Digest Logo

„ჩემი ქმარი მეუბნება - „სხვებს ამეცადინებ და შენს შვილებს არაო“... ჩემთვის მთავარია, ინტელექტუალურად აღზრდა!“- თამარ ივერი, შვილებზე, კარიერასა და ცხოვრების მთავარ გამარჯვებებზე

1714477998
თმარ ივერი

თამარ ივერი ყველასათვის ცნობილი საოპერო მომღერალია, რომლის სახელმაც ქვეყანას არა ერთი გამარჯვება და წარმატება მოუტანა. იგი აქტიურად მოღვაწეობს მსოფლიოს დიდ სცენებზე, მიღებული აქვს არა ერთი დამსახურებული და საპატიო ჯილდო. ამჟამად მომღერალი საქართველოში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს და კარიერას სამშობლოში აგრძელებს.

„დაიჯესტი“-ის  გულახდილი ინტერვიუ პრიმადონასთან:

- ვინ არის თამარ ივერი?

თამარ ივერი: ვიცი მიცნობს, როგორც ოპერის მომღერალს. ასევე დავამატებდი, რომ არის ადამიანი, რომელიც ცდილობს რაღაცნაირად დაეხმაროს თავის კოლეგებს, ახალგაზრდა მომღერლებს. სწორედ მათთვის შევქმენი ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, ფესტივალი. ისედაც მე არ მქონდა ბავშვობაში იმის ფუფუნება, რომ ვიღაცა კარიერაში დამხმარებოდა და გზა გაეკვალა.

- როგორი ბავშვობა გქონდათ, როგორ დაიწყეთ მუსიკალური კარიერა და ვინ იყო თქვენი ინსპირაციის წყარო?

თამარ ივერი: მამა ოპერის მომღერალი იყო ავთანდილ ჯავახიშვილი, ბარიტონი. ბაბუა ცნობილი ჟურნალისტი და პუბლიცისტი, რომელიც მუშაობდა გაზეთებში. სულ ამბობდა, ივანე ჯავახიშვილი არის ერთი და სულ ფსევდონიმით წერდა თავის სახელს. წინა თაობა, ძალიან კარგად იცნობს ჩემს ბაბუას. დედა გერმანული ენის მთარგმნელი იყო. ბავშვობაში ფუფუნება არ გვქონია, ყველა ისეთი ხელოვანი და ინტელიგენტი ხალხი ვიყავით, ბიზნესმენი არავინ გვყოლია. ბავშვობაში სულ მენატრებოდა მარწყვი და „დათუნიას“ კანფეტი - ფუფუნების საზომად მაინც ეს ითვლებოდა ჩემს ბავშვობაში. ფერადი ბავშვობა მქონდა. დოლიძეზე ვცხოვრობდი და ასევე ბებია-ბაბუის ქუჩა „ნახალოვკაში“. ასე, რომ ჩემი ცხოვრება ორად იყო გაყოფილი. ყველაზე მეტად მიყვარდა იტალიური ეზო და „ნახალოვკა“. სულ მგონია, რომ კორპუსში გაზრდილ ბავშვებს არ აქვთ ის განწყობა და ენერგია, ის ხიბლი, რაც იტალიურ ეზოში გაზრდილ ბავშვებს გვქონდა. სწორედ ამიტომ იტალიაც ასოცირდება ჩემთვის ასეთ გარემოსთან.

მამა სულ არჩევდა ინტელიგენციაში ჩვენთან ერთად ნაწარმოებებს, სხვა და სხვა მომღერლების შესრულებით.

პატიჟებდა ოპერის მომღერლებს და სოლისტებს. მამას ასევე ჰქონდა ფირფიტების „ფოტოთეკა“ საკმაოდ მდიდარი. სულ მოდიოდნენ ამ ფირფიტების გასარჩევად და მოსასმენად. აქედან გამომდინარე გარდაცვლილი მომღერალსაც, რომ მოვუსმინო შემიძლია გამოვიცნო ვინ  მღერის. ბავშვობიდან ჩამებეჭდა მათი ხმის ტემბრი. პარალელურად დავყავდი მამას თავის კონცერტებზე. მახსოვს, ქართლოს კასრაძე იყო გამომცხადებელი (წამყვანი) კონცერტებზე. ერთ-ერთი კონცერტი დამამთავრებინეს ნეაპოლიტანური სიმღერით. მთელი დარბაზი ტაშითა და ოვაციებით მამხნევებდა. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი და ამის შემდეგ გამოვდიოდი მამას კონცერტებზე. ესეც „ნახალოვკაში“ გადმოვიღე და კონცერტებს ვატარებდი ეზო-ეზო. გვიყრიდნენ აივნებიდან კანფეტებს და მანდარინებს -  ეს იყო ჩემი პირველი ბიზნესი. დედა მეუბნებოდა - „ნახალოვკაში“ ყოფნა იმიტომ გიყვარს, უბნის „ჯამბაზობას“ ეწევიო.

მინდოდა მომღერლობა, მაგრამ არასდროს მიფიქრია ოპერის მომღერლობაზე. ყოველთვის წარმომედგინა დიდი მსუქანი დეიდების საქმიანობად, მაგრამ მერე, მამამ რომ მომასმენინა ქალი შემსრულებლები, აქედან მივიღე ეს გადაწყვეტილება. მამამაც მითხრა, რომ თუ სწორად ვიმეცადინებდი მასთან ერთად შედეგიც კარგი გვექნებოდა. დავიწყე მამასთან ერთად მუშაობა, თუმცა ერთი თვის შემდეგ ვერ ვგრძნობდი შედეგს. შემდეგ მამამ მითხრა, რომ უბრალოდ აინტერესებდა თუ მქონდა მონდომება და სურვილი მუსიკის, გამომიტყდა კიდეც, რომ კონკრეტულ არიას ერთ თვეში კი არა მინიმუმ 15 წელში ვიმღერებდი, იმდენად შრომატევადი იყო. საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ 12 წელიწადში დავიწყე პროფესიონალური სიმღერა. პირველად რიყეზე გაიმართა დიდი კონცერტი, ეს არია ვიმღერე და მივუძღვენი მამას ხსოვნას.

- მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ისტორია, როგორ გაიცანით მეუღლე?

თამარ ივერი: ერთი ბარიტონი ბიჭი იყო, მომღერალი. ვეხმარებოდი, მოსმენას ვუკეთებდი. ჰოდა ვუთხარი, რომ ზაფხულში ვმღერი ვერონაში, ჩამოდი დაგპატიჟებ მეთქი. მომწერა ამ ბიჭმა კონტრაქტი გამომიჩნდა და ვეღარ ვახერხებ ჩამოსვლასო. თუმცა არის ერთი ქართველი ბიჭი, მეგობრობასაც გამოგიგზავნის იტალიაში ცხოვრობს და მას მიეცი ეს ბილეთიო. თან გადაგიღებს ვიდეოსო, დამიმეგობრდა და მომწერა, აუცილებლად ჩამოვალ თქვენს სპექტაკლზეო. მეგონა გადაავიწყდებოდა, რადგან ეს მიმოწერა იანვარ-თებერვალში იყო. მოვიდა ივნისი ამ ბიჭმა ისევ მომწერა, როდის არის ზუსტად თქვენი სპექტაკლი, რომ მოვიდეო. მე ვუთხარი, რომ აღარ იყო საჭირო მოსვლა, რადგან ბილეთი აგენტისთვის მქონდა მიცემული. არა როგორ გეკადრებათო, სიტყვა მივეცი ჩემს მეგობარსო. კარგი მაშინ გენერალურ რეპეტიციაზე დაგპატიჟებთ მეთქი. მართლაც ჩამოვიდა. მახსოვს, რომ გადმოვიდა მანქანიდან გავიფიქრე - რა ლამაზი ბიჭია ასეთი ქართველი კაცი, კარგა ხანია არ მინახავს-მეთქი. ისიც ვიფიქრე, რომ შესაძლოა გათამამებული ყოფილიყო გარეგნობით. ვაკვირდებოდი, არაფერი მსგავსი ძალიან მოკრძალებული და მორიდებული ადამიანი აღმოჩნდა. ყველაზე მეტად მისმა ყურადღებამ აღმაფრთოვანა. აი რესტორანში, რომ შევიდოდით მივარდებოდა ადმინისტრაციასთან და ეტყოდა კონდიციონერი ძალიან მაღალზეა, ოპერის მომღერალი ქალბატონი ზის მაგიდასთან და ჩაუწიეთო. ვიფიქრე, რაღაც სისხლში აქვს თუ უბრალოდ თავს მაწონებს-თქო. ძალიან გამოიჩინა დამხმარე ხასიათი. დედამისი, რომ გავიცანი ვიგრძენი მშობლის მიმართ ასეთივე მოპყრობა და ყურადღება. ძალიან უყვარს ადამიანები და მათ საოცრად ემსახურება. სპექტაკლის წინ, ერთხელ წამომცდა - მგონი გავცივდი-მეთქი და უჩინარი წამლები გააჩინა. ნელ-ნელა დავახლოვდით. ოთხი დღის მერე ისევ ჩამოვიდა, მოჭიდავეა. მოწიწებით მეპყრობოდა. ასაკით ჩემზე პატარაა და მაინც ვფრთხილობდი, ახლოს არ ვუშვებდი დისტანცია მქონდა.

კარგი ასაკიც მქონდა, გათხოვილი არ ვიყავი და ვიფიქრე - რატომაც არა. დედაჩემი ისეთი „ტიპი“ იყო პირადულზე ვერ ველაპარაკებოდი, შავ-თეთრი საუბარი იცოდა. ჩემს მეგობარ პიანისტს დავურეკე და აზრი ვკითხე და ავუწერე რაც ხდებოდა ჩვენს შორის. იქიდან მოდის ხმები - „თამარ რა მკაცრი გიჭირავს, სულ დადიხარ, მღერი სულ ჩემოდანი გიჭირავს...“. მეგობარმა მითხრა - თვითონ ვერ გაგძნობინებსო, რადგან შენ ოპერის მომღერალი ხარო, მორიდება აქვსო. თითქოს მიმახვედრა, რომ მე უნდა გადამედგა პირველად ნაბიჯი. რომ ჩამოვიდა და შემდეგ დაბრუნდა „რეცეფშენში“ დამიტოვა რაღაც. გადახვეული ქაღალდი და შიგნით ყვითელი ყვავილი. ვკითხულობ - „ქალბატონო თამარ თქვენთან გატარებული ორი დღე დაუვიწყარი იყო, მიუხედავად იმისა, რომ შორს ვარ ოპერისაგან“. ძალიან რომანტიკულად ეწერა, ყოველგვარი გადამეტების გარეშე. ამის შემდეგ ვაპირებდი ოფიციალურად მიმეწერა, თუმცა ისევ ჩემმა მეგობარმა დამიწყო ჩხუბი, რომ ხელიდან არ გამეშვა, ვიფიქრე - „დავივიწყებ, რომ პრიმადონა ვარ და შენობით ფორმატში მივწერ“. ბოლოში ვწერ - „ასე არ გააგრძელო, თორემ შემიყვარდები-მეთქი“. მივწერე და უცებ მირეკავს შენობით ფორმაზე გადმოვიდა და მითხრა - „მგონი მეც შემიყვარდიო“. თითქოს ისიც გაიხსნა და მეც, რაღაცნაირად თავისუფლად ვიყავი ამის შემდეგ.

- ამბობენ რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ წყვილის ცხოვრებაში ჩნდება კრიზისი რა არის თქვენი ბედნიერების საიდუმლო?

თამარ ივერი: კრიზისები ჩვენც გვქონია. პირველ რიგში უნდა იყო მეუღლის მეგობარი, როდესაც შენ გაქვს კითხვები ცხოვრებაში და მეუღლეს პასუხები, ან პირიქით. ანუ მრჩევლები ხდებით და მეგობრები ერთმანეთის. ასეთი ურთიერთობები მყარია. მხოლოდ ვნება, ლამაზი თვალები, კუნთები, ეს გადის რამდენიმე თვეში და წელიწადში. რჩება ხასიათები, ერთმანეთისადმი, ერთგულება და მეგობრობა. მე ვიცი, რაღაც რომ გამიჭირდეს, რაული ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნება, ასევე რაულიმაც იცის. თუ ასეთი შეგრძნებები არ აქვს წყვილს, მალევე იშლება. ეჭვიანობა და უნდობლობა არ უნდა იყოს წყვილს შორის - ალბათ, ეს არის ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო.

- როგორი დედაა თამარ ივერი?

თამარ ივერი: საზოგადო მოღვაწე და მომღერალი, რომ არ ვყოფილიყავი შესაძლოა უკეთესი დედა ვყოფილიყავი. უფრო მეტი დრო მქონოდა ჩემი ბავშვებისთვის. ცუდი დედა ნამდვილად არ ვარ. ვცდილობ კარგ ადამიანებად გავზარდო, სიყვარული ვასწავლო, ცხოველების, ადამიანების მიმართ. ზოგჯერ მეუბნებიან - „აი ეს ჩემს კლასელს ეს არ აქვს და მინდა ვაჩუქო“. მაშინ ვხვდები ხოლმე, რომ მათში უკვე ზის სიკეთის საწყისი. ქუჩაში ლეკვს, რომ დაინახავენ მეუბნებიან მოდი გავაჩუქოთო. ჰოდა ვხვდები, რომ ცუდ ადამიანებს არ ვზრდი. არ ვათამამებ, აიფონებით არ დამყავს, ყოველ შემთხვევაში ისე არ არის, რომ ვაწუწუნო. თუმცა სულ ვეუბნები, რომ თუ რაიმე ღირებულის ყიდვა უნდათ, თავისი შრომით უნდა იყიდონ და არა დედიკოს და მამიკოს ფულებით.

- შვილებს თუ აქვთ სიმღერის ნიჭი?

თამარ ივერი: დრო არ მაქვს, რომ ვამეცადინო. ჩემი ქმარი მეუბნება ხანდახან  - „სხვებს ამეცადინებ და შენს შვილებს არაო“. ჯერ პატარებიც არიან და თან მირჩევნია ცოტა გაიზარდონ. დაფიქრდნენ რა სურთ. მირჩევნია სიმღერა სხვაგან ისწავლონ დავით არჩვაძესთნ დამყავს და შევხედო იგი რას მეტყვის, როგორ მიდის პროცესი. არ მინდა ნაადრევად დაკომპლექსდნენ, რომ თამარ ივერის შვილები არიან. შემდეგ მეც გავაგრძელებ მათ მეცადინეობას. ის მომენტი არ მაქვს, რომ ჩემი შვილი მაინც და მაინც ეს უნდა გამოვიდეს. ყოველთვის ვაგონებ, რომ ისინი არავისზე მეტნი არ არიან. ჩემთვის მთავარია, ინტელექტუალურად აღზრდა. დამოუკიდებლობას ვაჩვევ, აი მაგალითად - თუ მოშივდებათ მაცივარს გამოაღებენ და რაღაცას მაინც მოძებნიან, მშიერები არ დარჩებიან.

- ამბობენ ორი ქალი ერთ სამზარეულოში ვერ ეტევა, თქვენ რა ურთიერთობა გაქვთ დედამთილთან?

თამარ ივერი: ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. გაცნობის პირველივე დღიდან კარგად შემხვდა. ისედაც მედგარი ადამიანია. იტალიაში თუ ვინმე დასაქმებულა და მუშაობს, თითქმის ყველა მან დაასაქმა. ძალიან ცნობილი დამსაქმებელია იტალიაში. დაახლოებით, ხუთი წელია ამერიკაში წავიდა, თავის ქალიშვილთან და იქ ცხოვრობს. ქალიშვილი იქ გათხოვდა და მოქალაქეობა აქვს. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან ბავშვები, ჩვენი ტყუპები როცა დაიბადნენ, დატვირთული ვიყავი პროფესიის კუთხით, ასევე მორალურად რთული პერიოდი მქონდა. ძალიან დამეხმარა ბავშვების გაზრდაში. არის დომინანტი ქალბატონი, ძლიერი ხასიათის. მოგვდის კამათიც ამის გარეშე ზოგადად არ იქნება, მაგრამ საერთო ჯამში მისი კეთილშობილება სძლევს ხოლმე ამ ყველაფერს.

- არსებობს ასეთი გამოთქმა - ძლიერი კაცის უკან ძლიერი ქალი დგას. ეთანხმებით თუ არა ამ მოსაზრებას?

თამარ ივერი: ბოლომდე ვერ დავეთანხმები, რადგან ისეთი კაცი ვიცი ისტორიაში, ცოლი და ქალი საერთოდ არ ჰყოლია ცხოვრებაში და ძლიერი იყო. თუმცა, ისიც მინახავს - ძლიერი კაცი, როგორ „გაუფარჩაკებია“ არასერიოზულ ქალს. მამაკაცი ქალთან ურთიერთობით შეიძლება გაკეთილშობილდეს და გაძლიერდეს, თუმცა ხდება პირიქითაც. ჩვენ ვიცით ცნობილი ადამიანები, სექსუალური ძალადობისთვის სრულიად მოუკვეთავს საზოგადოებას. მეც ვიცი მამაკაცები, რომლებიც ძალიან დიდი ცოდვები აქვთ. როდესაც გყავს ძლიერი და ჭკვიანი ცოლი, მაგალითად ჰილარი კლინტონი, კაცისთვის არის ძალიან დიდი საყრდენი. თუმცა იმასაც ვიტყვი, რომ ძლიერი ცოლი ჰყოლია მამაკაცს და უარყოფითი გავლენა მოახდინა მასზე. ცოლი არის როგორც გემის, მიმართულების მიმცემი კაპიტანი.

- რომ არა უცხოეთი, რას ფიქრობთ, ასეთი წარმატებული და პოპულარული იქნებოდით?

თამარ ივერი: საქართველოში ყოველთვის ასეთი ტენდენცია იყო, თუ კი გინდა, რომ შენს ქვეყანაში გაღიარონ და რაღაცას მიაღწიო, ჯერ უცხოეთმა უნდა გაგხადოს პოპულარული. შეიძლება ეს ცუდია. კარგიც არის, იმიტომ, რომ თუ ძალიან მაგარი ხარ, რატომ გეშინია გახვიდე უცხოეთში?! ოპერა იქ უფრო მძვინვარებს „ლასკალა“ და „შტააც ოპერა“ და ა.შ. მთელი საოპერო თეატრები არის ევროპაში და ამერიკაში. შენ, რომ მხოლოდ თბილისში - იძახი „შენნაირი არ არსებობს“, წადი აბა იქ თუ მოეწონები ხალხს. მე ვერ ვიტყვი, აქ რომ დავრჩენილიყავი იგივე კარიერა და სახელი მექნებოდა.

- რას ურჩევდით დამწყებ მომღერლებს?

თამარ ივერი: უპირველესად ვურჩევდი შრომას და მოთმინებას. 5 წელია უკვე ვასწავლი ოპერის ხელოვნებას და ძალიან ბევრი მომღერალი აღვზარდე, ძალიან ბევრი კონკურსიდან ბრუნდებიან გამარჯვებულები. სულ ვეუბნები, რომ მოითმინონ. ზოგი მოდის და მეუბნება, რომ უნდა ვამეცადინო, რათა უცხოეთში წავიდეს და აგენტი ჰყავდეს, თუმცა ეს სწორი არ არის. მხოლოდ მაშინ შემიძლია მიღება მოსწავლის, თუ მას სურს ტექნიკურ და პროფესიონალურ დონეზე ოპერის შესწავლა. ჩქარა-ჩქარაში ვარსკვლავი ვერ გახდები. ზოგი დამწყები ოპერის მომღერალი მხოლოდ ვიდეოებით და სოციალურ ქსელში კომენტარებით კმაყოფილდება. ბევრს ასეთი მოთმინება და შრომისმოყვარეობა არ აქვს.

- რაიმე განსაკუთრებული რუტინა ხომ არ გაქვთ, ხრიკები რომლებსაც მომღერლები მიმართავენ ხოლმე?

თამარ ივერი: უპირველესად სუნთქვაზე ვიწყებ ხოლმე ვარჯიშს. საკვები არ არის რაიმე ისეთი განსაკუთრებული, რასაც არ მივირთმევ ან პირიქით. სუნთქვითი ვარჯიშების შემდეგ გვაქვს სახმო ვარჯიშები. ტუჩები, რომ ვიბრირებს ავტომატურად ვიბრირებს, ყელიც ეს არის მოთელვა. მომღერალმა პირდაპირ არ უნდა დაიწყოს სიმღერა. ეს იქნება შოკი სახმო სიმებისათვის. ამიტომ ჯერ ვიწყებ ცხვირით, მერე ტუჩებს და ყელს ვავარჯიშებ. ასე ვახურებ ჩემს სახმო აპარატს. მაქვს ჩემი გამღერებები სპეციალური, ზოგიერთი დიაფრაგმის სავარჯიშოდაც არის.

- ქართული ტრადიციებიდან რომელს გამოარჩევდით?

თამარ ივერი: არის ტრადიციები, რაც მიყვარს. თუმცა, მე პირადად მაღიზიანებს „ბოცებით“ ღვინის სმა. აი თითო კაცს, რომ ხუთი ლიტრა აქვს დალეული მაგიდასთან, ეს რაღაცნაირად ერის დაავადებაა უკვე. თამადამ შეიძლება თქვას ძირითადი სადღეგრძელოები, თუმცა რომ აღარ მთავრდება - ეს ავადმყოფობაა. უნდა შეიკვეცოს ეს ყველაფერი. ღვინო ზოგადად რამდენიმე ჭიქა კარგია. საქართველოში სტატისტიკურად მკვლელობები ხდება შელაპარაკების და სიმთვრალის ნიადაგზე. ეს იმიტომ, რომ აღარ მთავრდება სადღეგრძელოები გადადის „ღრეობაში“. ყველაზე მახინჯი ტრადიციაა ეს ჩემთვის და „ლომისობა“ ასევე, რომ ხოცავენ ამ ცხოველებს. ეს რაღაც ბნელი წარმართული ტრადიციები უნდა მოვიშოროთ.

მე მივესალმებოდი, რომ წელიწადში ერთი დღე იყოს, თუნდაც „თბილისობა“, როცა ქუჩაში მანქანები არ ივლიან. ყველანი ვივლით ფაეტონებით, ჩოხებით. ამით რაღაცნაირად გავიხსენოთ ძველი ქართული ტრადიცია. ყველამ იაროს ასე, რომ გადავიდეთ მე-19 საუკუნეში. თუ ასეთი კარგი და ლამაზი ტრადიაცია გვექნება მოხარული ვიქნები.

- გულჩვილი ადამიანი ხართ? რაზე იტირეთ ბოლოს?

თამარ ივერი: დიახ გულჩვილი ვარ ძალიან. აი სიკეთის კეთებაზე, რომ ვიდეოებს ვნახულობ ხოლმე. მაგალითად - ვიღაც, ვიღაცას რომ დაეხმარება, თუნდაც ცხოველს გადაარჩენენ. ასეთი ვიდეოების ნახვის დროს მეტირება.

- რა არის თქვენთვის მძიმე დანაშაული, რისთვისაც ადამიანი მკაცრად უნდა დაისაჯოს?

თამარ ივერი: აი ბავშვზე, რომ სექსუალურად იძალადებ. ცხოვრებაში ჭიანჭველა არ მომიკლავს, თუმცა იმ მომენტში შეიძლება სიცოცხლეს გამოვასალმო ადამიანი, როცა დავინახავ, რომ დიდი ადამიანი ბავშვზე სექსუალურად ძალადობს. უფროსი ადამიანი წინააღმდეგობას გაუწევს, თუმცა პატარას ამის უნარი არ აქვს. ასევე ვბრაზდები ცხოველზე ძალადობაზე, რადგან ის სუსტია, ხმას ვერ იღებს, ვერ გიჩივლებს. საერთოდ მეზიზღება, როცა ძლიერი ადამიანი სუსტზე ძალადობს. თუნდაც მოხუცზე ძალადობა.

- როგორ რეაგირებთ ტყუილზე?

თამარ ივერი: თუ ამ ტყუილმა ფინანსურად დამაზარალა ან კარიერა დამაკარგვინა, რა თმა უნდა რეაგირება მექნება. ძალიან არ მომწონს, რომ წერენ ხოლმე ერთმა ადამიანმა დამაზარალა სახელს და გვარს არ დავასახელებო. რას ჰქვია არ დაასახელებ, თუ ვიღაცამ ასე დაგაზარალა, უნდა გამოააშკარაონ, რომ სახალხოდ შეარცხვინო. თუ თვის დამცველობით ტყუილზეა საუბარი, უბრალოდ მერე მიხვდება, მისგან შორს, რომ დავიჭერ თავს და ვდისტანცირდები.

- რა პერიოდი გაქვთ შემოქმედებით ცხოვრებაში?

თამარ ივერი: პაუზასავით გამომივიდა. პირველ რიგში ბავშვების და ოჯახის გამო, როგორც გითხარით მოვკიდე ხელი რამდენიმე ადამიანს, რომლებიც მინდა აღვზარდო და მინდოდა, რომ მსოფლიო ასპარეზზე გამეყვანა. მე ესეც შევძელი. აგენტებმა და თეატრების დირექტორებმა, ეს მხარეც დაინახეს, რომ თამარ ივერს ჰყავს კარგი მოსწავლეებიც. დღეს ისინი ევროპული კარიერისკენ წავიდნენ. ასევე დავაარსე კონკურსი „ბათუმური რაპსოდია“. ინსპირაცია მქონდა Queen- ის სიმღერიდან Bohemian rhapsody. ამ სახით დავაარსე ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსი, „ოპერის ოქროს ხმა“. სამი წელია უკვე, რაც დაარსდა. წელსაც იქნება 6 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრამდე. ველი კონკურსში ბევრ ვოკალისტს. ჩამოვლენ უცხოეთიდანაც. კონკურსი პირველად ჩატარდა 2022 წელს და გაიმარჯვა აზერბაიჯანელმა მეცო სოპრანომ. მიიწვია „მეტროპოლიტენ ოპერამ“ „ლასკალამ“. პირველივე ტურიდან ლიდერობდა... ჩემი მოსწავლეა. უცხოეთიდან შემოთავაზებები მაქვს და შესაძლოა მომიწიოს საქართველოდან გასვლაც.

- რა არის თქვენთვის ყველაზე დიდი გამარჯვება?

თამარ ივერი: ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება ის არის, რომ ჩემი ქვეყნის სახელი გამქონდა ევროპის დიდ სცენებზე მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. თუნდაც პირველი პრემია, მოცარტის კონკურსზე, არც ერთ ქართველს კი არა, არც ერთ საბჭოთა მომღერალს არ ჰქონია ეს გამარჯვება. 4 წელიწადში ერთხელ იმართება. იქ ძალიან დიდი რეპერტუარი, 15 ნაწარმოები უნდა გაიტანო. ყველა გაურბის ამ კონკურსზე გასვლას. ასეთ სიტუაციაში უპატრონოდ ჩასული. თან ვთვლიდი, რომ კარგად ვასრულებდი მოცარტს. გავიმარჯვე, ავიღე პირველი ადგილი გრან-პრი. ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან დიდი გამარჯვება. ასევე დიდი გამარჯვება არის ვენის „შტაას ოპერის“ მედალი, რაც ასევე მერგო წილად, რა თქმა უნდა ჩემი ცხოვრებისეული მიღწევების გამო. „ვერდის ხმაშიც“ გავიმარჯვე. ჩემი ყველაზე დიდი გამარჯვება ასევე არის ჩემი შვილებიც, რა თმა უნდა. ფესტივალიც დიდი გამარჯვებაა, რომელიც მე დავაარსე.

ძალიან ბევრ შემოქმედებითი გამარჯვებები მაქვს, თუმცა სტატისტიკურად ამას გამოვყოფ. ამის შემდეგ გაიღო ყველა დიდი სცენის კარი ჩემთვის.

- რაც შეეხება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, როგორ შეაფასებდით?

თამარ ივერი: მე ჩემი შეხედულებები მაქვს, რა თქმა უნდა ყველაფერზე. ატყობთ ალბათ, რომ ვერიდები პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას, რადგან ერთ მხარესაც მყავს მეგობრები და მეორე მხარესაც. ჰოდა რაღაცა, რომ ვთქვა ერთ ან მეორე მხარეს დავკარგავ. ალტერნატივა არ არის, რომ ჩვენი მომავალი და ადგილი ყოველთვის იყო და არის ევროპა. მე თვითონაც გახლავართ ევროპის მოქალაქე. თუმცა იმ ევროპისგან უნდა ავიღოთ ის, რაც კარგია. მაგალითად: დისციპლინა, გამჭვირვალობა, ურთიერთობები, დემოკრატია, გახსნილობა. თუ რაიმე იქაც არის ნაკლოვანებები, არ უნდა გადმოვიტანოთ. ადამიანივით არის, რაც ადამიანის მოგწონს იმაში ჰბაძავ. ვცდილობ მაინც, რომ არავინ გავაღიზიანო ჩემი აზრების ფრქვევით.

ავტორები: ნინი ჭიჭინაძე და მარიამ არიშვილი

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ქვეყანა, რომელიც ვერ გრძნობს ეპოქის მაჯისცემას, ვერასოდეს შეძლებს განვითარებას, ამიტომ წინ ევროპისკენ - ენა, მამული, სარწმუნოება!“ - დათო ოქიტაშვილი

„მამული, ენა, სარწმუნოება“ - თემურ თათარაშვილმა ილია ჭავჭავაძის სიტყვები ამოისვირინგა

„ბოდიშს ვუხდი ყველას, აუცილებლად მივალ“ - რა დაემართა გიორგი კეკელიძეს?