სიმსუქნის დონე უფრო მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც სამუშაო ცვლები ხანგრძლივია, ხოლო სამუშაო დღეების რაოდენობა - დიდი. როგორც გამოცემა The Guardian-ი წერს, ამ დასკვნამდე მივიდა საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი კვლევის საფუძველზე, რომელიც მათ სტამბოლში გამართულ სიმსუქნის ევროპულ კონგრესზე წარადგინეს.
წონის მატების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი სპორტისთვის დროის ნაკლებობა და სტრესია. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) 33 ქვეყნის მონაცემების ანალიზით (1990-დან 2022 წლამდე პერიოდში), მეცნიერებმა დაადგინეს, რომ წლიური სამუშაო დროის 1%-ით შემცირება სიმსუქნის 0,16%-ით კლებასთან არის დაკავშირებული.
კვლევის თანაავტორმა, კვინსლენდის უნივერსიტეტის დოქტორმა პრადეპა კორალე-გედარამ განმარტა, რომ სტრესი ზრდის კორტიზოლის დონეს, რაც ცხიმის დაგროვებას უწყობს ხელს. „როდესაც ცხოვრება დაბალანსებულია, ადამიანები ნაკლებად განიცდიან სტრესს, უფრო ხშირად ირჩევენ ჯანსაღ საკვებს და ცხოვრების აქტიურ წესს“, - აღნიშნა მან.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ კვლევა პირდაპირ მიზეზშედეგობრივ კავშირს არ ამტკიცებს, რადგან შედეგზე გავლენა აქვს ქვეყნებს შორის შემოსავლების დონის განსხვავებაც. თუმცა, კვლევის შედეგებმა გააძლიერა დიდი ბრიტანეთის კამპანია ოთხდღიანი სამუშაო კვირის დასამკვიდრებლად.
ფონდ 4 Day Week Foundation-ის ხელმძღვანელმა, ჯეიმს რივზმა განაცხადა, რომ სამუშაო კვირის შემცირებას ხელფასის შენარჩუნებით „შეუძლია მკვეთრად შეამციროს სიმსუქნის დონე“, რადგან ადამიანებს მეტი დრო დარჩებათ ჯანსაღი ჩვევებისთვის. რივზი ამტკიცებს, რომ ხუთდღიანი მოდელი „მოძველებულია და განახლებას საჭიროებს“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ „მშვენიერი და სილამაზე ქალი“ - რა კადრებს აქვეყნებს კრისტი ყიფშიძე
⭕ „გარდაიცვალა 18 წლის ნიკოლოზ წიკლაური“ - რაგბის კლუბი „ლელო“ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
წყარო: imedinews.ge