Digest Logo

ისტორიული სიმართლე და ირონია: რა დგას „მოლოტოვის კოქტეილის“ სახელწოდების წარმოშობის უკან

1793865576
მოლოტოვის კოქტეილი

სახელწოდება „მოლოტოვის კოქტეილი“, რომელიც მეოცე საუკუნიდან მოყოლებული თანამედროვე სამხედრო კონფლიქტებისა და სოციალური პროტესტების სიმბოლოდ იქცა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ირონიული მეტსახელია.

ისტორიული წყაროებისა და არქივების თანახმად, ეს სათაური არ წარმოადგენს უბრალო სამხედრო ტერმინს - ის ასახავს ფინელი ხალხის წინააღმდეგობას, პოლიტიკურ სატირასა და საბჭოთა დიპლომატიური ცინიზმის წინააღმდეგ მიმართულ ირონიულ პასუხს.

მსგავსი ტიპის თვითნაკეთი ცეცხლსასროლი საშუალებები ჯერ კიდევ „მოლოტოვის კოქტეილის“ ოფიციალურ დამკვიდრებამდე არსებობდა. ისტორიული ცნობებით, ბოთლებში ჩასხმული აალებადი ნარევები ფართოდ გამოიყენეს ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს (1936–1939 წლებში) ფრანკოს ჯარების წინააღმდეგ.

თუმცა, თავად სახელი „მოლოტოვის კოქტეილი“ უკავშირდება 1939-1940 წლების საბჭოთა-ფინეთის ომს, რომელსაც ისტორიაში „ზამთრის ომის“ სახელით იცნობენ.

კონფლიქტის დაწყებისას, საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ მოლოტოვმა იგივე ვიაჩესლავ სკრიაბინმა, საბჭოთა სახელმწიფო რადიოს მეშვეობით გაავრცელა მიმართვა, სადაც აცხადებდა, რომ სსრკ ფინეთში სამხედრო თვითმფრინავებიდან ბომბებს არ აგდებდა, არამედ ჰუმანიტარულ დახმარებას - მშიერი ფინელი მუშებისთვის განკუთვნილ „პურის კალათებს“ არიგებდა.

ფინელებმა, რომელთა ქალაქებსა და სოფლებზეც ყოველდღიურად ბომბები ცვიოდა, მოლოტოვის ამ ცინიზმს ირონიით უპასუხეს. მათ საბჭოთა მძიმე ტექნიკის, კერძოდ ტანკების წინააღმდეგ საბრძოლველად გამოყენებულ ბოთლებსა და ცეცხლსასროლი ნარევებს სიმბოლურად „მოლოტოვის პურის კალათებისთვის განკუთვნილი სასმელი“ უწოდეს.

ფინურ არმიაში ამ იარაღს ოფიციალურად არასდროს რქმევია ეს სახელი - სამხედრო დოკუმენტებში მას polttopullo („გასახსნელი ან დამწვარი ბოთლი“) ეწოდებოდა, ხოლო მოგვიანებით მასობრივ წარმოებაშიც ასე შევიდა. მიუხედავად ოფიციალური სახელწოდებისა, ფინელი ჯარისკაცების მიერ შერქმეული დამცინავი და მახვილგონივრული მეტსახელი - „მოლოტოვის კოქტეილი“ - მალევე აიტაცა უცხოურმა მედიამ, დაფიქსირდა ისტორიულ ქრონიკებში და დღემდე უცვლელად შემორჩა მსოფლიო ლექსიკონს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „43 და 3 შვილი, წინ 44-ია…“ - როგორ აღნიშნა დაბადების დღე ნანუკა გულუამ და რას წერს მსახიობი სოციალურ ქსელში

⭕ ვინ არის ნამდვილი მონსტრი და სად გადის ზღვარი გმირსა და ბოროტმოქმედს შორის: რას წერს ნინი დგებუაძე

⭕ მუდმივი წარმატების დევნა და პერფექციონიზმის მახე: რას წერს რამაზ გიგაური „იკაროსის სინდრომსა“ და დასვენების აუცილებლობაზე

✕