2020 წლის 18 თებერვალს პოლიციის დეპარტამენტში შევიდა ზარი სამოქალაქო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ.
თენგიზ გეწაძე - იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს უფროსი:
„შეტყობინების თანახმად, შენობაში დაჭრილი იყო ახლგაზრდა ქალი. ადგილზე შესაბამისი ორგანოების თანამშრომლები გამოცხადდნენ.
პოლიციას შემდეგი სიტუაცია დახვდა: ახალგაზრდა მამაკაცი დაცვის პოლიციას დაკავებული ჰყავდა. გოგო კი სისხლის გუბეში იწვა“.
დაკითხვისას გაირკვა რომ ცოლ-ქმარი იყვნენ. ქალი - ელისო გოგია გახლდათ, მეუღლე კი - დავით უბილავა.
დანაშაულის ადგილზე ექიმებმა ქალის გარდაცვალება დაადასტურეს.
მკვლელობის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოიღეს სისხლის კვალი და დანაშაულის იარაღი - დანა.
დაიკითხნენ მოწმეები.
ახალგაზრდა ქალის გვამი პროზექტურაში გადაასვენეს. ელისოს 6 ჭრილობა ჰქონდა გულ-მკერდის არეში, რაც სასიკვდილო აღმოჩნდა.
„ჩემი ცოლი იყო. დიასახლისი გახლდათ. ბედნიერი ცხოვრება გვქონდა. ბავშვები სწავლობდნენ“, - ამბობს ჩვენებაში უბილავა.
„დავითი ელისოს სახლში ცხოვრობდა. ელისო ჩემი ერთადერთი შვილი იყო და ასე გადავწყვიტეთ. ყველანი ერთად ვცხოვრობდით. კონფლიქტი არ გვქონია. 2019 წელს ჩემმა სიძემ გამოცდები ჩააბარა და სამსახურში სხვა ქალაქში გადავიდა.
დათოს მუშაობის დაწყების მერე ელისომაც დაიწყო მუშაობა. ყოველდღე ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად. დაიწყეს დამოუკიდებლად ცხოვრება მაგრამ აქ დათოს დაეწყო პრობლემები. ის ეჭვიანი გახდა“, - ამბობს ჩვენებაში ელისოს მამა.
ქმარმა მეუღლის გარდასახვა ვერ აიტანა. ელისო უმძიმეს სიტუაციაში იყო, ყოველდღე ჩხუბობდა.
„რომელი საათია?! მაკიაჟი რათ გინდა?! გრაფიკი არ გაქვს სამსახურში?! მიგაკლავ იცოდე თუ რამეს შეგამჩნევ!“ - ამ სიტყვებით აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას.
ელისო იძულებული გახდა წამოსულიყო სამსახურიდან და სახლში ყოფილიყო.
„ის მაკიაჟს იკეთებდა ხშირად, ვიღაცას წერდა და ამის გამო ვეჭვიანობდი. ვაყენებდი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას“, - ამბობს ჩვენებაში უბილავა.
ოჯახში ძალადობის ფაქტის დაფიქსირების შემთხვევის შესახებ ელისომ პოლიციის თანამშრომელს უამბო. რის გამოც უბილავას მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
„2020 წლის 4 მარტამდე მეუღლესთან კონტაქტი ამეკრძალა“, - აღნიშნა ჩვენებაში ბრალდებულმა.
ამის გამო ელისო შვილებთან ერთად მამამისის სახლში დაბრუნდა.
„მივიღე სახლში, მეგონა ეს მცირე კონფლიქტი იყო და მალე შერიგდებოდნენ. ვიცოდი, რომ სიძეს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. ამ დროის განმავლობაში მაინც ეკონტაქტებოდა ელისოს. მიზეზად შვილების ნახვას იდებდა“, - ამბობს ჩვენებაში ელისოს მამა.
„არ პასუხობდა ჩემ ზარებს. ბოლოს ისეთი რამ მითხრა... მომწერა განქორწინება მინდაო. მითხრა, მივალ იმ ადგილას სადაც საჭიროა მეც მოვაწერ ხელს და შენც მოაწერეო, ერთმანეთს ვერც კი ვნახავთო. ძალიან გავმწარდი. ელისომ დაბადების დღეზე რა დანაც მაჩუქა ის ავიღე და წავედი. თან გავიყოლე ხელთათმანებიც. იმ ქალაქში წავედი სადაც ელისო განქორწინების საბუთის გაკეთებას ცდილობდა. დავიწყე თვალთვალი.
შემდეგ ელისომ მომწერა, რამდენ ხანში მოხვალ საჯარო რეესტრშიო განქორწინებაზე ხელის მოსაწერადო, ვუთხარი, 1 საათი დამჭირდება-თქო.
დავინახე როგორ გავიდა მამასთან ერთად სახლიდან და როგორ წავიდნენ. მეც გავყევი. ხელთათმანი გავიკეთე, დანა გავშალე და უკან ავედევნე. მისი მოკვლა გადაწყვეტილი მქონდა. ელისო რომ ჩაიკეცა გავშეშდი. გაქცევა არ მიცდია, მიზანი მიღწეული მქონდა“, - ამბობს ჩვენებაში უბილავა.
ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მკვლელობის დროს უბილავა შერაცხადი იყო.
მას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 15 წლის ვადით.
მასალა მომზადებულია გადაცემა „პოლიციის ფაილების“ მიხედვით.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔘 „ბებიაჩემის დროინდელი ტელეფონით სელფი გადამიღო და 15 დოლარი ამახია“ - რას წერს გურამ შეროზია?