
„ყველაზე ძლიერი მტკიცებულება“, - ასე შეაფასეს „ნასას“ მეცნიერებმა აღმოჩენა, რომელსაც შორეულ პლანეტაზე მიაგნეს. ისინი ვარაუდობენ, რომ საკვლევ ობიექტს იმ მოლეკულების ნიშნები აქვს, რომლებსაც დედამიწაზე, მხოლოდ, მარტივი ორგანიზმები წარმოქმნიან.
კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შორეული პლანეტის K2-18b-ის ატმოსფერო შეისწავლეს, რა დროსაც დიმეთილსულფიდი (DMS) და დიმეთილდისულფიდი (DMDS) აღმოაჩინეს. ამ ორ მოლეკულას, დედამიწაზე, ფიტოპლანქტონსა და ბაქტერიებში შევხვდებით. მიგნება უკვე მეორეა, სხვა პლანეტებზე არსებული სასიცოცხლო ნიშნების შესახებ.
როგორც BBC იუწყება, K2-18b დედამიწაზე ორნახევარჯერ დიდია და მას 700 ტრილიონი მილი აშორებს. ნასას კოსმოსური ტელესკოპი JWST-ი კი იმდენად ძლიერია, რომ მას პლანეტის ატმოსფეროს ქიმიური შემადგენლობის დადგენა შეუძლია.
„შორეული პლანეტა პატარა წითელი მზის ირგვლივ ტრიალებს და ქმნის მტკიცებულებას, რომ სიცოცხლეს სხვა სამყაროებშიც შეგვიძლია მივაგნოთ“, - აცხადებს კემბრიჯის ჯგუფის მთავარი მეცნიერი, პროფესორი ნიკუ მადჰუსუდჰანი.
მიუხედავად იმისა, რომ არსებული თეორიის შესწავლას, გამოკვლევას და საბოლოო შედეგის მიღებას დიდი რესურსი სჭირდება, პროფესორი იმედოვნებს, რომ მის დამტკიცებას, უახლოეს, 2 წელიწადში შეძლებს.
„იქ, ნამდვილად, არსებობს სიცოცხლე. მე შევძლებ ამის დადასტურებას“, - მტკიცედ აცხადებს მეცნიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ყველისსოკო ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური სოკოა“ - რატომ ჰქვია მას ყველისსოკო, ეს უნდა იცოდეთ!