ობის უსასრულო უდაბნოში მძინარე უზარმაზარი ბავშვი არც მისტიფიკაციაა და არც მირაჟი. ის ჩინელი მოქანდაკის მიერ შექმნილი ქანდაკება გახლავთ და „დედამიწის შვილი“ ჰქვია.
სკულპტურის ავტორია დონგ შუბინგი - ცნობილი ჩინელი არქიტექტორი და ცინგხუას უნივერსიტეტის პროფესორი, რომელმაც „დედამიწის შვილი“ ქვიშაქვის უზარმაზარი ბლოკებისგან ააგო.
შუბინგმა მაქსიმალური მსგავსების მისაღწევად ახალშობილი ბავშვის სკანირება მოახდინა და 3D პრინტერის გამოყენებით, განსხვავებული ზომის (15 მ. სიგრძე და 4 მ. სიმაღლე) ასლი შექმნა.
ქვის ბავშვს ტრადიციული ჩინური შარვალი „კაიდანკუ" აცვია. ეს არის ნახვრეტიანი შარვალი, რომელიც დედებს საშუალებას აძლევს, ბავშვს საფენი შარვლის გახდის გარეშე გამოუცვალოს ან ქოთანზე დასვას.
ქანდაკების ნაწილები ცალ-ცალკე დაამზადეს და უდაბნოში შეაერთეს.
ავტორმა ბავშვის გამოსახულების გამოყენებით სცადა, ადამიანებისთვის გაეხსენებინა, რომ ყველანი დედამიწის შვილები ვართ და არჩევანის წინაშე ვდგავართ - დედამიწა შევინარჩუნოთ ცოცხალი და აყვავებული ან მკვდარ უდაბნოდ გადავაქციოთ.
ხელოვნების ექსპერტები ამბობენ, რომ 3D სკანირებისა და CNC ( computer numerical control) გრავირების ტექნოლოგიის გამოყენებით შექმნილი სკულპტურა ტრადიციული ხელობის რევოლუციურ ტრანსფორმაციას წარმოადგენს.
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ შუბინგმა ამ ნაშრომში „პოსტ-ურბანული სკულპტურის“ კონცეფცია და ურბანული ესთეტიკური მოძრაობა გამოიყენა, რომელიც დროსა და სივრცეს, ტრადიციასა და თანამედროვეობას, ეკოლოგიასა და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს აერთიანებს.
ვისაც შუბინგის ქმნილება უნახავს, აღნიშნავს, რომ ახლოდან ის მთას ჰგავს, შორიდან კი - წერტილს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პოპულარულობის მიუხედავად მაინც ისე ვიქცევი, როგორც მინდა...“ - რას ამბობს თიკა ჯამბურია?
🎥 „კარგია, როცა იმდენად მაგარი ხარ, დაცემის შემდეგ დგები...“ - თიკა ჯამბურია
წყარო: funtime.ge