Digest Logo

„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!“, „დედაშენი არის ღმერთი“ - ქართველი მწერლების საუკეთესო შემოქმედება დედაზე

1709411220
მწერლები დედაზე

საქართველოში დედის დღე 3 მარტია. ის ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე – 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა ის ცალკე მაინც აღინიშნება. 3 მარტი ოფიციალურად უქმე დღეა.

დედის დღეზე ყოველთვის გვახსენდება გიორგი ლეონიძის სიტყვები ნატვრის ხის „შესავალიდან“

დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო! ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში, ჩემი სოფლის ტყისპირებში ყოველ გაზაფხულზედ ია ბღუჯეულად ამოდიოდა, არემარე სულ ლურჯად გადაიბურებოდა ხოლმე. მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტინათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში..

იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო. თვითონაც ხომ პირველი იების მოსვლის პერიოდში გაგვშორდა... სწორედ დედამ მასწავლა იების სისპეტაკისა და მშობლიური მიწის სიყვარული...“ - გიორგი ლეონიძე

ნოდარ დუმბაძე

დედაშენი არის ღმერთი. შენ რომ ზიხარ და უყურებ. ისიც რომ გიყურებს. შენ რომ დედას ეძახი და ის შვილს გეძახის, ამიტომ შენ გგონია ღმერთი არ არის? შენ ღმერთი ვინ გგონია? წვერებიანი ბაბუა? ღრუბლებზე ზის და პირს რომ იბანს, წვიმა მოდის? ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ახლო და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი რომ ღმერთია, ამაშია ღმერთის უბედურება, ამიტომ არ წამთ ღმერთისა. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა. ამაშია საქმე!… ღმერთი მაშინ უნდა იწამო, ღმერთის სახე რომ არ აქვს, რომ არ ჰგავს ღმერთს, რომ არ გეუბნება, ღმერთი ვარო, პურს რომ გიყოფს, სადილს რომ გიკეთებს, ტანზე რომ გაცმევს, თავზე რომ გახურავს, გიღიმის და გეფერება, გკოცნის და ტირის შენი გულისთვის, კვდება შენი გულისთვის, ცივა, წყურია, შია შენთან ერთად, სულს აძლევს ეშმაკს შენი გულისთვის, მაშინ უნდა იწამო… აბა, ღმერთმა თუ თავისი სახე გაჩვენა, კედელთან მიგაყენა, ყური აგიწია და თვითონ თუ გითხრა ღმერთი ვარ და მიწამეო, მაშინ რაღად უნდა ღმერთს შენი რწმენა? ასეთ ღმერთს შენ კი არა, ყველა იწამებს. ღმერთი მაშინ უნდა იწამო, შენ რომ გგავს, მე რომ მგავს, დედაშენს რომ ჰგავს, გასაგებია?"

რევაზ ინანიშვილი – დედა

დედაზე მე ისეთი რა უნდა ვთქვა, მაგრამ ჩემი მოსაყოლი მაინც უნდა მოვყვე.

შარშან, გვიან შემოდგომაზე, ნოემბერში, ჩემს სოფელში ჩავედი. დამხვდა საცოდავი დედაჩემი _ თითებდამჭკნარი, მაჯებდაწვრილებული. მაინც მიღიმოდა და ისე მეუბნებოდა,_ ხან ვწევარ, შვილო, ხან აი, ასე დავრაცრაცებო.
ვიყავი ერთ ღამეს და ერთ დღეს _ თითქოს ეზო-ყორის მოწესრიგებით გართული, სინამდვილეში რაღაც ცოდვით შეწუხებული. მეორე საღამოს, უკვე შებინდებულზე, წამოვედი.

ჩვენი რკინიგზის სადგურამდე ოთხ კილომეტრამდე გზა არის, სულ თავქვე-თავქვე, აქედან კიდევ აღმართი. გამიმართა დედაჩემმა ძველებური ფარანი, ამინთო,_ სადგურში რომ ჩახვალ, მორიგესთან დატოვე და ვინმეს ამოვატანინებ მერეო. დავიწყე მე სიცილი,_ რა ფარანი მინდა, დედა, ორმოცი წელიწადია, ამ გზაზე დავდივარ, სულ ქვა-ქვა ვიცი-მეთქი ყველაფერი. _არაო, შვილოო, ახლა სულ შეცვლილია, სად რას აკეთებენ, სად რასო, თან მოლინჭყულია, ფეხი ცურავსო. ბევრი მეხვეწა, მაგრამ არ წამოვიღე ის ფარანი. გამომაცილა კი კარგა მანძილზე, სანამ დიდი დაღმართი არ დაიწყებოდა. მომყვებოდა იმ წკვარამში, მინათებდა გზას და თან სულ მარიგებდა დედურად. დიდ დაღმართთან თვითონვე შეჩერდა, ასწია ფარანი ცოტაზე,_ წაიღე, შვილოო,_ შემეხვეწა ერთხელაც. მე გადავკოცნე ღიმილით _ წადი-მეთქი ახლა! _ მივაბრუნე, თითქოს გაბრუნდა, წავიდა კიდეც, მივიხედე და დგას ისევ, მაღლა უჭირავს ფარანი, მეორე ხელიც შეუშველებია. _ წადი-მეთქი, წადი! გაბრუნდა, წავიდა. მე თავქვე დავეშვი. ზურგჩანთა მკიდია, თითქმის მივრბივარ, მივიხედავ უკან და რამდენსაც მივიხედავ, იმ წკვარამში ის ფარნის შუქი ისევ ერთ ადგილას დგას, ალბათ, მეჩვენება-მეთქი, გავჩერდები, ვაკვირდები, შუქი მაინც არ იძვრის.
_ დე-დაა! დე-დაა!

არავითარი ჩქამი! ნიავი სახეში მცემს, ჩემი ხმა იქამდე ვერ აღწევს.

ისე ჩავედი სადგურში, ისე ავედი მატარებელში, ის შუქი მხოლოდ პატარავდებოდა და არ იძვროდა. ვუყურებდი ვაგონის ფანჯრიდანაც და ვწყრებოდი დედების სიჯიუტეზე.

ის კი იყო და ის _ ცოცხალი აღარ მინახავს დედაჩემი. დეკემბრის თექვსმეტში, ღამით, თერთმეტ საათზე, უწვალებლივ დაელია სული და დამრჩა ამ ფარნის შუქი სამუდამო დარდად.
რატომ იდგა იქ, იმ აღმართის თავზე, სიბნელეში და სიცივეში იმდენ ხანს? ნუთუ მართლა იმას ფიქრობდა, რომ ცოტათი მაინც მინათებდა ფარნით გზას?! ნუთუ ეგონა, ცუდი რომ რამე მომწეოდა, უთუოდ მისწვდებოდა ქვემოდან ხმა?! თუ სულაც ცუდად გახდა, ჩაჯდა, ვეღარ წამოდგა და იყო ასე, _ ფარანზე დაყრდნობილი?! კიდევ უარესი _ სამუდამოდ ხომ არ მეთხოვებოდა იმ ფარნით?!

დავუნთებ ხოლმე სანთელს, დავიჩოქებ, მაგრამ ვერაფერს ვშველი ჩემს დარდს…

ნიკო ლორთქიფანიძე

სამი წელი.
სამჯერ გამოწეული მუცელი და შეზნექილი წელი.
სამჯერ ჭორფლი და მჟავე კიტრი.

***
შეგენანა.
მოიმადლიერო.
საღირალი პატივი.

***
დედას გულმა უგრძნო: „შვილები დამეჩაგრება, სახელი გაუტყდებათ“
გაგზავნა:
„საყვარელო შვილებო, ნუ მიწყენთ, სალოცავად წავედი, ნუ მეძებთ... შვილიშვილები დამიკოცნეთ, ჩემზე ნუ სწუხართ. მშვიდობით სამუდამოდ.

***
გაზეთის ქრონიკაში ეწერა:
„ვაკის ჩიხში მილიციამ იპოვა მოხუცებული ქალის გვამი. აცვია დახეული შავი ხამი და ძველი წუღები; გულზე ჰკიდია თითბრის ჯვარი; მარჯვენა ხელის უსახელო თითზე აქვს ხმარებისაგან დალეული ნიშნობის ვერცხლის ბეჭედი, რომლის შინა გვერდზე ნახევრათ წაშლილი ასოებისაგან ჩვენ ამოვიკითხეთ (ვერ დავადასტურებთ!) „ფილიპე“.

გოდერძი ჩოხელი:

დედი,

რაღაც არ მასვენებს, ალბათ, ღმერთის წამ-წერა,

დედი,

როგორ შემოგკადრო შენზე ლექსის დაწერა?!

დედი,

ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,

დედი,

ალბათ, ამიტომაც შენთან ყოფნა დამწერა.

დედი,

როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,

დედი,

ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა...

უკვდავება რომ დაიწყოს,

ღმერთს მოსურდეს აღწერა,

არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,

ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.

ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,

მაგრამ ერთის არ მჯერა:

სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„გაიღვიძეთ 6:50 - 7:10 შუალედში და კოსმოსში გაუშვით დადებითი გზავნილები“ - რიტუალი, რომელიც 20 მარტს აუცილებლად უნდა ჩაატაროთ

⭕ ზვიად გამსახურდიას 2 ცოლი და 3 შვილი - პირველი პრეზიდენტის პირადი ცხოვრების აქამდე უცნობის დეტალები

🎥 9 თვის ორსული ქეთი ხატიაშვილი ქალიშვილთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს - „წინ ბევრი საინტერესო ამბები გველოდება“