
„გაჯავრდი და
განაწყენდი,
ხმამყივარი შეიქენი,
სხვისი არავისი არის,
საქართველო არის შენი!“ - ბესიკ ხარანაული.
ჰოდა, განაწყენდა ერი, განაწყენდა ახალგაზრდობა, ამოიღო ხმა იმის წინააღმდეგ რაც არ სურს. 07.03.2023 წელს ერი აღარ იყო - „ქედდრეკილი, მადლიერი“, „აღარც უნჯი, აღარც მუნჯი, თვალაბმული, თავაკრული, პირს ლაგამი ზომიერი“ - ნელ-ნელა მივიწევთ იქამდე, რომ ამაყად და არა ირონიით ვთქვათ „ჩვენისთანა ბედნიერი, განა არის სადმე ერი?!“
9 მარტს კი ის დიდებული დილა გათენდა, სადაც ქართველი ერის ხმა შეისმინა მმართველმა პარტიამ და კანონპროექტი ე.წ აგენტების შესახებ გაიწვია.
ეს გამარჯვება ახალი თაობისა და ძველი თაობის გაერთიანების შედეგია. ამ გამარჯვებას კი როგორც ყველა მოგებულ ბრძოლას თან ახლდა ტკივილი. ოღონდ ეს ტკივილი ფიზიკურია და მას ვერცერთი წამალი კურნავს, გარდა გამარჯვების შეგრძნებისა.
„რადიო თავისუფლებამ“ იმ ახალგაზრდა ბიჭის იტორიის შესახებ გვიამბო, რომელიც წყლის ჭავლს არ შეუშინდა და მედროშე ქალის დასაცავად გაიჭრა.
„უყურე, ევროპა!
ბოლოს როდის გინახავს,
შენი დროშა ასე ეჭიროს ვინმეს?“ - წერდა რეჟისორი დათა თავაძე. სწორედ ეს ქალი - ნანა მალაშხია გახდა სიმბოლო, რუსეთის პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორც ერთ დროს 9 აპრილის გმირი ქალი - ნანა მახარაძე. მედროშე ქალის ზურგი კი წითელ ქუდიანი ბიჭი იყო, ვინც წყლის ნაკადს ეღობებოდა და ნანას იცავდა.
მათი ფოტოები სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
„აიყრება დახლები.გაწმენდენ,გაწმენდენ,სიმღერის თანხლებით.ასპარეზზე გამოვლენ ახლები!“, - წერს ბესიკ ხარანაული. ჰოდა, ასპარეზზე გამოსულ „ახლებს“ მოუსმინეთ, ვისაც ერის კეთილდღეობა და წინსვლა სურს...