„მე და შენ ანუ შენ და მე“... ალბათ, ფიქრობთ საიდან გეცნობათ ეს ფრაზა... გაგახსენებთ, ფილმი „მხიარული რომანი“.... „ტექსტის და მუსიკის ავტორია ეკა ბერიძე, ასრულებს ჩვენი ინსტიტუტის სტუდენტი დათო მგალობლიშვილი!“... დიახ, სწორედ დათო მგალობლიშვილისა და ერთ-ერთი სახასიათო პერსონაჟის შემქმნელის, რამაზ გიორგობიანის შესახებ მინდა გესაუბროთ.
რამაზი, როგორც თავად ინტერვიუში ამბობდა, რეალურ ადამიანებს ასახიერებდა.
დავით მგალობლიშვილი, სოსო „ცისფერი მთები ანუ ტიანშანი“, მთხრობელი „ყველაზე სწრაფები მსოფლიოში“, ეს იმ არასრული ფილმების სიაა, სადაც გიორგობიანი მთავარ როლს ასრულებს.
მისი არტისტობა შეგვიძლია მხოლოდ 2 როლიდან განვსაზღვროთ დათო მგაობლიშივლისა და სოსოს მაგალითზე.
გიორგობიანმა იმდენად რეალისტური და სახასიათო როლები შექმნა, რომ მაყურებელმა ფილმის გამოშვების დღიდან აიტაცა და დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ბიოგრაფია
რამაზ გიორგობიანი, საოცრად ნიჭიერი მსახიობი, სცენარისტი და რეჟისორი 1946 წლის 16 აპრილს დაიბადა…
დედა ნუცა მიქელაძე, ოპერის ყოფილი პრიმადონა იყო, რომელსაც პოეტი ირაკლი აბაშიძე „საქართველოს იადონს“ ეძახდა.
როგორც ცნობილია, გიორგობიანის დედა მეორე ქორწინებაში ყოფილა, ოპერის თეატრის რეჟისორთან, გივი გაჩეჩილაძესთან. მათ თანაცხოვრებისას ერთი ქალიშვილი, მაია გაჩეჩილაძე შეეძინათ.
„რამაზს შესანიშნავი მამა ჰყავდა, ბატონი დუტუ, რომელიც არასდროს აკლებდა ყურადღებას და ზრუნვას, მაგრამ ყოველდღე გვერდით ჰყავდა კაცი, ვისაც შვილივით უყვარდა, თანაც იმდენად, რომ მაიას მონაყოლით, ის მთელი ბავშვობა ეჭვიანობდა…“- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობი ლელა ანჯაფარიძე.
მაია ჰყვება, რომ რამაზი მისთვის მხოლოდ ძმა კი არ მასწავლებელიც იყო… მუდამ გვერდში ედგა, რჩევებს აძლევდა, საინტერესო წიგნები მოჰქონდა... კი არ ზღუდავდა, პირიქით, თავისუფლებას აჩვევდა… თუმცა, ხშირად უმეორებდა ერთ ფრაზას, „ენამ არ უნდა გაასწროს ტვინსო“…
„მის გაზრდაში წვლილი მამაჩემსაც მიუძღვის, საერთოდ, ყველას თბილი დამოკიდებულება გვქონდა. ჩემზე 14 წლით უფროსი იყო, მზრუნველი ძმა იყო, მე კი მეცადინეობაში სულ ხელს ვუშლიდი, რაზეც ჩხუბობდა, - ეს ბავშვი გაიყვანეთო.
მაგრამ ხომ ვამბობ, მართლა არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, რაც მამისა და დედაჩემის დამსახურება იყო და თვითონ რამაზისაც, რადგანაც კეთილშობილი ადამიანი გახლდათ.
გარშემომყოფები უყვარდა, მე - გამორჩეულად, მაია მან დამარქვა.
უფრო სწორად, მისმა კლასმა, მაშინ ფილმი „მაია წყნეთელი“ მოდაში იყო და სახელი მისი გავლენით დამარქვეს.
დედაჩემს სამშობიაროში წერილი მისწერეს... ბავშვობაში ძმაზე ძალიან ვეჭვიანობდი, რადგან დედას და ბებიას პირზე სულ რამაზიკო ეკერათ და პრეტენზიას გამოვთქვამდი, უფრო ანებივრებთ-მეთქი. ბებია მპასუხობდა, - მამა არ ჰყავს და მეტი ყურადღება სჭირდებაო.
რამაზი მზრუნველი იყო, მაგრამ დიდი მეგობარიც. არასოდეს არაფერი დაუშლია. დედას ეუბნებოდა, თავისუფლება მიეციო, რადგანაც შინაგანად თავისუფალი იყო და უნდოდა, გარშემომყოფებიც ასეთები ყოფილიყვნენ...
თუ რამე ვიცი, რამაზის დამსაურებაა, ჩემს ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი მიუღძვის, ჩამომიწერდა ხოლმე წიგნებს, რაც უნდა წამეკითხა, ჩემს განთლებასა და ინტელექტუალურ დონეს აკონტროლებდა...
თეატრალურ ინსტიტუტში რომ ვაბარებდი, მომიტანა წიგნი, რომელშიც მხატვრობაზე ყველაფერი ეწერა. ისეთ რაღაცეებს მასწავლიდა, რასაც ჩემით ვერ ვისწავლიდი...“- იხსენებს მაია გაჩეჩილაძე.
რამაზი მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა.
„მაშინ იყო ასეთი „მხიარულთა და საზრიანთა“ თამაში „კავეენი“, მონაწილეობდნენ კიბერნეტიკისა და ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები მე კიბერნეტიკის სტუდენტებს ვეხმარებოდი. ამის მერე ბანკეტზე კინოსტუდიიდან ქალი მოვიდა და მთხოვა ფილმის როლზე სინჯებზე მივსულიყავი. მივედი და დამამტკიცეს კიდეც. ასე დაიწყო ჩემი ფილმებით დაინტერესება“,- იხსენებს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგობიანი.
ის ძალიან ნიჭიერი ადამიანი იყო, შესანიშნავად წერდა, ხატავდა, გატაცებული იყო ფეხბურთით, სრიალებდა თხილამურებზე…
მსახიობი სრულიად შემთხვევით გახდა…
ის მათემატიკური ოლიმპიადის დროს, აღმოაჩინა ბატონმა ოთარ იოსელიანმა და მიიწვია ფილმში „გიორგობისთვე“, ნიკოს როლში…
ისე კი, რა სიმბოლურია, გვარად გიორგობიანის დებიუტი „გიორგობისთვეში“ რომ შედგება…
მართალია, როლი კი მშვენივრად ითამაშა, მაგრამ თავად ფილმი ჩათვალეს „ანტისაბჭოთა“ ფილმად და კომპარტიის ცკ-ში მიდიოდა წერილები, სადაც ითხოვდნენ მის განადგურებას და დაწვას…
რადგანაც იგი „სოციალისტური რეალიზმის ყალბად გაგების, ყოფის ზერელე ასახვის, შიშველი ნატურალიზმის ჭაობისკენ მიაქანებს შემოქმედს“…
ცნობისთვის, ფილმმა „გიორგობისთვემ“, რომელიც „ჭაობისკენ მიაქანებდა შემოქმედს“, მიიღო ცნობილი ფრანგი ისტორიკოსისა და კინოკრიტიკოსის, ჟორჟ სადულის სახელობის პრესტიჟული პრემია…
შემდეგი ფილმი იყო მიხეილ კობახიძის „ქოლგა“…
„რამაზი ამ ფილმში საოცარია… ერთი შეხედვით ეპიზოდური როლია, როგორც ორი დანარჩენი, მაგრამ ამავე დროს სხვანაირად გხვდება გულზე…
ყოველ ჟესტს აქვს მნიშვნელობა, თითოეულ დეტალს…
გეფიცებით, ბოლომდე არ ვიცი, იქ რამაზი ქოლგის როლს ასრულებს, თუ პირიქით, ქოლგა რამაზის როლს…
ფილმი დაჯილდოვდა კრაკოვსა და მელბურნში…“- იხსენებს მსახიობი ლელა ანჯაფარიძე.
ოცნება
რამაზის ოცნება იყო, გამხდარიყო რეჟისორი და აპირებდა მოსკოვში დაუფლებოდა ამ პროფესიას, მაგრამ ამ დროს თბილისში გაიხსნა კინოსარეჟისორო ჯგუფი და რამაზმა იქ ჩააბარა და გახდა ბატონი თენგიზ აბულაძის მოსწავლე…
სამწუხაროდ, რამაზის მიერ გადაღებული პირველი ფილმები ძალიან რთულ პერიოდს დაემთხვა – 90-იან წლებს და ის ღირსეულად ვერ შეაფასეს…
უცნობი ამბავი
შემიხვიეთ... ლენინი!
ლევან ჭუბაბრია ჟურნალ „ისტორიანთან“ გიორგობიანზე სახალისო ისტორიას იხსენებს:
„მეგობრებს ყოველთვის გვაოცებდა თავისი არაორდინარული ხუმრობებით.
ინდოეთიდან მოსკოვში დავბრუნდი და გავიგე, რომ რამაზს სახელმწიფო პრემია მიუღია ელდარ შენგელაიას ფილმ „ცისფერ მთებში“ შესრულებული როლისთვის და თურმე ჩემი ძმაც, კინოდოკუმენტალისტი ზურაბ ჭუბაბრიაც ახლდა თან.
მივედი სასტუმროში, შევედი ნომერში და რას ვხედავ!
რამაზი და ზურა სახელმწიფო პრემიას „ასველებენ“. მაგიდაზე კი მსოფლიო პროლეტარიატის ბელადის, ლენინის ბიუსტები „მატრიოშკებივითაა“ ჩალაგებული!
განცვიფრებულს იცით, რა მითხრა?
- იმაზე მაგარი რა არის, ბიჭო! სასტუმრო „მოსკვაში“, სუვენირების მაღაზიაში რომ შეხვალ და ეტყვი - გეთაყვა, შემიხვიეთ ლენინი!..“
გარდაცვალება
რამაზ გიორგობიანის სიცოცხლე 49 წლის ასაკში შეწყდა. ინსულტით გარდაიცვალა. საავადმყოფოში მხოლოდ 10 დღე იწვა, ექიმებმა ვერ უშველეს...
მეოთხე მისი ფილმი კი, „მორევი“ საერთოდ საბედისწერო აღმოჩნდა…
ფილმის ჩვენება შედგა რამაზის უეცარი, ინსულტისგან გარდაცვალების შემდეგ…
ფილმი ძალიან მძიმეა, ის არის კაცზე, რომელიც ცხოვრებამ მორევივით ჩაითრია და მასში რამაზმა ჩააქსოვა თავისი ცხოვრებისეული ტკივილი და საკუთარი ისტორიები…
მსახიობი ლელა ანჯაფარიძე ასე იხსენებდა:
„როდესაც ვიხსენებ კაცს, რომელსაც მინდა გულით მოვეფერო, პირველი, რაც მახსენდება, არის მაღალი, თხელი, სევდანარევი და ამავე დროს იმედისმომცემი ბიჭი, დამოკლებულ შარვალში, რომელსაც ყველაზე დაუმორჩილებელი ქოლგებიც ნებით მიყვებიან და რომლის ნახტომიანი ნიჭიერი გავლა, ჩემთვის მაიკლ ჯექსონის „მთვარიან სიარულზე“ უფრო მეტს ნიშნავს…
ინტერვიუ დასთან:
- სამსახიობო განათლება არ ჰქონდა?
- რადგან კინომ ჩაითრია - მათემატიკის ფაკულტეტიდან ჯერ ჟურნალისტიკაზე გადავიდა, რაც დაამთავრა კიდეც, კარგად წერდა, მოგვიანებით კი, სწავლა თეატრალურ უნივერსიტეტში კინოსარეჟისოროზე განაგრძო, თენგიზ აბულაძემ იმ წელს პირველად აიყვანა ჯგუფი...
- როგორც რეჟისორმა ფილმის გადაღება მოასწრო?
- კი, ოთხი ფილმი გადაიღო, მაგრამ ბოლო ნამუშევრი („მორევი“) ვერ დაასრულა, გარდაიცვალა. არადა, ცოტა იყო დარჩენილი. ფილმის მონტაჟი შემდეგ გიზო გაბისკირიამ გააკეთა.
- „მხიარული რომანი“ რამაზ გიორგობიანის მონაწილეობით მაყურებელმა თავიდანვე შეიყვარა...
საზოგადოებას ლევან ხოტივარის ეს ფილმი დღესაც ძალიან უყვარს, თუმცა რამაზს არ უყვარდა, რადგანაც იქ საკუთარი ნამუშევარი ემარტივებოდა. მიაჩნდა, რომ თავად ფილმიც მარტივი იყო.
„მხიარული რომანის“ რამდენიმე კადრი ჩვენს სახლთან გადაიღეს. მაშინ რამაზს მუშაობისას რომ ვუყურე, მივხვდი, ნამდვილი არტისტი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ამ კუთხით პროფესიონალური განათლება არ ჰქონდა, მაგრამ კამერასთან მუშაობა, პარტნიორთან ურთიერთობა არაჩვეულებრივად გამოსდიოდა, რაც ოთარ იოსელიანის დამსახურება გახლდათ, რადგან კინოში ფეხი მან აადგმევინა.
- მისი სამსახიობო შემოქმედების გვირგვინი ვფიქრობ, „ცისფერ მთებში“ შექმნილი სოსოს სახეა...
„ცისფერი მთები“ ერთ-ერთი ძლიერი ფილმია, მასზე სახელმწიფო პრემია მიიღეს, მოსკოვშიც დაჯილდოებაზე მეც გახლდით, მაგ ცერემონიის მონაწილე ვიყავი...
ახალგაზრდა და მოულოდნელად წავიდა, თან, ისეთი რთული პერიოდი დაემთხვა, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა... საბურთალოს სასაფლაოზე, მამამისის გვერდით არის დაკრძალული... რამაზს დარჩა ერთი გოგონა, თიკა გიორგობიანი (რომელსაც დღეს უკვე 10 წლის დაჩი ჰყავს) და მეუღლე - ნუნუკა ქიქოძე.
- ნაღვლიანი ადამიანი ხომ არ იყო?
- არა, მისთვის უცხო იყო სევდა, მაგრამ გაოცებული და შეწუხებული იყო იმ მტრობითა და ურთიერდაპირისპირებით, რაც 90-იანების დასაწყისში ჩვენში გაჩაღდა. ძალიან განიცდიდა, რადგანაც იქითაც მეგობრები ჰყავდა და აქეთაც და ყველა თავისკენ ექაჩებოდა. თან, ხომ ვამბობ, იმის გაგება უჭირდა, რაც ხდებოდა, რადგანაც შორს იყო იმ ამბებისგან. უსამართლობას ვერ იტანდა, ვერავის აპატიებდა უსინდისობას, სიცრუეს, სუფთა და რაღაც სხვანაირი იყო. ამავე დროს არაჩვეულებრივი იუმორი ჰქონდა. მისი მოთხრობები ამ გრძნობითაა გაჯერებული. რამაზი წარსულში ფეხბურთელი იყო, „დინამოში“ თამაშობდა, მაგრამ თავი დაანება, შესანიშნავად სრიალებდა თხილამურებზე, ხატავდა. ზოგადად ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო.
აგრეთვე წაიკითხეთ:
რა კავშირი აქვს ნატო ვაჩნაძეს მაიაკოვსკის თვითმკვლელობასთან
უიღბლო ქორწინება, ავტოკატასტროფა, უშვილობა და მსოფლიო აღიარება - ელენე ახვლედიანის პორტრეტი
ორი ქორწინება, შვილმკვდარი მამა - „ღიმილის ბიჭის“ სევდიანი ისტორია