
მას შემდეგ რაც ერეკლე კოდუაზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა საზოგადოებამ, კოდუას ერთი ცნობილი სპეცოპერაცია გაიხსენა - 2006 წლის 16 თებერვალს, თბილისში, სოდ-ის მორიგ სპეცოპერაციას 90-იანი წლების ყველაზე სკანდალური პოლიციელი გია თელია შეეწირა - შეიარაღებული წინააღმდეგობის გამო ის მეგობრის ბინაში მოკლეს.
ფაქტის დასადასტურებლად შინაგან საქმეთა სამინისტრომ მკვლელობის ადგილის გადასაღებად ჟურნალისტებიც მიიწვია. მათ ოთახში ნარკოტიკი და გარდაცვლილი პოლიციელი დახვდათ. მოკლულს მარჯვენა ხელში პისტოლეტი „ეჭირა“. ამ ფაქტმა დიდი ეჭვი გამოიწვია, რადგან იცოდნენ, პოლიციელი ცაცია(?!) იყო.
პოლიციელი, რომელზეც 10 წლის განმავლობაში ნადირობდა ქურდული სამყარო და „მხედრიონი“, საბოლოოდ საკუთარს კოლეგებს შეეწირა.
ვინ იყო გია თელია?
მისი სახელი პოლიციურ წრეებში 80-იანი წლების „მშრალი მორფინის“ საქმესთან იყო დაკავშირებული - იმხანად თბილისში ნარკოტიკებით მოვაჭრე ცოლ-ქმარი დააკავეს. მათ მშრალი მორფინი აღმოაჩნდათ. დაადგინდა, რომ ისინი ნარკოტიკებს ყაზახეთის ქალაქ ჩიმკენტიდან იღებდნენ. ამ საქმით მოსკოვიც დაინტერესდა და შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც უნდა დაედგინა, როგორ აღწევდა ქარხნიდან ნარკოტიკი ჯერ გადამყიდველებამდე, შემდეგ საბჭოთა კავშირის შავ ბაზრამდე. ამ ოპერაციაში თელიას საინტერესო როლი ერგო. თბილისში დაკავებულ ცოლ-ქმარს მიაწერინეს წერილი ჩიმკენტში, ნარკოტრაფიკის მოთავესთან (რომელიც ადგილობრივი კრიმინალური სამყაროს ლიდერადაც ითვლებოდა), რომ გია თელია კოლონიიდან ახალგათავისუფლებული სანდო პირი იყო და ნარკოტიკის დიდი პარტია უნდოდა. თელია, ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, ჩიმკენტში ჩავიდა. ლეგენდის მიხედვით, თელია კოლონიაში მკვლელობისა და ნარკოტიკების რეალიზაციისთვის იხდიდა სასჯელს (შესაბამისი ცნობაც კი გაუკეთეს) და ნარკოტიკები კოლონიაში „კანონიერი ქურდებისთვის“ შესაგზავნად უნდოდა. საამისოდ კი 50 000 მანეთის „კუკლა“ ჰქონდა წელზე შემორტყმული. როგორც თელია აცხადებდა, ნდობის მოსაპოვებლად ნარკოტიკებს გემო სწორედ იქ გაუსინჯა (შემდეგ ეს სენი სიკვდილამდე გაჰყვა).
წარმატებული ოპერაციის შედეგად 185 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 12 დაქირავებული მკვლელი იყო, ამოიღეს 7 კგ მორფინი. „მშრალი მორფინის“ საქმისთვის გია თელიამ მოსკოვიდან მადლობის ბარათიც მიიღო.
სკანდალური პოლიციელის კარიერისთვის საბედისწერო აღმოჩნდა ერთი ოპერატიული ინფორმაცია, რომელსაც შემდგომში დავით ზეიკიძის „იმელის“ შენობაში ცნობილი შეჭრა მოჰყვა.
ამ ამბავს თავად გია თელია ასე იხსენებდა:
„მაშინ თბილისის პოლიციის სამმართველოში ვმუშაობდი ნარკომანიის ხაზით. 94-ში, 29 მარტს შემატყობინეს, რომ 4 აპრილს თბილისის აეროპორტში დაჯდებოდა ტაჯიკეთიდან ევროპაში მიმავალი თვითმფრინავი საწვავის შესავსებად. ამაში დიდ ფულს იხდიდნენ - თვითმფრინავს ნარკოტიკების დიდი პარტია მოაქვს და ხელშეუხებლობის გარანტიაც აქვს, რადგან ამ საქმეს ჩვენთან უშიშროების მინისტრი, შოთა კვირაია აგვარებსო. ეს ინფორმაცია უფროსს, დავით ზეიკიძეს, გავაცანი. მაIშინვე აეროპორტში წავედით. აეროპორტს ტრანსპორტის პოლიცია და მისი შეფი გია გულუა და სამხედრო პოლიცია და მისი შეფი ბორია ივანოვი აკონტროლებდნენ.
გადავწყვიტეთ, საქმის არსი სწორედ ბორია ივანოვისთვის გაგვეცნო. საუბარი ზეიკიძის კაბინეტში შედგა (ვინ იფიქრებდა, რომ მისი კაბინეტი ისმინებოდა).
ამის მერე მოვლენები ძალიან საეჭვოდ განვითარდა: იმავე ღამეს ერთმა მაღალჩინოსანმა გაავრცელა ვითომ აგენტურული შეტყობინება, - ხვალ, 31 მარტს „ზვიადისტები“ „იმელის“ შენობის იერიშს გეგმავენ (იმ დროს იქ მომუშავე პარლამენტს შოთა კვირაია უნდა დაემტკიცებინა შს მინისტრად), ამიტომ საჭიროა შენობასთან პოლიციის ძალების გაძლიერებაო. ზეიკიძემ ბრძანება დაუყოვნებლივ შეასრულა და „იმელი“ პოლიციის ალყით გაამაგრა. თავად კი ამაოდ ცდილობდა შენობაში შევარდნაძესთან შეხვედრას, რათა დაერწმუნებინა, რომ კვირაია მინისტრად არ დაემტკიცებინა. ბოლოს, ვახტანგ რჩეულიშვილი დაჰპირდა, სახელმწიფო მეთაურს შეგახვედრებ, მისაღებში დამელოდეო. ამასობაში, გარეთ ვიღაც უცნობი გამოვიდა და გვითხრა, - ზეიკიძეს შევარდნაძესთან „მხედრიონი“ არ უშვებს და თუ მიეხმარებით, შეიძლება შეხვედრა შედგესო. ხალხმაც იხუვლა და შენობაში შევარდა. ამის მერე აირია მონასტერი... ზეიკიძე მიხვდა, რომ მოატყუეს, მაგრამ უკვე გვიანი იყო. ყველა ხედავდა, რომ „იმელის“ შენობა პოლიციას ალყაში ჰქონდა მოქცეული. „ზვიადისტებს“ კი აზრადაც არ მოსვლიათ იქ მისვლა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად შეფასდა... 3 აპრილს კი ტრანსპორტის პოლიციის შეფი გია გულუა მოკლეს“.
ცოტა ხანში გია თელია დააპატიმრეს და უამრავ დანაშაულში დასდეს ბრალი, მათ შორის „კანონიერი ქურდების“ - ანზორ აღაიანის, არსენა მიქელაძის და ტატუნაშვილის, აგრეთვე გია გულუას, ზაზა ვეფხვაძის და გია სვანაძის, მიშა ქურდაძის და ნიკოლოზ რურუას მკვლელობები...
გია თელიას უფრო დიდი განსაცდელი ელოდა, რადგან ის პირველი პოლიციელი იყო, რომელიც კრიმინალებთან ერთად მოათავსეს საკანში, მასზე უკვე ქურდული სამყაროს გარდა, „მხედრიონიც“ ილესავდა კბილებს. დღემდე არავინ იცის, როგორ მოახერხა თელიამ კრიმინალური სამყაროს დარწმუნება საკუთარ უდანაშაულობაში.
ციხიდან გამოსულმა სულ მალე საზოგადოებას კვლავ შეახსენა თავი.
1998 წელს გია თელიამ სკანდალური განცხადება გააკეთა - უშიშროების სამინისტროს ტერორიზმთან და ნარკოტიკების კონტრაბანდასთან ბრძოლის სამსახურს ბრალი ნარკობიზნესის ლობირებაში დასდო... თელიას განცხადებას, ყველას გასაკვირად, უშიშროების მინისტრმა ჯემალ გახოკიძემ საგანგებო პრესკონფერენციით უპასუხა და შინაგან საქმეთა მინისტრ კახა თარგამაძეს მიანიშნა, დაინტერესებულიყო საკუთარი თანამშრომლების საქმიანობით - გაერკვია, სად მიდიოდა უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკები, სამინისტროებს შორის აგორებული სკანდალი მალევე ჩაცხრა და გია თელია კარგა ხანს არავის გახსენებია პოლიციელ ერეკლე კოდუას გარდა...
2005 წელს დედაქალაქში ერთობ უცნაური ანტინარკოტიკული კამპანია დაიწყო: „თბილისში მკვლელია!“ „შემდეგ გაჩნდა წარწერები სახლებზე: „აქ ცხოვრობს ბარიგა“. როდესაც „ბარიგების“ სიაში გია თელიამ საკუთარი გვარი ნახა, სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა. უკვე აღარ მალავდა, რომ მას სოდ-ის შეფი ერეკლე კოდუა ებრძოდა, მეტიც: ამბობდა, რომ იგეგმებოდა მისი მოკვლა, რადგან ყოფილმა პოლიციელმა ძალიან ბევრი იცოდა ნარკოტრანზიტში პოლიციის მაღალჩინოსნების მონაწილეობაზე, მათ შორის კოდუას ოჯახზეც.
ერთ საღამოს, როდესაც თელია ადვოკატის ოფისიდან გამოვიდა და მანქანაში ჩაჯდომას აპირებდა, მას ზურგიდან თავში ესროლეს. ყოფილი პოლიციელი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მას შემდეგ თელია, სადაც ხმა მიუწვდებოდა, ყველგან აცხადებდა, რომ ერეკლე კოდუას და მის მოადგილე კახა მისირელს მისი მოკვლა ჰქონდათ განზრახული...
სამწუხაროდ, გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა 2006 წლის 16 თებერვალს თელიას მკვლელობით დამთავრდა.
ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ გია თელიას მეუღლემ პროკურატურას მიმართა და ქმრის მკვლელობის საქმის ხელახალი გამოძიება მოითხოვა. ამასობაში კი ერეკლე კოდუაზე, სხვა საქმეების გამო, ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა. გახდება თუ არა საბოლოოდ ცნობილი, რა ინფორმაცია ჰქონდა თელიას, თუ ის გიორგი სანაიას საიდუმლოს მსგავსად სამუდამოდ უცნობი დარჩება...
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სიმართლე რეზო ბაქრაძის შესახებ - „გატაცებული“ სტუდენტის მონათხრობი