რატომ ავადობენ ზოგიერთი ბავშვი ვირუსული ინფექციებით თითქმის განუწყვეტლივ, მაშინ როდესაც სხვები გაცილებით იშვიათად ცივდებიან? ამ კითხვაზე პასუხი ედინბურგის უნივერსიტეტისა და უტრეხტის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევრებმა იპოვეს.
ჟურნალ Nature Microbiology-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, თუ ახალშობილი სიცოცხლის პირველ დღეებში ვირუსთან კონტაქტში შედის, მომავალში რესპირატორული ინფექციებისადმი მისი მგრძნობელობა შესაძლოა მნიშვნელოვნად გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ ეს პირველი ინფექცია უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მშობლებისთვის შეუმჩნეველი რჩება.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 114 ჯანმრთელი ბავშვის ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსიდან აღებული ნიმუშები დაბადებიდან ერთი წლის განმავლობაში შეისწავლეს. გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ სიცოცხლის პირველ დღეებში ვირუსის მოხვედრა ინტერფერონის გენების ხანგრძლივ აქტივაციას იწვევს. ეს გენები იმ ცილების გამომუშავებას აკონტროლებენ, რომლებიც ორგანიზმს ვირუსებისგან იცავს.
მკვლევრების განმარტებით, ინტერფერონის გენების გადაჭარბებული აქტივობა ნაზოფარინქსში მუდმივ ანთებით ფონს ქმნის და ამავდროულად ცვლის მიკრობიომის შემადგენლობას, რაც ბავშვს მომავალში რესპირატორული ინფექციების მიმართ უფრო დაუცველს ხდის.
კვლევის ერთ-ერთი ავტორის, პროფესორ დები ბოგერტის თქმით, ყველაზე მოულოდნელი აღმოჩენა ის იყო, რომ ვირუსული ინფექციები სიცოცხლის პირველივე დღეებში ჩნდება და, მიუხედავად უსიმპტომო მიმდინარეობისა, შეიძლება ბავშვის იმუნური სისტემის განვითარებაზე ხანგრძლივი გავლენა მოახდინოს.
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ახალშობილების ვირუსული ინფექციებისგან მაქსიმალური დაცვა სიცოცხლის პირველ კვირებში მომავალში მათი ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „ხვიჩა კვარაცხელია ქართული ფეხბურთის მთავარი სახე და სიმბოლოა“ - ფერნანდო მორიენტესი
წყარო: primetime.ge