Digest Logo

„თავს ვარიდებ ურთიერთობებს, დარწმუნებული ვარ, ბოლო მაინც ის იქნება, რომ ჩემი მეორე ნახევარი მეტყვის - აღარ წახვიდე“ - გემის პირველი ქალი მექანიკოსის გულახდილი ინტერვიუ

1716196203
 მარი გურგენიშვილი

საზღვაო განათლების მიღებასთან პირველი, რაც საზოგადოებას ახსენდება, ესენი არიან ადამიანთა კატეგორია, რომელიც აჭარაში დაიბადა და „მემკვიდრეობით“ აღნიშნული პროფესია ხვდა წილად. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ადამიანი, რომელსაც „დაიჯესტი“ გაგაცნობთ, ფშაველი გოგო, 23 წლის, გემის პირველი ქალი მექანიკოსია საქართველოში. 

მარი გურგენიშვილმა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, გემის მექანიკის ფაკულტეტი დაამთავრა. იგი ახლა ჰოლანდიაში იმყოფება და გეზი გერმანიისკენ აქვს აღებული. 6-თვიანი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემდეგ, საქართველოს ივნისში დაუბრუნდება.

ვინ არის მარი გურგენიშვილი, რამდენი წლის და რას მოღვაწეობს?

- მარი გურგენიშვილი არის 23 წლის, გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში...

ახლა, როდესაც ამ ინტერვიუს ვწერთ, სად იმყოფებით და საით გაქვთ გეზი აღებული?

 - ახლა ვიმყოფები ჰოლანდიაში, ხოლო გეზი გერმანიისკენ გვაქვს აღებული..

რამდენ ხანში დაბრუნდებით საქართველოში, რამდენი თვის გატარება გიწევთ გემზე წელიწადში?

- 6 თვე შემისრულდა, რაც შორეულ ნაოსნობაში ვარ და კიდევ ერთი თვე მიწევს გაჩერება.. ივნისში ჩამოვალ საქართველოში.პირველი ქალი მექანიკოსი საქართველოში „დაიჯესტთან“ საუბრისას განმარტავს თუ  რა შედის მის მოვალეობაში და რისი კეთება უხდება ყოველდღიურად. როგორც თავად ამბობს, მისი მთავარი საქმიანობა დიზელგენერატორების მწყობრში მოყვანა და თავდაცვის საშუალებების შემოწმებაა.

„დიზელგენერატორების მწყობრში მოყვანა, ასევე მათი გაშვება და გამოყვანა, ჩეკლისტები, აღრიცხვები და თავდაცვის საშუალებების შემოწმება, მაგრამ ჩემს სამანქანეში ყველა გუნდურად ვმუშაობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე თუ გაფუჭდა ყველა ერთად ვაგვარებთ ამ პრობლემას...“, - ამბობს მარიამი.

როგორი ბავშვობა გქონდათ და რა იყო თქვენი საოცნებო პროფესია?

- რთული ბავშვობა მქონდა ამაზე კონკრეტულად საუბარი არ მინდა, ხოლო რაც შეეხება საოცნებო პროფესიას, როცა ფიქრი დავიწყე იმაზე, თუ რა უნდა გამოვსულიყავი და როგორი პროფესია მინდოდა, რომ მქონოდა, ზუსტად მაშინ შევიტყვე გემის მექანიკაზე ზოგადად გემების შესახებ და ზუსტად ეს იყო ჩემი ოცნების პროფესია.

გაიხსენეთ დღე, როდესაც გადაწყვიტეთ გამხდარიყავით მეზღვაური, რას უკავშირებთ ამ პროფესიისადმი სიყვარულს?

- ყოველთვის მინდოდა რაღაც უცხო პროფესია ამერჩია, რომელიც იშვიათია შემოსავლიანი ასევე განვითარებადი ჩემთვის ზუსტად ასეთი პროფესიაა გემის მექანიკა და ზოგადად საზღვაო სფერო..

რა არის თქვენთვის იყო ერთადერთი მეზღვაური ქალი მექანიკოსი საქართველოში?

- ძალიან დიდი სიამაყის გრძნობა მეუფლება, როცა ვიძახი რომ მე ვარ გემის პირველი მექანიკოსი ქალი საქართველოში და მით უფრო მემატება ეს სიამაყის გრძნობა, როცა ჩემი ქვეყნის სახელს არ ვარცხვენ და წინ და წინ მივდივარ განვითარებით ძალით და სწავლით.

რამდენად რთულია თქვენი პროფესიის ადამიანისთვის ცხოვრება, როდესაც უმეტეს ნაწილს გემზე ატარებთ.

- სირთულე მხოლოდ ისაა ჩემთვის, რომ შორს ვარ საყვარელი ადამიანებისგან, მაგრამ ადამიანები ყველაფერს ვეჩვევით ან უბრალოდ გვიწევს შევეგუოთ...

თვლით თუ არა, რომ თქვენი პროფესიით სტერეოტიპს ამსხვრევთ?

- მე ამის ამბიცია არ მქონია რომ სტერეოტიპები დამემსხვრია და აღმოჩნდა, რომ თურმე კი დავამსხვრიე სტერეოტიპები ნამდვილად..

საზოგადოების რეაქციები როგორია, როდესაც ქალ მეზღვაურს იცნობენ?

- უკვირთ ხოლმე მეტ წილად, ამაყობენ და გვერდში მიდგანან ფიზიკურად დუ სიტყვიერად, ვის როგორც შეუძლია ისე..

თუ გქონიათ შემთხვევა, როდესაც სასიყვარულო ურთიერთობა გქონდათ და საპირისპირო სქესის წარმომადგენელს თქვენი პროფესია არ მოსწონებია?

- არა, არ მქონია მსგავსი სიტუაცია.. ალბათ ესეც იმიტომ, რომ თავს ვარიდებ ურთიერთობებს, რადგან დარწმუნებული ვარ, ბოლო მაინც ის იქნება, რომ ჩემი მეორე ნახევარი მეტყვის - „აღარ წახვიდე“. არავის არ ენდომება დარწმუნებული ვარ, მისი შეყვარებულის ამდენი ხნით გაშვება და თანაც ამდენ კაცის გარემოცვაში..

გვითხარით, ყველაზე გავრცელებული მითი თქვენი პროფესიისადმი.

- „ქალი უბედურების მომტანია გემზე“.

თუ გქონდათ შიშები პროფესიის საწყის ეტაპზე და რას უკავშირდებოდა კონკრეტულად ეს შიში?

- კი, რა თქმა უნდა ყველას აქვს შიში,.. შიში მხოლოდ იმის მქონდა, რომ იმ ყოველდღიურობას ვერ გავუძლებდი რაც გემზე ხდებოდა.. მაგრამ დღესაც გემზე ვარ და ვაკეთებ ამ საქმეს, რაც უზომოდ შემიყვარდა..

როგორი იყო მშობლების რეაქცია, როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება, რომ ნახევარ ცხოვრებას გემზე გაატარებდით?

- გაუკვირდათ, მაგრამ ყველანაირად გვერდში მედგნენ მამხნევებდნენ და დღემდე ასე არიან არ მაძლევენ დანებების უფლებას ..

ყველაზე მეტად რა გიყვართ თქვენს პროფესიაში?

- ყველაზე მეტად მიყვარს რა მომენტი იცით? რაღაც რომ გაფუჭდება და გასაკეთებლად მივდივარ და რომ ელოდებიან რაღაცას ვერ გავაკეთებ, ან არ გამომივა და ყველაფერს სწორად სუფთად, რომ ვაკეთებ და მათი რეაქცია გაკვირვება და სიხარული ამავდროულად, რომ ერევათ სახეზე, აი, ეს მომენტი მომწონს ყველაზე მეტად

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, დაოჯახებას გეგმავთ თუ არა და როგორ წარმოგიდგენიათ, შეძლებთ შვილების ცხოვრებას თქვენი პროფესია შეუთავსო?

სამომავლოდ ისევ ამ სფეროში მოღვაწეობას ვგეგმავ ... სამწუხარო,  ჯერ დაოჯახებას არ ვგეგმავ, დავოჯახდები მხოლოდ მაშინ, როცა ფეხზე მყარად დავდგები და მიზნებს მივაღწევ, ხოლო ამის შემდეგ შეიძლება დავფიქრდე ამ ყველაფერზე ..

რას ურჩევდით იმ ახალგაზრდა გოგოებს, რომლებსაც უნდათ გახდნენ მეზღვაურები, თუმცა გავრცელებული სტერეოტიპები მათ აბრკოლებთ?

- არავის არ მოუსმინონ არასდროს, თუნდაც მშობელი იყოს, როცა საქმე მათ პროფესიის არჩევანს ეხება.. რატომ? იმიტომ რომ, მომავალში თავად უნდა იმუშაონ იმ პროფესიით, რომელსაც ისინი აირჩევენ და მერწმუნეთ, რთული იქნება მუშაობა, როცა ამ პროცესისადმი სიყვარული არ გაგაჩნია.. იყავით ძლიერები და გადადგით ნაბიჯი ისე, როგორც თქვენ გინდათ და არასდროს ინანებთ..

ხდებით თუ არა კრიტიკის მსხვერპლი სოციალურ ქსელში და თუ კი, ძირითადად რაზე მოდის საზოგადოების მხრიდან ეს კრიტიკა? როგორ რეაგირებთ ნეგატიურ კომენტარებზე?

- მუდმივად ვარ კრიტიკის მსხვერპლი, ეს გამოწვეულია რაღა თქმა უნდა პროფესიიდან, ვერ წარმოუდგენიათ ქალი მაზუთიანი ხელებით. ადრე ძალიან გულზე მხვდებოდა ხოლმე, მწყინდა, ვერ ვხვდებოდი რატომ ხდებოდა ასე და რატომ მიწერდნენ ნეგატიურ კომენტარებს, ახლა უბრალოდ აღარ ვუსმენ მათ. მე წინ და წინ მივდივარ, ზუსტად ამ ნეგატიური ხალხის ჯინაზე და სულ წინ ვივლი, სანამ ჯანმრთელობა ხელს შემიწყობს.

ავტორი: მედეა ლომიძე

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„კარგი პერიოდია კონტაქტებისთვის, იგრძნობთ მხარდაჭერას გავლენიანი მანდილოსნების მხრიდან“ - ზოდიაქოს 12 ნიშნის ასტროლოგიური პროგნოზი

„იქნება სასიკეთო მოვლენები, ამიტომ მოემზადეთ! ეს ხდება 12 წელიწადში ერთხელ, ამიტომ რაც შეიძლება მეტად იაქტიურეთ“ - როგორ კვირას პროგნოზირებს მიხეილ ცაგარელი

„იწყება ენერგიების შემოდინება, ბევრი კურიოზული სიტუაციები გველოდება წინ, კომუნიკაცია გამარტივდება“ - კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის