Digest Logo

ფეხის ამპუტაცია 13 წლის ასაკში, 6 წლით უმცროსი მეუღლე, რეპრესირებული ოჯახი და კულისებში დატოვებული სიცოცხლე - გოგი ცაბაძის პორტრეტი

1630494465
გოგი ცაბაძე

„თვითონ ღმერთი წამებული შენ ერთს გწყალობს ისევე, მხოლოდ გულში განისვენებს, მხოლოდ გულში ისვენებს, გულო, სანამ გული გქვია, გულო, უნდა მტკიოდე, გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე“ – ეს სიტყვები გოგი ცაბაძეს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, გულს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა და ბოლოს სწორედ გულმა დააღალატა. გულმა ვეღარ გაუძლო და კულისებში, ფარდის მიღმა დატოვა ამქვეყნიური სამყოფელი.

თბილისში არ არსებობს ადგილი, სადაც გოგი ცაბაძე გარდაიცვალა. თბილისისთვის ის ცოცხალია. მართლა საოცრებაა, ადამიანი, რომელიც ყოველდღე თბილისს უმღეროდა, თბილისში არ გარდაცვლილა...

დღეს სწორედ მასზე მოგიყვებით. ტრაგედიებმა გოგის ცხოვრება მთლიანად შეცვალა...

გოგი ცაბაძე 1924 წლის 24 აგვისტოს შეძლებულ ოჯახში დაიბადა, თუმცა მისი ოჯახი 30 წლის რეპრესიებს ემსხვერპლა. მამამისი გაბრიელი დახვრიტეს, ოჯახის ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა. პატარა გოგი და-ძმებთან ერთად დედასთან იზრდებოდა, მისი დედმამიშვილები მოგვიანებით მეორე მსოფლიო ომმა შეიწირეს.

პატარა გოგის ოცნება სულაც არ ყოფილა კომპოზიტორობა, ის ბავშობიდან ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა მისი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება დიდ ხანს ვერ შეძლო. გოგის მიმავალ ტრამვაიზე შეხტომისას, კონდუქტორმა ხელი ჰკრა მარცხენა ფეხი ბორბლებში მოექცა და ვეღარ შეძლო თავისი საყვარელი საქმიანობის გაგრძელება.

„37 წლის რეპრესიების წყალობით, ბავშვობაში მამა აღარ ჰყავდა, ფრონტზე ორი ძმა დაკარგა, გარდაეცვალა 24 წლის და. ბებიაჩემს, როგორც ერის მოღალატის ცოლს, აკრძალული ჰქონდა მუშაობა. თვითონ, მამაჩემს 13 წლის ასაკში ფეხი მოჰკვეთეს. ამის მერე დაიწყო სიმღერების წერა.

ამბობდა, ჩემთვის ფეხი რომ არ მოეკვეთათ, ფეხბურთელი ვიქნებოდიო... დედაჩემმა მთელი თავისი სიცოცხლე აჩუქა მამას. შეუღლების შემდეგ ერთი დღეც არ უმუშავია. გოგის ყველა პრობლემას არიდებდა...

დედაჩემი იხსენებდა, ცოლად რომ მივყვებოდი, მაშინ მითხრა გოგიმ, დედაჩემს და შენ რაიმე უთანხმოება მოგივიდეთ, იცოდე, მე ყოველთვის დედაჩემის მხარეს დავიჭერ, ერთი დედა მყავსო... ასე, ერთი წინადადებით გადაჭრა მამაჩემმა რძალდედამთილობის პრობლემა. საოცრად მოკრძალებული ურთიერთობა ჰქონდათ დედაჩემსა და ბებოს. ეს იყო ურთიერთპატივისცემის, ურთიერთთანადგომის, ურთიერთსიყვარულის ჭეშმარიტი მაგალითი“,- იხსენებდა ცაბაძის შვილი კახა ცაბაძე.

გოგი ცაბაძის ამბავი სიყვარულისა

„მამა დედაზე ექვსი წლით უფროსი იყო. დედა პროფესიით ექიმი გახლდათ, მაგრამ მამაჩემს რომ გაჰყვა, მუშაობას თავი დაანება. თავიდანვე იცოდა, რამხელა საქმეს აკეთებდა, რომ ნებისმიერ მის სამსახურს გოგის მოვლა აჯობებდა. ამ დროს მამა უკვე პოპულარული ბიჭი იყო. კონცერტმაისტერი იყო და, მომღერლებთან, მსახიობებთან ერთად დადიოდა გასტროლებზე. მაშინდელი აფიშაც მაქვს შენახული. სხვათა შორის, მამაჩემის სიმღერების პირველი შემსრულებელი მერი შილდელი იყო.

რაც შეეხება ჩემი მშობლების გაცნობას, ერთმანეთი დედაჩემის მეგობრის ოჯახში გაიცნეს. ერთ დღესაც მამამ სამედიცინო ინსტიტუტში მიაკითხა. დედა სათვალეს ატარებდა, ახლომხედველი იყო. სანამ სათვალე ამოვიღე, გოგოები მისცვივდნენო, – იხსენებდა.

აღმოჩნდა, რომ თამრიკოსთან იყო მისული. ერთი რომანსი მიუძღვნა დედას ქორწილში. ეს ნოტებიც შენახული მაქვს. ზედ აწერია: „ჩემი ცხოვრების თანამგზავრს – თამრის“.

დედაჩემის მხრიდან მამას მზრუნველობა არასდროს მოჰკლებია. სულ ვამბობ, თუკი თბილისში ქუჩას, სკოლას ან სხვა რაიმე დაწესებულებას შეიძლება, გოგი ცაბაძის სახელი ერქვას, ეს, თამრიკოსა და გოგი ცაბაძის სახელობის უნდა იყოს-მეთქი.

რასაც მამა აკეთებდა, ორმოცდაათი პროცენტი თამრიკოს შემოქმედება იყო. დედა მისი პირველი შემფასებელი გახლდათ. თუ რაღაც ისე არ გამოვიდოდა, პირველად დედას უნდა ეთქვა, კარგიაო და მერე მოჰყვებოდნენ გარჩევას. ერთხელ დედა სამზარეულოში რაღაცას აკეთებდა. მამამ დაუკრა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, ოთხჯერ... გაუკვირდა, რატომ არ გამოდის თამრიკო სამზარეულოდანო. მერე მივიდა და უთხრა: არ მოგეწონა, რომ არ გამოხვედიო. მთელი სამი დღე ებოდიშებოდა – მომეწონა, მომეწონაო. ბავშვივით უხაროდა ყველაფერი და ბავშვივით სწყინდა“,- იხსენებდა გოგის ვაჟი.

გარდაცვალება

„არ იტყოდა, თუ ცუდად იყო. დედაჩემი ერთს რომ შეხედავდა, ატყობდა, რომ წნევა ჰქონდა. ინფარქტი ჰქონდა გადატანილი, რაღაც პერიოდი იწვა. მაინც ბოლომდე ეწეოდა, ქეიფი და მეგობრები უყვარდა. ერთი კარდიოლოგი მეგობარი ჰყავდა, – გივი კალანდარიშვილი, რომელიც მის ჯანმრთელობას აკონტროლებდა. ერთხელ უთხრა: ახლა მოსწიე სიგარეტი და მე კარდიოგრამას გადაგიღებო. ახლა ერთად დავლიოთ სადილზე ერთი ბოთლი და მერე ისე გადაგიღებო. აინტერესებდა როგორ მოქმედებდა მასზე ეს ყველაფერი. მერე უთხრა: მოდი, ახლა დაუკარი და იმღერეო. ყველაზე ცუდი კარდიოგრამა დაკვრის მერე ჰქონდა, იმდენ ემოციას დებდა. უპირველესად, სიმღერა აუკრძალა, მერე სიგარეტი და მერე დალევა. ვერც ერთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოედგინა“,- ამბობდა კახა ცაბაძე.

მაშინაც ქალაქ გორში მის იუბილეს აღნიშნავდნენ. 1986 წლის 30 ნოემბერი იდგა... საიუბილეო კონცერტი, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ტარდებოდა. უკანასკნელმა ყარაჩოხელმა უკანასკნელი სიმღერა შეასრულა, გულზე ხელი დაიდო, კულისებში გავიდა... და ასე შეაბიჯა მარადისობაში...

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵 მეჯვარის მოკვლა და რომანი 14 წლის გოგოსთან - სოსო პავლიაშვილის სკანდალები

🔵 ნაადრევად დატოვებული სიცოცხლე და „შეფუთული“ ლენინის უცნობი ისტორია - ცოტა რამ რამაზ გიორგობიანზე

🔵 უცნობი ისტორია ზვიადაურზე, რომელიც აქამდე არავის სმენია