კლინიკური ონკოლოგი, რეზიდენტი გიორგი ღოღობერიძე წითელი კვერცხის დადებით და უარყოფით თვისებებზე საუბრობს. მისივე თქმით, აღნიშნულ პროდუქტთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი მითი არსებობს, მათ შორის მასში ქოლესტერინის შემცველობასთან დაკავშირებით. ამიტომ ის დეტალურად ხსნის, რატომაა ის სასარგებლო და პირიქით.
„კვერცხი შეიცავს ძალიან ბევრ ცხიმში ხსნად ვიტამინს, მაგალითად D ვიტამინს, ეს ვიტამინი ძალიან მნიშვნელოვანია მენოპაუზის მქონე ქალებისთვის, რადგან მათ მაღალი აქვთ ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, ოსტეოპოროზის განვითარების ერთ-ერთი შემაფერხებელი კი კალციუმია, თავის მხრივ კვერცხი შეიცავს D ვიტამინს, რომელიც აუცილებელია კალციუმის შეწოვისთვის.
გარდა ამისა კვერცხი შეიცავს ბევრ სხვა ვიტამინს: B12-ს, B2-ს, ფოლიუმის მჟავას, ამიტომ კვერცხი ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი ფეხმძიმობის პერიოდში. ნაყოფს სჭირდება ეს ვიტამინები ნერვული ქსოვილების ფორმირებისთვის.
გარდა ამისა კვერცხში დიდი რაოდენობით არის ქოლინი. ქოლინი ეს არის ნივთიერება, რომელიც ადამიანის ორგანიზმს სჭირდება იმისთვის, რომ წარმოქმნას მემბრანები, უჯრედების მფარავი მემბრანები, ასევე წარმოქმნას ჩვენს თავის ტვინში ნეირომედიატორი, აცეტილ ქოლინი. ამიტომ ფეხმძიმობისას კვერცხის მიღება ერთ-ერთი კარგი საშუალებაა ჯანსაღი ნაყოფისთვის" - აცხადებს ღოღობერიძე.
ამასთან, გიორგი ღოღობერიძე კვერცხში არსებულ ქოლესტეროლთან დაკავშირებულ მითებსა და რეალობაზე საუბრობს და განმარტავს, რომ კვერცხი ორგანიზმში მავნე ქოლესტერინის რაოდენობას სულაც არ ზრდის. მისი თქმით, აღნიშნული მოსაზრება მოძველებულია და ახალი კვლევებით არ დასტურდება.
,,ქოლესტეროლის შემცველობა კვერცხში ძალიან დიდია, განსაკუთრებით მის ყვითრში. ადამიანის ორგანიზმის მოთხოვნილება ქოლესტეროლზე საკმაოდ დიდია, დაახლოებით 300 მილიგრამი. ერთი კვერცხი კი შეიცავს 212 მილიგრამს. დღეში 1 კვერცხი მიღება სასარგებლოა იმ ადამიანებისთვისაც, ვისაც გულის დაავადებები აქვს. ამბობენ, რომ თუ ქოლესტეროლი მაღალი გაქვს კვერცხის მიღება არ შეიძლებაო, ბოლო კვლევის თანახმად, კვერცხი ადამიანის ქოლესტეროლს იმდენად არ ზრდის, რომ ამან საფრთხე გამოიწვიოს",- ამბობს ღოღობერიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕პასკუალინა, ბაბკა, მაზურკა - სააღდგომო კერძები სხვადასხვა ქვეყნებში