასწარ განჭვრეტა ჰქვია?

გოგა მანია: ბავშობიდან. ბავშვობაში ეს ძნელი აღსაქმელია, დამიჯერეთ, ბავშვს არ მქონდა ბავშვობა. 

4. ყველაფერს თავისი საფასური აქვს, თქვენ ამ საქმიანობის სანაცვლოდ რისი დათმობა მოგიწიათ?

გოგა მანია: არსებობს ვალდებულებები, სამყარო რაღაცის სანაცვლოდ გაძლევს რაღაცას. მე მყავს ახლობლები, ოჯახის წევრები, მაგრამ ღამე ვერ ვრჩები მათთან. ვერ ვისვენებ სხვასთან, როდესაც მაქვს ხილვა აუცილებლად უნდა ვიყო მარტო, არ უნდა იყოს ხმაური. არ შეიძლება გყავდეს ოჯახი, როდესაც ასეთი გრაფიკი გაქვს, ხარ გადატვირთული. ცხადია, არ არის ეს სასიამოვნო, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება, ვისაც ჩემი სჯერა, შევცვალო. 

5. ძირითადად ვინ მოდის თქვენთან და უმეტესად რა პრობლემების მოგვარებაში გთხოვენ დახმარებას?

გოგა მანია: ადამიანები, ვინც ენერგეტიკულად არიან დაზიანებულები. სხვადასხვა რამეზე დამოკიდებულები, მავნე ჩვევებზე, კარმული ვალდებულებები, შეცდომებზე, რომლებიც ნასწავლ რიტუალებს უკავშირდება. უბარაქობაზე და სხვა.  ადამიანებს, ვისაც ჩართვით წმენდას ვუტარებ, ეგზორციზმი რასაც ჰქვია, იქიდან ალბათ 30%-ი  არის ზუსტად ეს, არის თავისი ნებით გაკეთებული დაზიანება, ანუ ვიღაცას გაუკეთა და დაიზიანა საკუთარი თავი და დააზიანა სხვაც. შეპყრობა საიდან მოდის? - არასწორი ჩვევებიდან, რიტუალებიდან, რასაც არასწორად აკეთებენ. მოდიან მშობლები, რომლებიც მეუბნებიან, რომ მათი შვილები ტაროს კარტებს შლიან, აქ უკვე სულის გაყიდვაზეა საუბარი. ისინი ვერ ხვდებიან, რაოდენ მძიმე ენერგიასთან აქვთ საქმე. თვითნებურად აიღო ტაროს კარტი, პირველი ერთი წელი ალბათ არაფერი, მაგრამ რაღაც დროის შემდეგ, რაღაცის სანაცვლოდ ხდება, რაღაც. გააზრება არ უნდა ამ ხალხს ამისი. 

6. მაშინ, როდესაც 21-ე საუკუნეში გაჯეტების და ინტერნეტის, იუთუბის ერაა, თითქოს გამარტივდა, ის რომ ვიღაცები შლიან ტაროს, არიან ეზოტერიკოსები, ნუმეროლოგები - აი როგორ გაარჩიოს ადამიანმა შარლატანთან აქვს საქმე თუ პროფესიონალთან, რა რჩევას მისცემდით ჩვენს მკითხველს?

გოგა მანია: მაგალითს გეტყვით, გასაგები რომ იყოს. სუნამოს, რომელიც ბაზრობაზე 5 ლარი ღირს, ყიდულობთ მაგრამ კარგი სურნელი მას არ აქვს, მაგრამ სუნამო, რომელიც უფრო ძვირი ღირს, მიდიხართ და ყიდულობთ ძვირფას მაღაზიაში. ადამიანები, ნახე რას ცდილობენ? ცდილობენ თავიანთი გაფუჭებული საქმე, მარტივად და იოლად მოაგვარონ ნასწავლი რიტუალებით, ან მივიდნენ ისეთ ტაროლოგებთან, ვისთანაც იაფი და ხელმისაწვდომია ეს ყველაფერი. ანუ, ლოგიკით - „არ მჯერა შენი, მაგრამ მაინც მივალ“ აქ უკვე კიდევ ერთ დაზიანებას იღებენ. არ შეიძლება ადგე და ეზოტერიკოსს დაუკავშირდე. ჯერ უნდა მოუსმინონ, რაზე საუბრობს იგი.  რომ ამბობენ, ბარაქა არ აქვთ. რატომ ხდება ასე? - პასუხია, ტყუილად არ ხდება ასე. ჩვენ ვყიდულობთ ვიღაცის ნეგატივს, რაღაცის ფასად.

7. რა არის რეინკარნაცია - როდესაც ადამიანი იბადება, აუცილებელია რომ მან მისი კარმული ვალის შესახებ გაიგოს ან გამოასწოროს? რა დატვირთვა აქვს კარმულ ვალს?

გოგა მანია: ადამიანის განვითარება ყოველ 7 წელიწადში ერთხელ ხდება, 21 წლამდე. 7, 14,21. თან ამას ვუკავშირებ, რომ ადამიანის სული არის 21 გრამი. ანუ 7 წლამდე ადამიანი ანგელოზია, მე-14 წელიწადში მოდის დალევა, მეგობრებთან სიარული, შეცდომების ჩადენა და სხვა. ამის მერე 21 წლიდან სტაბილურობაში გადადის ადამიანი. რეინკარნაციაზე ის შემიძლია ვთქვა, რომ ეს მეცნიერებმაც კი არ იციან რა არის. ჩვენ ვცხოვრობთ ქრისტიანულ სამყაროში, სწორად უნდა გაიარო ეს ცხოვრება, მათ შორის კარმული ვალებიც, ნუ გაექცევით ვალდებულებებს, აქ იპოვით თქვენს თავს. 

8. გაიხსენეთ, ყველაზე მისტიკური შემთხვევა თქვენი ცხოვრებიდან თუ იყო მსგავსი...

გოგა მანია: დიახ, იყო რამდენიმე შემთხვევა და მათ შორის ერთი იყო, პაციენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა ღრენას. დიდი გზა გავიარე მის ახლობლებთან ერთად, იქ რომ ჩავსულვიყავი.  დაბალი ვიბრაციული ენერგიების გარემოცვაში იყო, ეს ადამიანი. მჩხიბავური ჩარევებით იყო დაზიანებული, ასევე მაგიური დარტყმების ქვეშ იყო. ახლა კარგად არის. მე, მესამე თვალი მაქვს ღია, არამარტო ჩემს სახლში, გარეთაც კი ვხედავ და ხმაც კი მესმის სხვადასხვა ვიბრაციების. ვცდილობ თვალებში არავის არ ვუყურო, იმიტომ, რომ ის თავის თავზე ინფორმაციას მაწვდის ავტომატურად.

9. ასეთი ძალის ფლობა თქვენთვის ტვირთია?

გოგა მანია: ხშირად ყოფილა, რომ თვალებიდან ცრემლები წამომსვლია, ეს არის ვალდებულება უდიდესი. წარმოიდგინეთ, ყველაფერი გაქვს საამისოდ რომ იცხოვრო, იარსებო და შენ გიწევს სახლში ყოფნა, დაფარული საიდუმლოების წიგნებში ისევ თავის ჩარგვა, ხილვების წერა, რასაც ვერ აცხადებ ბოლომდე, რომ ამას დიდი რეაქციები მოჰყვება. ეს არის ჩემი ვალდებულება, რაც მოდის ინფორმაცია გადმოვცე. პლანეტებიდან რა ინფორმაციაც მოდის იმას ვწერ, რთული არის, მაგრამ მერე მახსენდება, რომ წმენდის დროს ადამიანი თავისუფლდება, შვება მოაქვს ამას და თავიდან ვიბადები ამ დროს. კვდები ღამით და იბადები დღისით. ორ სამყაროს წინაშე მიწევს ყოფნა სადღაც შუაში, არ მწყდება გული, ვარ თუ არა ბედნიერი? - ძალიან. რთული იყო თუ არა საკუთარი თავის პოვნა? - ძალიან, ძალიან.

10. სოციალურ ქსელში თქვენ პოსტებს უდიდესი გამოხმაურებები აქვს - მათ შორის ნეგატიურიც. ამაზე როგორ რეაგირებთ?

გოგა მანია: ვამბობ ამაყად, რომ ის 33 წელი, რაც მე გამოვიარე ეგ უნდა გამოიარონ ჯერ იმისათვის, რომ მერე განიკითხონ, თუმცა ეს მათი არჩევანია. განვუკითხივართ, დაუწერიათ და შემდეგ მოსულან ჩემთან. დაფიქრდნენ სანამ რამეს იტყვიან და ყველამ ჩაიხედოს თავიანთ გულში. რაც შეეხება სოცქსელში ნეგატიური კომენტარის დაწერას, ნახეთ რა ხდება. მე არასოდეს არავის არ ვუწერ ნეგატიურ კომენტარს იმიტომ, რომ ამით ვუფრთხილდები საკუთარ ენერგოველს. ადამიანი, რომელიც ცუდ კომენტარებს წერს, დრო აქვს ბევრი და ერთობა. ნებისმიერი ნაწერი, მანიფესტირებული სიტყვა, კარგია თუ ცუდი, აუცილებლად გიბრუნდებათ უკან. სამყარო გადავიდა სულ სხვა ჰერცებზე, მაღალ ჰერცებზე. ნებისმიერი ნათქვამი თუ დაწერილი ნეგატიური სიტყვა არის სიკვდილის ტოლფასი. 

11. ალბათ, ერთ-ერთი სასურველი სტუმარი ხართ ყველასთვის. რა შეკითხვებს გისვამენ ძირითადად? როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ შემთხვევაში? 

გოგა მანია: ნეგატივი კი იწერება, მაგრამ გარეთ მხვდებიან ძალიან თბილად, ფოტოს იღებენ ძალიან ბევრს. სტუმრობას რაც შეეხება, ახლობლებს უნდათ დავრჩე მათთან, მაგრამ საქმეებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ. ძირითადად მომმართავენ იმაზე, თუ როგორ გამოასწორონ საქმეები, რასაც აკეთებენ, ზოგს ეშინია. ხშირ შემთხვევაში ჯადო, ენერგეტიკული დარტყმა, მაგია, მოდის იმ ადამიანებთან, ვისაც სისხლის პრობლემები აქვს, აქვს საშინელი დაავადება კიბო,აწუხებს წნევები, კანის დაავადებები. დაახლოებით 75%-მდე დაავადება მოდის სულისა და ხორცის დისბალანსის დროს. ხშირად თვითონ იავადებენ თავს ადამიანები, დაზიანებული ადამიანი მიმართულია იქითკენ, რომ უფრო მეტად დაზიანდეს. ადამიანი რომელიც წუწუნებს შენთან, უნდა მისცე ამ ნეგატივს მიმართულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაგაზიანებს.

12. რა არის ყველაზე დიდი მოტივაცია თქვენს საქმიანობაში? 

გოგა მანია: მოტივაციას მაძლევს, მეტი გაღვიძებული და თავისუფალი ადამიანი, რომ სწორად წარმართონ თავიანთი ცხოვრება. მარტივად არაფერი არ მოდის.

13. რა არის ის დანაშაული, რაზეც უმკაცრესი სასჯელი უნდა არსებობდეს?

გოგა მანია: სასჯელისთვის გვყავს ადამიანები, ვინც აგებინებს დამნაშავეებს პასუხს, მაგრამ უმკაცრესი სასჯელი აუცილებლად უნდა მიუსაჯონ მათ, ვინც პატარა ბავშვებს და მომავალ დედებს ცუდად ექცევა - პედოფილებს და მამებს ვგულისხმობ, ვინც ცუდად ექცევა მათ. 

14. ჯადო თუ გაუკეთებია ვინმეს თქვენთვის? 

გოგა მანია: კი. ერთი წლის წინ, მეც მოვხვდი კლინიკაში. ჯადოს რაც მოაქვს დაავადებები კვანძოვანი, ესენი აღმომაჩნდა ზუსტად. იყო ზემოქმედება, მიუხედავად იმისა, რომ ვგრძნობდი ეს მოხდებოდა. მანამდეც გაუკეთებიათ არა ერთხელ, მიკვირს, როგორ გაბედეს?! (იცინის)

15. რას გვეტყვით სიზმრებზე, რა ფენომენია და რატომ ხედავს ადამიანი სიზმარს?

გოგა მანია: სიზმარი სხვადასხვა სახის ვიბრაციაა. შესაძლოა, რამე ნეგატიური ზემოქმედების ქვეშ იყვნენ და აფრთხილებდნენ მას. ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მასთან არსებული ნეგატივი რჩება დედამიწაზე, საფლავში არ მიდის. ამ ყველაფრიდან გამოსავალი რაშია - ლოცვა, მედიტაცია, ბუნებაში სეირნობა, სიმშვიდე, ბალანსის დაცვა. სიტყვებს დიდი ძალა აქვს, ნუ შეურაცხყოფთ ადამიანები ერთმანეთს.

16. დღეს დამცავი ქვების ტარება ასე ვთქვათ ტრენდულია - შეუძლია თუ არა მას ზიანის მოტანა, თუ არასწორად გვიკეთია ის?

გოგა მანია: არა, თუ გასუფთავებულია ქვა მისი ტარება არ არის სახიფათო. მთავარია, ის არ დამუხტო სიტყვებით. ქვები შეუძლია ადამიანს შეუხამოს ტანსაცმელს და გაიკეთოს, მთავარია არ დაიმუხტოს ის. ხოლო ტარების შემდეგ აუცილებელია, ყოველი დღის ბოლოს გასუფთავდეს, რადგან დიდი ინფორმაციის მატარებელია ის.

17. თქვენი მოწამვლის ამბავი, რომელიც თურქეთში გადაგხდათ - რა მოგცათ ამ გამოცდილებამ?

გოგა მანია: ზუსტად ვიცოდი, რომ ეს უნდა მომხდარიყო. უამრავი კითხვა იყო, „ეზოტერიკოსი ხარ და როგორ ვერ აირიდე ეს მდგომარეობა თავიდან“ - ნახეთ, ყველაფერი რაც ხდებოდა შიგნით მე კი ავირიდებდი, მაგრამ იქ გარეთ მომხდარის განჭვრეტა არ მქონდა. დამისვეს ასეთი კითხვა, დასაჯეთ თუ არა ისინიო - არა, რა თქმა უნდა. მე ვაპატიე და გავუშვი.

18. და ბოლოს, უნივერსალური რჩევა „დაიჯესტის“ მკითხველს გოგა მანიასგან....

გოგა მანია: აუცილებლად იყვნენ გულწრფელები, მეტად უყვარდეთ და მეტად დააფასონ. ჯოჯოხეთს აქ გადიან ადამიანები, საკუთარი თავის პოვნამდე. უფალი იპოვონ თავიანთ სულიერებაში, თუ გაექცევით პრობლემებს, ისინი გამრავლდებიან, თუ აღმოჩნდებით მათ ეპიცენტრში ისინი აუცილებლად გაიწოვებიან. მეტი ლოცვა, მეტი მედიტაცია, მაღალ ჰერცზე მედიტაციის მუსიკის მოსმენა. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ სასურველი სასიძოები ეროვნული ნაკრებიდან - „მათი გული ჯერ კიდევ თავისუფალია“