„მერე რად დადიხარ ეგრე ცალრქა ირემივითა...“ „შენ ჩემი მზე ხარ ამომავალი, მე გული მტკივა მომეც წამალი...“ - რა თქმა უნდა ხირხალას და ბაბულას მომენტი გაგახსენდათ „ქეთოი წმინდაი კერიდან“.
დიახ, ფილმში „სიყვარული ყველას უნდა“ ბევრი სახასიათო პერსონაჟია, ერთ-ერთი გამორჩეული კი ხირხალაა. ამ როლის შემსრულებელი კი მსახიობი, ამირან ქადეიშვილია.
დღეს მის უცნობ ამბებს მოგიყვებით.
მეუღლე
საყვარელ მსახიობს ოზურგეთში ტყვიებით მძარცველები „გაუმასპინძლდნენ“. სიკვდილს სამი თვე ებრძოდა, ამოცნობილ თავდამსხმელებსაც დიდსულოვნად შეუნდო; როგორც თავად ამბობს, „საიქიოდან მობრუნებული“ დაოჯახდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა.
სწორედ მისი მეუღლის, ფოლკლორისტის, ქალბატონი ალდონა ერქომაიშვილის დამსახურებაა, რომ ამირანმა სასიცოცხლო ძალები აღიდგინა, ფაქტობრივად, სული შთაბერა მეორე სიცოცხლისათვის.
მოგვიანებით იტყვის კიდეც, ალდონამ მეორედ დამბადაო. შემოქმედებითად მეორედ დაბადებას კი გაცილებით მეტად დააგვიანდა. ქვეყანაში უმძიმესი ოთხმოცდაათიანი წლები იდგა. ბატონ ამირანს შესთავაზეს მთავარი როლი რუსთავის თეატრში, ლაშა თაბუკაშვილის სპექტაკლში „ათვინიერებენ მიმინოს“, სოხუმის თეატრში რეჟისორმა დათო ხინიკაძემ - ალექსანდრე ჩხაიძის სპექტაკლში „შთამომავლობა“.
„პირად ცხოვრებაში მქონდა ძალიან ცუდი და ძალიან კარგი წლები. პირველი მეუღლე გარდაცვლილი მყავს. ბევრ როლზე უარს ვამბობდი მეუღლის ჯანმრთელობის გამო.
„ციმბირელი პაპის“ გადაღებაზე რვა თვე ვიყავი წასული; „სახლი ლესნაიაზე“ – წელიწად-ნახევარი, მერე კიევში გამომიძახეს და უარის თქმა მომიწია, მაგრამ იყო გამონათებები ჩემს ცხოვრებაში. ასაკში ვიყავი, როცა მეორედ დავქორწინდი, ერქომაიშვილების სიძე გავხდი. ქალბატონი ალდონა და ბატონი ანზორი, ცნობილი ლოტბარი, და-ძმა გახლავთ. ლ.კ. კარგი მეუღლე შემხვდა. თავგამოდებული და ყურადღებიანი. ეს მას შემდეგ მოხდა, როცა სიკვდილს ძლივს გადავურჩი, იმავე წელს დავქორწინდი. შემდეგ გულის ოპერაციაც გამიკეთეს და ეს განსაცდელი სწორედ ჩემმა მეუღლემ გადამატანინა. მან მეორე სიცოცხლე მაჩუქა. ჩემს შვილებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს“,- იხსენებს „გურიის მოამბესთან“ საუბრისას მსახიობი.
ავადმყოფობა
მსახიობს იშემიური ინსულტი გადაუტანია. როგორც ამირანის მეუღლე, ალდონა ერქომაიშვილი ამბობდა, მსახიობს ანემია აქვს და ინსულტის გამომწვევ მიზეზიც ეს გახდა.
„ამირანს აქვს რკინადეფიციტური ანემია. შარშან ჰემოგლობინი ძალიან დაბალზე ჩამოუვიდა. იმ პერიოდში ცუდად იყო, აზროვნებითაც, ფეხზეც ვერ დგებოდა.
ერთი წელი საავადმყოფოდან არ გამოვსულვართ. ერთიდან გამოვიდოდით, მეორე დღეს – მეორეში გვიწევდა მოთავსება.
სისხლი ვერ მიეწოდებოდა ტვინს და მოუვიდა ინსულტი ისე, რომ ეს არც გაგვიგია. გვითხრეს, გაივლის და არაფერი დარჩებაო.
ინსულტმა გაიარა. დახმარების გარეშე სიარული უჭირდა.
როდესაც ემოციურად საუბრობდა, უცხოს ესაუბრებოდა, ღელავდა და ემოციური დატვირთვა ჰქონდა, მეტყველება უჭირდა.
მოგონება...
„ეს ხირხალა ისეთი ოხერია, არც ამ გოგრას დატოვებდა ქეთოსთან-მეთქი" - ცალთვალა გიგოიადან ხირხალამდე
სცენარის ავტორმა დამიწუნა, - გურული კაცი რატომ უნდა ასახიერებდეს კახელსო"
"სიბერე შემომეპარა, 78 წლისა ვარ", - მითხრა ჩემმა რესპონდენტმა, ამირან ქადეიშვილმა. მას თეატრსა და კინოში ასზე მეტი როლი აქვს განსახიერებული.
- ბავშვობა ოზურგეთში გავატარე. მამიდა კახეთში მყავდა გათხოვილი და ერთხანს, მასთან ვცხოვრობდი.
ალბათ, ამიტომაც ასახიერებთ ასე კარგად კახელებს?
- მიხარია, თუ ასე ფიქრობენ. მსახიობობა ჩემი ბავშვობის ოცნებაც იყო და თან, შეიძლება ითქვას, ჯიშადაც მომდგამს. ბებიაჩემი ნინა, ნაკაშიძის ქალი, ოზურგეთის
დრამატული თეატრის პირველი მსახიობი ქალი იყო. ჯერ სცენის მუშად დავიწყე მუშაობა, მერე ნელ-ნელა ვისწავლე ანი თუ ბანი. 150-მდე როლი მაქვს განსახიერებული თეატრის სცენაზე. თეატრალურ ინსტიტუტში არ მისწავლია, მსახიობად კარგი რეჟისორების წყალობით ჩამოვყალიბდი.
კინოში პირველი როლი სიკო დოლიძის "სემირამიდას ბაღებში" შევასრულე. ოზურგეთის თეატრში ვმუშაობდი და თეატრის
მსახიობები მასობრივ სცენებში დაგვასაქმეს. ისე გამოვიჩინე თავი, რომ ჩემთვის როლი დაწერეს, ცალი თვალი ამიხვიეს და ცალთვალა გიგოია გამხადეს“,- ვკითხულობთ სოციალურ ქსელში გვერდზე „ხელოვნება თვით უკვდავებაა“.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„ყველასთვის საყვარელი ხირხალა გარდაიცვალა...“
🔵VIDEO: მიხეილ სააკაშვილის მეორე ნახევარი არაჩვეულებრივად მღერის - ლიზა იასკო სცენას იპყრობს