Digest Logo

„პატარაობაში მამა არ მიყვარდა, 3 წლის ასაკში დავობლდი...“ 16 წლის ასაკში ნაპოვნი სიყვარული და მანქანის ბორბლებში შევარდნა ბავშვის გადასარჩენად - ღიმილის კაცის პორტრეტი

1674466733
გივი ბერიკაშვილი

„რამდენი ჩვენგან წასული კაცის
ვერ გადავიხდით ვერასდროს ამაგს,
მაგრამ ის ერთი სხვა იყო მაინც,
კაცი რომელიც დააკლდა ქალაქს“... ჩვენდა საბედნიეროდ საქართველოში არსებობენ ისეთი ადამიანები, რომელთა ამ ქვეყნიდან წასვლა დიდი დანაკარგია ერისთვის.

და ადამიანის მისიაც ხომ სწორედ ესაა - თავისი სათქმელი თქვას ამ წუთისოფელში და ყოველი წუთი განსაკუთრებული გახადოს.

პოეტი მიხეილ ქვლივიძე ამბობდა: და ღმერთს ვთხოვთ: ღმერთო, გვაცხოვრე ისე,
რომ ჩვენც ოდესმე დავაკლდეთ ქალაქს!“ - ამ სიტყვების გათავისება სრულად შეუძლია დიდი არტისტის - გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს.

წავიდა, თუმცა დატოვა კვალი, დატოვა სახელი, დატოვა სათქმელი, დატოვა კინო შედევრები, დატოვა მარადიული ფრაზები და გასაოცარი პერსონაჟები... მოიცა, მაინც წავიდა? არა, „ის აქ არის“... და მუდამ აქ იქნება, სანამ მის სახელს ერთი ადამიანი მაინც წარმოთქვამს....

„დავიბადე თბილისში, ვერაზე, სატოს უბანში, იქვე ახლოს მდებარე ჩაჩავას სამშობიაროში. მამა არ მახსოვს – 3 წლის ვიყავი, როცა ჭლექით გარდაიცვალა. მხოლოდ ის მახსოვს, დედაჩემი სადმე რომ გადიოდა, მამაჩემს ერთი დიდი ბამბუკის ჯოხი ჰქონდა და იმას დაუტოვებდა, ახლოს რომ არ მივკარებოდი. საკმარისი იყო, იმ ოთახში შემეხედა, სადაც მამა იწვა, რომ ის უბედური ჯოხს მიღერებდა. მე, რა თქმა უნდა, ჩემი თავიდან მოშორების მიზეზს ვერ ვხვდებოდი. ამიტომ, პატარა ბავშვს არ მიყვარდა მამაჩემი...“ - გივი ბერიკაშვილის ჩანაწერები დიტო ღვთისიაშვილის წიგნში „სახალხო არტისტი“.

სიყვარული 

„გივი და ლეილა კაპანაძე თეატრალურში, ერთ ჯგუფში იყვნენ, ალბათ, 16 წლიდან იცნობდნენ ერთმანეთს და 65 წელი ერთად იცხოვრეს. ფაქტობრივად, ნულიდან დაიწყეს ცხოვრება, რადგან გივი კახეთიდან იყო ჩამოსული, მშობლები ადრეულ ასაკში გარდაეცვალა, ბებო კი მრავალშვილიანი ოჯახიდან გახლდათ. ასე რომ, თავიანთი არაფერი გააჩნდათ და საკუთარი ოფლით, შრომითა და ერთად დგომით იყიდეს ბინა, შექმნეს ბედნიერი ოჯახი და მოიპოვეს ყველაფერი. ბებო ხშირად იხსენებდა სიცილით: რომ დავქორწინდით, გივიმ ტრამვაით წამომიყვანაო.

ჯვარი არ ჰქონდათ დაწერილი, ძალიან უნდოდათ და სამოცდაათ წელს გადაცილებულებმა დაიწერეს. ალბათ, იფიქრეს, თუ ჯვარს დავიწერთ, იმქვეყნადაც ერთად ვიქნებითო. არ დამავიწყდება, იმ დღეს უბედნიერესები იყვნენ, ყველა საყვარელი ადამიანის – შვილების, შვილიშვილებისა და ოჯახის ახლობლების გარემოცვაში. სუფრაც იყო გაშლილი და ახალჯვარდაწერილებმა იცეკვეს კიდეც. გივი 84 წლის ხდებოდა, რომ გარდაიცვალა და მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ ლეილა ძალიან შეიცვალა.

გივისთან ერთად ცხოვრება ძალიან სასიამოვნო იყო. დილით ერთად ვიღვიძებდით, „ჰერკულესის“ ფაფას  ერთად ვამზადებდით, მასეირნებდა, სკოლაში მივყავდი და მოვყავდი. მიუხედავად ამისა, საკმაოდ რიდიანი ურთიერთობა გვქონდა. თუ რამე არ მოსწონდა, ამას პირდაპირ არ მეუბნებოდა. 

ერთხელ, ჩემი ბიძაშვილი, გიო, 3 წლის იყო. გივიმ ნაგვის გადასაყრელად გააჩერა მანქანა ხევთან. გიო საჭესთან გადაჯდა და ახლაც არ ვიცით, როგორ დაძრა მანქანა ხევისკენ. გივიმ ეს რომ დაინახა, გამოვარდა, საბურავებში ჩაუწვა და დაღმართში დაძრული მანქანა სასწაულით გააჩერა. სხვათა შორის, ფეხი კარგა ხანს სტკიოდა.

ბოლოს თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში. დილით, 7 აპრილს შევხვდი ბოლოს. ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, თავზე დავატირე. დამამშვიდა: კარგი, პაპიკო, რა გატირებსო და ხელზე მაკოცა. სიტუაცია რამდენიმე წამში დამძიმდა. მისი დაძინება და ხელოვნურად ჟანგბადის მიწოდება გახდა საჭირო. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, თუმცა იმედიანად ვიყავი. სამი დღე ველოდი, რომ ნებისმიერ წამს შემოაღებდა პალატის კარს, გაგვიღიმებდა და დამთავრდებოდა ეს კოშმარი. სახლში რომ წამოვიყვანეთ, მაშინაც ასე მეგონა, სახლიდან თეატრში რომ წავიყვანეთ, მაშინაც...“, - ამბობდა პირველი შვილიშვილი, ანო მაისურაძე გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას.

მეგობრობა ივანიშვილებთან

„ამ ოჯახიდან მარტო ბიძინას არ ვიცნობდი. კარგად ვიცნობდი მამამისს – გრიგოლს, უფროს ძმას – ადიკოს. ჩემი მანანა და ბიძინას ძმისშვილი – დათო ივანიშვილი, თანატოლები არიან და ბავშვობიდან ერთად მოდიან. ძალიან ახლო და კარგი ურთიერთობა გვქონდა მთელ მის ოჯახთან, ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს, იმ პერიოდში ბიძინა არ ცხოვრობდა საქართველოში. რაც დაბრუნდა, მასთანაც ძალიან ახლო მეგობრობა და დიდი სიყვარული მაკავშირებს. ამისთანა ქველმოქმედ კაცთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი პატივია.

ჩვენი შეხვედრა მოსკოვში შედგა, გოდერძი ჩოხელის ფილმს ვახმოვანებდით. მაშინ რაღაც დაგვჭირდა და ბიძინას ვთხოვეთ დახმარება. ათიანზე გაგვიკეთა“, - იხსენებდა გივი ბერიკაშვილი „თბილისელებთან“ საუბრისას.

მეგობრობა

როდესაც ვსაუბრობთ გივი ბერიკაშვილზე ავტომატურად გვახსენდება კახი კავსაძე და მათი განუყრელი მეგობრობა. კავსაძე მთელი ცხოვრება გივის მეგობარი იყო, მათი შემოქმედება ცალ-ცალკე წარმოუდგენელია. ეს ორი ადამიანი უერთმანეთოდ, თითქოს ვერ აღიქმებიან, ეს იყო მთლიანი სული.

„გივი იყო ადამიანი, რომელსაც ორი გული ჰქონდა, მისი და ჩემი, ახლა დავრჩი გულის გარეშე, და დღეიდან ღმერთს ვთხოვ, მალე შემახვედროს საქართველოს ყველაზე ნიჭიერ არტისტს“, - ამბობდა კახი კავსაძე ბერიკაშვილის გარდაცვალებაზე.

„თქვენ თვითონ რას შესთხოვდით ღმერთს, სამოთხის კართან რომ იდგეთ?

შემიშვი რა, ღმერთო, არაფერი დამიშავებია, კაცურად ვიცხოვრე და იქნებ ღირსი ვარ, რომ ჯოჯოხეთში არ მოვხვდე-მეთქი… უნდა სთხოვო და თუ ღირსი ხარ, გაგიღებს კარებს, თუ არადა… უფალი გადახედავს ჩვენს ცხოვრებას და ჩადენილი სიკეთის მიხედვით განსჯის, სადაა თითოეული ჩვენგანის ადგილი“, - ამბობდა მსახიობი გამოცემა „ნოსტალ.ჯისთან“ საუბრისას.

გარდაცვალება

მსახიობი 2017 წელს 83 წლის გარდაიცვალა. ის კლინიკა MediClubGeorgia-ში ფილტვების ანთების დიაგნოზით მიიყვანეს. ექიმების მცდელობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

„არ მინდა სიკვდილი და თუ მოვკვდები ოდესმე, იმედი მაქვს, იქ ერთი თეატრი გახსნილი ექნებათ ჩემებს დასასაქმებლად და დამასაქმებენ... უსაქმოდ რა გამაჩერებს კაცო“, - ამბობდა არტისტი.

როგორც მისმა ძმობილმა - კახი კავსაძემ დატოვა რიტორიკული კითხვა „ნეტავი, იქ თეატრი არის?!“ თუ არის ზეციურ დასში კოლეგები კვლავ ერთად იქნებიან და ერთად გააგრძელებენ კეთილი საქმის კეთებას...

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„მისთვის ცხოვრება იგივე სცენა იყო, ყველაფერი გულით უნდა გაეკეთებინა... “ - კახი კავსაძის აქამდე უცნობი ფოტოები

🔵გივი ბერიკაშვილისა და კახი კავსაძის ბოლო დიალოგი

🔵მსახიობის ტრაგიკული ცხოვრება და ერთადერთი სიყვარული - აქამდე უცნობი ამბები კახი კავსაძის შესახებ