„ბიჭია, ბიჭი“, თოფების რახარუხის ხმა, ბებია ქალისთვის ბევრი ფულის „ჩაჯიბვა“, მამისთვის „ყურების აწევა“ და „შამპანურების წვიმა“...
დიახ, ასე ეგებებიან საქართველოში გვარის გამგრძელებლის დაბადებას... სამწუხაროდ, ზოგჯერ ამხელა ოვაცია გოგოს დაბადებას თან არ სდევს... პასუხს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ გიამბობთ გამაოგნებელი ამბის შესახებ, რა დროსაც ქალები აბორტს იკეთებენ.
აბორტი ორსულობის ნაადრევ შეწყვეტას და საშვილოსნოდან ნაყოფის მოშორებას ნიშნავს, ორსულობის 28 კვირის შესრულებამდე ანუ 7თვემდე.
არსებობს სპონტანური ანუ თავისთავადი და ხელოვნური აბორტი. საქართველოს კანონმდებლობით, აბორტის გაკეთება ნებადართულია მხოლოდ 12 კვირამდე ვადის ორსულობისას.
12 კვირაზე მეტი ვადის ორსულობის დროს აბორტი ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენების შემთხვევაში, რომელიც ინდივიდუალურად, კომისიური წესით განიხილება.
რაც შეეხება, „გენდერულ სელექციას“ იგივე სელექციურ აბორტს, ბავშვის სქესის გამო ორსულობის შეწყვეტას და ნაყოფის მოცილებას გულისხმობს.
აბორტის ყველაზე დიდი მოწინააღმდეგე ქრისტიანული რელიგიაა. ანკირიის მსოფლიო (VI) საეკლესიო კრებაზე განიხილა აბორტის საკითხი და ემბრიონის კვლა ადამიანის მკვლელობის დანაშაულს გაუტოლდა. საეკლესიო პირები ამბობენ,რომ „ცოცხალი ორგანიზმი ჩასახვის მომენტიდანვე წარმოიშობა, რომელიც უკვე გენეტიკური კოდისა და ადამიანის მთელი პიროვნული პოტენციალის მატარებელია“.
სქესის სელექცია წარმოადგენს დისკრიმინაციას სქესის საფუძველზე,რომელიც საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. (კონსტიტუციის 14-ე მუხლი, ადამიანის თანასწორობის პრინციპი) სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მათი უფლებები, ვის ინტერესებსაც ზიანი ადგება დისკრიმინაციის შედეგად.
საქართველოში 1990-2015 წლებში, ბიჭის ყოლის სურვილის გამო, 31446 გოგონა არ დაბადებულა. სტატისტიკის ეროვნული სამსახური მონაცემებით, 2016 წელს 56 569 ბავშვი დაიბადა, 2015 წელს კი – 59 249.
2016 წელს დაბადებულთაგან 28 887 ბიჭია, ხოლო 27 682 – გოგონა სტატისტიკა ცხადყოფს, რომ შობადობა მნიშვნელოვნად შემცირებულია.
საერთაშორისო კვლევის თანახმად, სელექციური აბორტის გამო, მსოფლიოში 23,1 მილიონი გოგო არ დაიბადა.
მსოფლიოში დაბადებული ბიჭებისა და გოგოების რაოდენობას შორის სხვაობის შესწავლით, სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ მსოფლიოს განსაკუთრებით 12 ქვეყანაში ბევრია იმ ქალების რიცხვი, რომლებიც უნდა დაბადებულიყვნენ.
ამგვარი ტენდენცია გამოვლინდა აგრეთვე საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
მეცნიერების თქმით, 1970-იანი წლებიდან ქალებისა და კაცების რაოდენობას შორის დისბალანსი სელექციურ აბორტს უკავშირდება.
საერთო ჯამში 23 მილიონი გოგონა ვერ დაიბადა იმის გამო, რომ მათ მშობლებს ბავშვის სქესი არ მოეწონათ და ნორმალურად მიმდინარე ორსულობის შეწყვეტა გადაწყვიტეს.
სამწუხაროა, რომ იმ 11 ქვეყანას შორის, სადაც სელექციური აბორტი ყველაზე მეტად იყო და არის გავრცელებული, საქართველოც მოხვდა, მეზობელ აზერბაიჯანთან და სომხეთთან ერთად.
თამარი, 29 წლის:
- პირველი გოგონა მყავს. ჩემს მეუღლეს ძალიან უყვარს პატარა გოგონები და ამის ხათრით, მეორე ქალიშვილიც მაპატია ოჯახმა. თუმცა, როდესაც მესამედ დავორსულდი, გადავწყვიტე, ექოსკოპია გამეკეთებინა.
ისიც გოგონა იყო... ძალიან გამიჭირდა, ბევრი ვიტირე, მაგრამ აბორტი მაინც გავიკეთე, სხვაგვარად ქმრის ოჯახის კეთილგანწყობას დავკარგავდი. მას შემდეგ კიდევ ორჯერ მომიხდა ამის გაკეთება. შემდეგ ვაჟიც გავაჩინე და ამით უზარმაზარი ტვირთი მოვიხსენი მხრიდან...
არავინ მოგატყუოთ, რომ ასეთი ტენდენცია მხოლოდ რეგიონებშია. თბილისში ნათესავები მყავს. ორი ქალიშვილი ჰყავთ და ყოველ ჩასვლაზე, ვითომ ხუმრობით ეუბნება რძალს დედამთილი, - ამან გაჯობაო... სოფელში ამას პირდაპირ ამბობენ, ქალაქში კი ირიბი დაპირისპირების მიზეზი ხდება. თუმცა, ზოგი შეგნებულია და თავის აზრს ხმამაღლა არ გამოხატავს, მაგრამ არაერთხელ გამიგონია, - ვიღაც სხვა გვარისას რატომ უნდა შევაჭმევინო ჩემი ნაწვალებიო?.. ჩემთვის შვილი შვილია, სქესს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ქმრის აზრს ვითვალისწინებ.
ბევრი შვილის ყოლის მატერიალური საშუალება არ გვაქვს, ბავშვის აღზრდა ახლა ნამდვილი ფუფუნებაა, ამიტომ ქალებს გვიწევს მძიმე არჩევანის გაკეთება.
აგრეთვე წაიკითხეთ:
ქმარზე 9-ჯერ დაქორწინებული და ტაილანდში გადახდილი ქორწილი - მარიამ კუკუნაშვილის უცნობი ამბები