Digest Logo

რამდენად კომფორტულია მამაკაცისთვის ქალი, რომელსაც საკუთარი ფული აქვს?

1769875536
ქალი  და კაცი

იყო დრო, როცა ქალის ფინანსური მდგომარეობა მამაკაცზე იყო დამოკიდებული – ის ირჩევდა, უზრუნველყოფდა, წყვეტდა. ქალი კი ამ ყველაფრისთვის მადლობელი უნდა ყოფილიყო. დღეს ეს სცენარი ნელ-ნელა იშლება – ხმაურით, სკანდალით, ჩუმი შიშებითა და დაუწერელი კონფლიქტებით. ქალები მუშაობენ, გამოიმუშავებენ, აგროვებენ, ხარჯავენ. ისინი აღარ ეკითხებიან: „შეიძლება?“ — ისინი პირდაპირ ამბობენ: „მე ასე მინდა“...

და სწორედ აქ ჩნდება მთავარი კითხვა: რამდენად კომფორტულია მამაკაცისთვის ქალი, რომელსაც საკუთარი ფული აქვს? ქალი, რომელმაც გადაწყვიტა, ღიად ეთქვა ის, რასაც ბევრი ჩუმად ეუბნება მეგობრებს, მაგრამ არასდროს – პარტნიორს. 

– როდის მიხვდით, რომ ფინანსური დამოუკიდებლობა ურთიერთობებში პრობლემად იქცა?

მარიკა (39 წლის): ამაზე აქამდე არ მიფიქრია. თუმცა, ალბათ, მაშინ, როცა პირველად უარი ვთქვი რაღაცაზე და მიზეზად არ დამისახელებია „ფული არ მაქვს“. უბრალოდ, ვუთხარი: „არ მინდა“. მერე მის სახეზე დაბნეულობა დავინახე. მერე გაღიზიანება. მერე – ირონია...

– რას გულისხმობთ?

– იცით, რაშია საქმე? ჩემი ფინანსური დამოუკიდებლობით მას დისკომფორტი შეექმნა. ადრე ყველაფერი მარტივი იყო. თუ ის იხდიდა, წყვეტდა კიდეც სად წავიდოდით, რას ვიყიდდით, როგორ ვიცხოვრებდით... როცა ჩემი ფული გაჩნდა, გაჩნდა ჩემი არჩევანიც. და ერთბაშად აღმოჩნდა, რომ ეს არჩევანი ჩემი ქმრის გეგმებში არ ჯდებოდა.

– პირდაპირ გითხრათ, რომ ეს აწუხებდა?

– არა. კაცები ასეთ რაღაცებს იშვიათად ამბობენ პირდაპირ. ისინი სხვანაირად მოქმედებენ. იწყებენ შენს ხარჯებზე კომენტარის კეთებას, აკნინებენ შენს გადაწყვეტილებებს, გეუბნებიან, რომ „ძალიან შეიცვალე“, თან უარესობისკენ და რომ აღარ ვიყავი მადლობელი. მადლიერებაც ხომ დამოკიდებულების ერთ-ერთი ფორმაა. მე აღარ მჭირდებოდა მისი ნებართვები ძალიან ბევრ რამეზე.

– და ეს მისთვის რთული იყო?

– კატასტროფულად რთული. ყველა მამაკაცი ხვდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას – როცა ქალი ფულს გამოიმუშავებს, ის აღარ ებღაუჭება ურთიერთობას. ის აღარ ამბობს: „რა მეშველება მის გარეშე?“ და კაცები ამას გრძნობენ.

– გითხრათ, რომ „ძალიან დამოუკიდებელი“ ხართ და ეს მისთვის პრობლემაა?

– კი, უთქვამს. „ძალიან დამოუკიდებელი ხარ“ ნიშნავს, „შენ მე აღარ მჭირდები ისეთი, როგორც ახლა ხარ “.

– რას ეტყოდით ქალებს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ფულიანი ქალი მამაკაცს აშინებს?

– მამაკაცებს ფული არ აშინებთ. რეალურად აშინებთ კონტროლის დაკარგვა. ქალი, რომელსაც საკუთარი ფული აქვს, აღარ არის მამაკაცის სცენარის ნაწილი და უფრო მეტიც, ის თავად წერს სიუჟეტს.

– და თუ კაცს ნამდვილად უყვარს?

– ასეთი კაცები ცოტაა. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ მას შეხვდე. კაცების დიდ უმრავლესობას, ფინანსურად დამოუკიდებელი ქალი დისკომფორტს უქმნის. ესაა რეალობა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„წლებზე მეტად ასაკს აზროვნება განსაზღვრავს - ახალგაზრდა ის არის, ვისი ფიქრიც არასდროს ბერდება“ - გია მურღულია

⭕„თქვენ დაასრულეთ რთული ეტაპი, გაიარეთ გაკვეთილები და ახლა დგახართ გამარჯვებული“ - 31 იანვრის ტაროლოგიური პროგნოზი

🎥 როგორ შეგვიძლია, მაღალი წნევა მედიკამენტის გარეშე დავწიოთ - „როდესაც კრიზია, ეს ყველაზე მარტივი ვარიანტია"

წყარო: tbiliselebi.ge