არსებობენ ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეში სიყვარულსა და სითბოს უხმაუროდ აფრქვევენ, იმქვეყნად წასვლის შემდეგ კი, თავის კვალს ტოვებენ და თითქოს, კვლავ აგრძელებენ სიცოცხლეს დედამიწაზე. გივი ბერიკაშვილი, გარდაცვალების შემდეგ, უამრავი ადამიანის გულში დარჩა. ახლახან კი მისი მეუღლე, ქალბატონი ლეილა კაპანაძეც გარდაიცვალა, მოსიყვარულე ქმართან წავიდა და შეუერთდა მარადისობას. როგორც მისი შვილიშვილი, ანო მაისურაძე ამბობს, სახლი ჯერ კიდევ გაჯერებულია მათი სითბოთი და ენერგეტიკით და მათი სიყვარულის ისტორია არც დედამიწაზე და არც ზეცაში არასოდეს დასრულდება.
გივი და ლეილა თეატრალურში, ერთ ჯგუფში იყვნენ, ალბათ, 16 წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს და 65 წელი ერთად იცხოვრეს. ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ცხოვრება, რადგან გივი კახეთიდან იყო ჩამოსული, მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ბებო კი მრავალშვილიანი ოჯახიდან გახლდათ. ასე რომ, თავიანთი არაფერი გააჩნდათ და საკუთარი ოფლით, შრომითა და ერთად დგომით იყიდეს ბინა, შექმნეს ბედნიერი ოჯახი და მოიპოვეს ყველაფერი. ბებო ხშირად იხსენებდა სიცილით: რომ დავქორწინდით, გივიმ ტრამვაით წამომიყვანაო.
– როგორც ვიცი, ჯვარი საკმაოდ გვიან დაიწერეს.
– დიახ, ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი, ძალიან უნდოდათ და სამოცდაათ წელს გადაცილებულებმა დაიწერეს. ალბათ, იფიქრეს, თუ ჯვარს დავიწერთ, იმქვეყნადაც ერთად ვიქნებითო. არ დამავიწყდება, იმ დღეს უბედნიერესები იყვნენ, ყველა საყვარელი ადამიანის – შვილების, შვილიშვილებისა და ოჯახის ახლობლების გარემოცვაში. სუფრაც იყო გაშლილი და ახალჯვარდაწერილებმა იცეკვეს კიდეც.
გივი 84 წლის ხდებოდა, რომ გარდაიცვალა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ლეილა ძალიან შეიცვალა. ბებო მთელი ცხოვრება ძალიან ძლიერი ქალი იყო, ოჯახის საყრდენი. გივის კარიერული ცხოვრების ჩავარდნის პერიოდებში, როცა არ იყო დაკავებული და პროფესიის შეცვლაზეც ფიქრობდა, რათა ოჯახი ერჩინა, ამბობდა ხოლმე, მეგობრები მთავაზობენ, დაგასაქმებთ, სტაბილური შემოსავლის წყარო გექნებაო. თუმცა, ლეილა იყო ის ადამიანი, რომელიც ყალყზე დადგა და უარზე იყო. ბებია პროფესორი იყო, მეტყველების პედაგოგი, კათედრის გამგე თეატრალურში ანუ მის სფეროში რეალიზებული და ამ დროს ის იღებდა თვის კისერზე ოჯახის რჩენას. ბებო 88 წლის ასაკში გარდაიცვალა და ბოლოს, მართალია, თეატრალურში აქტიურ მოღვაწეობას ვეღარ აგრძელებდა, მაგრამ ჰყავდა კერძო მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებსაც სახლში ამეცადინებდა. გივის გარდაცვალების შემდეგ ძალიან მოტყდა. ფიზიკურად ჯანსაღად იყო, მაგრამ ქმრის სიკვდილმა შინაგანად მოტეხა და ამ დარდმა ნელ-ნელა ფიზიკური მხარეც ჩაითრია. გივი ხუთი წელია, რაც გარდაიცვალა და ბებო ჩუმად დარდობდა, ჩუმად და გულში.
– თქვი, ქალბატონი ლეილა ოჯახის საყრდენი იყოო. წარმომიდგენია შვილების – მანანას და ზურას, განცდა და ტკივილი, ჯერ მამის და ახლა დედის გარდაცვალების გამო.
– სხვათა შორის, ოჯახის წევრებს გივის სიკვდილი ჯერ კიდევ ვერ გაგვიაზრებია, იმდენად დიდი და და მოულოდნელი დარტყმა იყო. კაცი თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში, თან დაიბარა: ბევრი არაფერი გამატანოთ, მალე უკან მოვალო... საღ-სალამათი ადამიანი უცებ აღარ იყო... წამში გამოგვეცალა მიწა ფეხქვეშ.
დღემდე ვერ ვიჯერებთ მის ამ ქვეყნიდან წასვლას. მეც, დედასაც და ბიძაჩემსაც, დღემდე გააზრებული არ გვაქვს გივის გარდაცვალება, სულ გვგონია, აქვეა გასული საქმეზე, კარი გაიღება და შემოვა. რაც შეეხება ლეილას, განსაკუთრებით ბოლო ერთი წელი, ჯანზე ვეღარ იყო.
მართალია, შვილები ზედ ჰყვებოდნენ, თავზე ედგნენ, არაფერს აკლებდნენ, მაგრამ გრძნობდნენ, რომ დღითიღდე უძლურდებოდა. რაღაც პერიოდები ლოგინად იყო, მერე დგებოდა. შეგუება ცუდი სიტყვაა, მაგრამ... მოკლედ, გივი უცებ გამოგვეცალა ხელიდან, ლეილამ კი ნელ-ნელა დაგვტოვა. ზოგს შეუძლია ტირილი, ყვირილი, ემოციის ხმამაღლა გადმოცემა, მანანაც და ზურიკოც გულჩათხრობილი ადამიანები არიან და დარდს გულში იკლავდნენ. რაც ბებო აღარ არის, სახლში სიცარიელეა. თუმცა, სახლი დღემდე გაჯერებულია გივისა და ლეილას სითბოთი, სიყვარულით, სუნთქვითა და ენერგეტიკით და ალბათ, დიდხანს ასე იქნება. მათ სიცოცხლეში ძალიან მიყვარდა მათი ტანსაცმლის ტარება. ბებოს ძველ ვინტაჟურ კაბებს ვჭრიდი, ვაკეთებდი და ვიცვამდი. უხაროდა: 50 წლის წინანდელი კაბები როგორ გამოგადგაო. გივის პერანგებსაც ვპარავდი და ბებო სულ მეჩხუბებოდა: კონცერტისთვის დავაუთოვე და ნუ იცმევო. გივი რომ გარდაიცვალა, გადავარჩიე პერანგები, წამოვიღე, ვიფიქრე, ჩავიცვამ -მეთქი, მაგრამ ხშირად ვერ ვიცვამ. ჩემთვის იმ ტანსაცმელმა და ნივთებმა, რომელსაც მისი სუნი და სითბო აღარ აქვს, ძალა დაკარგა. უბრალოდ, კარადას რომ ვაღებ და ვხედავ, გულს უხარია. ამ ტანსაცმლის ტარება მათ სიცოცხლეში მიხაროდა, ამით, თითქოს, მათ სუნს, ენერგეტიკასა და სითბოს ვატარებდი. გივი მორიდებული იყო, უბით მოჰქონდა ცოლისთვის იები. არცერთი მნიშვნელოვანი დღესასწაული არ ავიწყდებოდა და ოჯახის წევრებს სიმბოლურ საჩურებს გვყიდულობდა და გვახარებდა. ლეილა სულ გივის იძახდა: გივი ეს გვინდა, გივი ის გვჭირდება, გივი – ეს, გივი – ის... ამაზე გივი ხუმრობდა: აღარ ვარ გივი, გადავწყვიტე, სახელი გადავირქვაო. თუ ერთ-ერთი მათგანი ცუდად იყო, ხელს გადაუსვამდნენ ერთმანეთს თავზე, თითქოს სითბოსა და ჯანმრთელობას უზიარებდნენ და თავისი სიყვარულის ენერგეტიკით კურნავდნენ. ძალიან განიცდიდნენ და ნერვიულობდნენ ერთმანეთზე. თუმცა, ხასიათებით ძალიან განსხვავდებოდნენ – ლეილა მებრძოლი სულისკვეთების იყო, რომელიც არანაირ წინააღმდეგობას არ ნებდებოდა, მისთვის შეუძლებელი არაფერი იყო, გივი კი იყო დამთმობი, ბუნჩულა ხასიათის. მათი ამ ხასიათების გამო ლეილას, მუდმივ რეჟიმში, ტერორში ჰყავდა (იცინის). ხშირად მესიზმრება გივი, თუმცა, ბებო ჯერ არ დამსიზმრებია“, - აცხადებს გივი ბერიკაშვილის შვილიშვილი ანო მაისურაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„მოსალოდნელი კრიზისი და საქართველო“ - ასტროლოგი რუსეთის ხელისუფლების ჩამოშლის თარიღს ასახელებს
🔵ღრუბელი, თოვლი, ნისლი - 22 მარტის ამინდის პროგნოზი
წყარო: tbiliselebi.ge