ბიზნესლედი, ხელოვნური განაყოფიერების კლინიკების დამფუძნებელი, მარიამ კუკუნაშვილი მრავალმხრივი ნიჭითაა დაჯილდოვებული, უყვარს მოგზაურობა და შთაბეჭდილებებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აგროვებს.
დღეს სწორედ მისი ბულვარული ცხოვრების შესახებ გიამბობთ.
ბიოგრაფია
„პროფესიით ექიმი ვარ, განსაკუთრებული დამოკიდებულება ამ პროფესიის მიმართ ბავშვობაში დაიწყო. ჩემი მშობლები ექიმები არ ყოფილან, დედა პედაგოგია, მამა – მხატვარი. სამაგიეროდ, ჩემი ორივე ბებია იყო დაკავშირებული მედიცინასთან – ექთნები გახლდნენ, ერთი სამშობიარო სახლის საოპერაციოში მუშაობდა, მეორე – რენტგენის განყოფილებაში. როცა პატარა ვიყავი, ხშირად დავყვებოდი მათ სამსახურში. უფრო მეტიც, ხელფასიც კი მქონდა, რომელსაც თურმე ბებია მიხდიდა, მაგრამ მე მაშინ ეს არ ვიცოდი. ჩემი სტიმული იყო ჩემი ხელფასი – ხუთი მანეთი, რომელსაც ძალიან პატარა ასაკში ვიღებდი (იცინის). თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე დავამთავრე. იმ 1 200 ადამიანს შორის, ვინც იმ წელს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა, როგორც აბსოლუტური ხუთოსნობის დიპლომის მქონე, მე ვიყავი ერთადერთი, ვინც მიიღო უფასო გრანტი რეზიდენტურაში სწავლაზე. ჩავაბარე რეზიდენტურაში, პარალელურად მუშაობა დავიწყე რეანიმაციაში, ექთნად. მიწევდა მუშაობა ღამის ცვლაში. შემდეგ გადავედი ექიმ-რეზიდენტად. ექვსი წელი ვიმუშავე რეანიმაციული განყოფილების ექთნად, საკმაოდ რთული შრომა მიწევდა, მაგრამ იმ პერიოდში მივიღე დიდი გამოცდილება, რაც ექიმისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მაშინ, როცა ღამეებს ვათენებდი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, დღისით ვმუშაობდი საერთაშორისო პროექტებზე, რაც ძალიან საინტერესო მიმართულება აღმოჩნდა ჩემთვის. 2003 წელს, როდესაც ახალმა ხელისუფლებამ ჯანდაცვის სფეროს რეფორმა დაიწყო, მე დავინიშნე ჯანდაცვის რეფორმის კოორდინატორად ევროკომისიაში. ამის შემდეგ იყო ევროკომისიის სხვა პროექტები, ასევე მომიწია მუშაობა ამერიკის საელჩოს რამდენიმე პროექტზე, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ ამან განაპირობა ჩემი დაინტერესება ჯანდაცვის მენეჯმენტით, რომელიც ძალიან საინტერესო და ამოუწურავი სფეროა“,- იხსენებს ბიზნესლედი.
ოჯახური პირობები
„მყავს მეუღლე და 3 შვილი. სამწუხაროდ, ჩემი ცხოვრების რეჟიმი არ მაძლევს საშუალებას, ბევრი დრო გავატარო შვილებთან. ბავშვებს, ძირითადად, ძიძები ზრდიან.
თბილი, მზრუნველი და მოსიყვარულე ვარ. მაქსიმალურად ვცდილობ, შევინარჩუნო ბალანსი მასკულინურ და ფემინურ ენერგიებს შორის და შემიძლია, ვიყო დამთმობი უსასრულობამდე. სამწუხაროდ, ფემინიზმი და გენდერული ბალანსი ხშირად არასწორადაა გაგებული და ზოგჯერ მას დომინანტობასთან აიგივებენ. მე არ ვარ დომინანტი, მასკულინური ტიპის ქალი, შესაბამისად ჩვენს ოჯახში ლიდერი ჩემი მეუღლეა, ის არის ძლიერი და მე კიდევ უფრო ვაძლიერებ მიმღებლობით, პასიურობით, ემოციებითა და კრიტიკას მოკლებული მხარდაჭერით“,- ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში კუკუნაშვილი.
ლაპლანდიაში გატარებული ახალი წელი
მიუხედავად იმისა რომ ახალი წელი არ უყვარს დათმობაზე წავიდა და 2019 წელს ახალი წელი შვილებთან ერთად ლაპლანდიაში გაატარა.
„ლაპლანდიაში წასვლა ბავშვების გამო გადავწყვიტეთ, ნამდვილ სანტასთან შესახვედრად. ბავშვებს სჯერათ სანტასი, შესაბამისად, განსაკუთრებით ემზადებოდნენ.
მთხოვეს, რომ სანტასთვის საჩუქრები ჩვენც წაგვეღო. ლაპლანდია ნამდვილად ჯადოსნურია, იქაურობა ულამაზესია და საოცარი სიმშვიდე სუფევს.
ბავშვებთან ერთად ვციგაობდით და ირმებისა და ჰასკების მარხილით დავდიოდით. ვინაიდან სამი ბავშვის მოვლას ძიძების გარეშე მაინცდამაინც მიჩვეული არ ვარ, მოკრძალებული საახალწლო სუფრა გავშალე.
მაგიდაზე მქონდა კარტოფილი ფრი, 5 ბანანი, ტორტი და ერთი ბოთლი შამპანური“,- იხსნებს ერთ-ერთ ინტერვიუში კუკუნაშვილი.
ცეკვა და სახლში გახსნილი ცეკვის დარბაზი
„მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ სტუდიაში ვცეკვავ, მეუღლემ ცეკვის დარბაზი სახლშიც გამიკეთა და სამსახურშიც. თუმცა, ამ ბოლო დროს შეშფოთებულია ჩემი ყოველთვიური საკონკურსო რეჟიმით და მთხოვს, რომ ოჯახისა და დასვენებისთვის კვირაში ერთი დღის ნაცვლად ორი დღე გამოვყო. ბუნებრივია, არც ისე ადვილი ასატანია ცოლი, რომელიც ყოველდღე შუაღამის 1 საათზე, დამაზოლებული ფეხებით და კოჭლობით ბრუნდება სახლში“,- ამბობს კუკუნაშვილი.
ყოველ წელს გადახდილი ქორწილი
„უცხოეთში არსებობს ასეთი ტრადიცია „ვედინგ რენიუალ” – ქორწინების განახლება.
ფაქტობრივად, ყოველ წელს ჩემს მეუღლესთან ერთად ამას ვაკეთებდით. ვპატიჟებდით მეგობრებს და სრულიად არაქართულ და არატრადიციულ ქორწილებს ვაწყობდით.
ცხრაჯერ უკვე მოვასწარით დაქორწინება.
გადავიხადეთ სამხრეთ აფრიკაში, იამაიკაზე, ტაილანდში. ეს სამი ყველაზე კარგად დაგვამახსოვრდა. იამაიკაზე საქართველოდანაც იყვნენ ჩამოსული მეგობრები.
ქართული ხალხური ქორწილები არ მომწონს, სიმართლე გითხრათ, არც დავდივარ. იქ თანამედროვე ქორწილები გვქონდა, ტაილანდში, ქორწილში, სულ არ მეცვა კაბა, რაც მთავარია – თეთრი, დახეული მაისური გვქონდა, აქაური ქორწილი არის სერიოზული სტრესი ნეფე-პატარძლისთვის და ვაწყობდი ისეთ ქორწილს, სადაც პატარძალი ყველაზე უკეთ ერთობოდა. შემდეგ მოგვბეზრდა. გართობის ალტერნატიული საშუალებებით დავკავდით“,- იხსენებდა ბიზნესლედი.
აფრიკაში მოგზაურობა
ველურ აფრიკაში ძალიან მძიმე ცხოვრების პირობებია, განსაკუთრებით – ეთიოპიაში, სადაც სხვადასხვა ტომი ცხოვრობს. ყოველდღე მიწევდა მათი დასახლებების შეცვლა და ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა.
ფაქტობრივად, მიწაზე ცხოვრობენ, ძროხას უხვრეტენ არტერიას და სისხლს იღებენ, რადგან სისხლი დიდი რაოდენობით პროტეინებისა და საკვები ელემენტების შემცველია და დიდხანს ჰყოფნით.
კენიაში არის სამბურუს ტომები, რომლებსაც ასეთი ტრადიცია აქვთ:
გოგოს ჰყავს ტომიდან ბოიფრენდი, რომელზეც გათხოვების უფლება არ აქვს, რადგან საქმრო მამამისმა უნდა შეურჩიოს. ეს ბოიფრენდი ყიდულობს მისთვის მძივს და როდესაც გოგონა დააპირებს გათხოვებას, ეს მძივი უკან უნდა დაუბრუნოს.
ქართული გავლენით ვკითხე: გოგონა ქალიშვილია-მეთქი? გაუკვირდათ ამ კითხვის დასმა – პაპუასები ხომ არ ვართო. სექსიც აქვთ, ჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, უბრალოდ, მისგან ბავშვი არ უნდა გააჩინოს და შემდეგ გათხოვდეს მამის არჩეულ საქმროზე.
ეთიოპიაში ერთი კვირის განმავლობაში არ მქონდა ცხელი წყალი, არ მქონდა საპონი და, ფაქტობრივად, ტალახიანი ხელებით დავდიოდი ერთი კვირა.
ყოველდღე გვიწევდა ადგილის შეცვლა, გარეთ მოწყობილ კარვებში ვიძინებდით, ძალიან გამიჭირდა, რადგან მანამდე „კომფორტ თრეველერი“ ვიყავი, საღამოს უკვე ნერვები მახრჩობდა: ანტიჰიგიენა, საჭმელს რომ ვერ შეჭამ, მაგრამ, მაინც ღირდა.
აგრეთვე წაიკითხეთ:
რომანი გიორგი კეკელიძესთან? რატომ ჩააბარა მამა პანსიონში და ვინ არის ნანიკო ხაზარაძის მეუღლე