სარკე რომ მაგიური ნივთია, უძველესი დროიდანაა ცნობილი, მაგრამ სადამდე ვრცელდება მისი ზემოქმედების ძალა და რა ზიანისა თუ სარგებლის მოტანა შეუძლია, ამის ცოდნა არავისთვის იქნება ზედმეტი. აღნიშნულ თემაზე „თბილისელებმა“ ინტერვიუ ეზოტერიკოსთან ჩაწერა.
- უძველესი დროიდან სარკე მიიჩნეოდა საზღვრად რეალურსა და მიღმა სამყაროს შორის. თუ ადამიანის ენერგეტიკა დაუცველია, ეს ზღვარი სუსტდება და ბნელ ძალებს საშუალება ეძლევათ, ზემოქმედება მოახდინონ სარკეში არეკლილ პირზე. ამიტომაც არსებობს სარკის დაფარვის ტრადიცია გარდაცვლილის ოჯახში, რადგან მწუხარე ადამიანი ყველაზე დაუცველია უარყოფითი გავლენის წინაშე. მაგრამ სარკის მისტიკური თვისებები ამით არ მთავრდება. რომ ამბობენ, სარკე ეშმაკის შექმნილიაო, ერთ-ერთ მაგალითად სიცილის ოთახში სარკის დეფორმირებული ანარეკლები მოჰყავთ - თითქოსდა სასაცილო, თუმცა დამახინჯებული სილუეტები აშკარად ძლიერ ბიოენერგეტიკულ ზემოქმედებას ახდენს მნახველზე. ასევე, ყველამ იცის, რომ სარკის გატეხა ავის მომასწავებელია და ეს თავადაც არაერთხელ გამომიცდია: ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის შემდეგ ავარია მომივიდა და ძლივს გადავრჩი. რაც შეეხება ლეგენდას, სარკე ეშმაკმა იმიტომ შექმნა, რომ მასში ადამიანმა თავისი გარეგნული სახე დაინახოს და არა შინაგანიო... მართლაც, გარეგნობით ზედმეტად გატაცება, სულს გვავიწყებს. თანაც, სარკეში ხომ ანარეკლსაც საპირისპირო მდებარეობა აქვს, რაც მის ჩრდილოვან მხარეზე მეტყველებს და გარკვეულ გავლენას ახდენს ფსიქიკაზე.
- როგორ ხსნის ფენ-შუი ამ მაგიური ნივთის არსს?
- ფენ-შუი მიხედვით სარკე „ინ-ს“ - ბნელ და ცივ ქალურ საწყისს შეესაბამება, თუმცა არასასურველი გავლენისგან დაცვაც შეუძლია, თუ სწორად განალაგებთ, ანუ ისე, რომ „ცი“ (მატერიალური და არამატერიალური სამყაროს ენერგია ჩინურ მეტაფიზიკაში - ითარგმნება, როგორც „სასიცოცხლო ძალა, სული, სუნთქვა, სიცოცხლისუნარიანობა“) ენერგიამ სახლი არ დატოვოს. შესაბამისად, ამრეკლავ ზედაპირებს ნუ განათავსებთ ფანჯრების, შესასვლელი კარის ან ტუალეტის წინ. ასევე, მოერიდეთ საზოგადოებრივ ადგილებს სარკისებური ჭერით, თორემ თქვენი სიცოცხლისუნარიანობა, ჯანმრთელობა და ფული მასში ასახული ადამიანებისკენ გაედინება. უკიდურესად საზიანოა „სარკის დერეფნები” ანუ ერთმანეთის საპირისპიროდ განთავსებული სარკეები, რაც „ცი“ ენერგიის ცირკულაციას უშლის ხელს. ყველაზე ხელსაყრელი სარკის ფორმა კი მომრგვალებულკუთხეებიანი მართკუთხედი ან ოვალურია. ასევე, არ შეიძლება სარკეების განთავსება სამუშაო მაგიდაზე, საბავშვო ოთახში, სამზარეულოსა და განსაკუთრებით საძინებელში. აბაზანაში, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სარკე, მაგრამ არა ტუალეტის მოპირდაპირედ: ნარჩენების მოცილების ადგილი ასევე შლის „ცი“ ენერგიას.
- თუ არსებობს სარკესთან მოქცევის წესები?
- დიახ. უპირველესად, არ მისცეთ სხვას თქვენი სარკე - ის თქვენს ენერგეტიკულ ვიბრაციას ინარჩუნებს; არ შეიტანოთ სახლში ძველი, გარდაცვლილი ნათესავებისგან მემკვიდრეობით მიღებული სარკე და ასევე, არ შეიძინოთ სარკე, რომლის ისტორია თქვენთვის უცნობია; იმის გასაგებად, თუ რამდენადაა „დაინფიცირებულია“ სარკე, მიიტანეთ მასთან სანთელი, თუ ალი ჩაქრა, ზედაპირიდან კი სიცივე მოდის, სარკე უნდა მოიშოროთ; ხშირად გაწმინდეთ სარკე და შეასხურეთ ნაკურთხი ან სტრუქტურირებული წყალი, დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ კი, გაიტანეთ მზის შუქზე; არ დასხდეთ ზურგით სარკესთან - ეს აადვილებს ცუდი ენერგიის თქვენზე გავრცელებას; თუ სარკე გატყდა, შეაგროვეთ ფრაგმენტები (შეხედვის გარეშე!) და სამჯერ თქვით: „სარკე გატეხილია, მაგრამ სიცოცხლე ხელუხლებელია“. ნამსხვრევები მუქ ქსოვილში შეახვიეთ, ყველაზე დიდი ნატეხი კი გამდინარე წყალს შეუშვირეთ, მასზე თქვენი ენერგეტიკული ვიბრაციების წასაშლელად. შემდეგ ისიც იმავე ქსოვილში შეახვიეთ, სახლიდან გაიტანეთ და ნაგვის კონტეინერთან დადეთ. იმ ადგილსა და სარკეს ბლომად მარილი მოაყარეთ და ეს ყველაფერი მილევად მთვარეზე გააკეთეთ. გატეხილი სარკე კი ახლით მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეცვალეთ.
- რა არ უნდა ვთქვათ სარკესთან?
- ემოციების პიკზე ნათქვამი ნეგატიური განცხადება ნატიფ სამყაროში რჩება და მნიშვნელოვნად ძლიერდება, ამიტომ სარკესთან არ უნდა თქვათ: „თავს ცუდად ვგრძნობ“ - ასეთი ძლიერი იმპულსი სხვა სამყაროებში პოულობს გამოძახილს და უკან ბუმერანგივით ბრუნდება - ის ცუდი მოაქვს, რაზედაც ფიქრობდით; „მახინჯი ვარ” - სულს ასეთი ტანჯავა ხასიათს უარესობისკენ ცვლის; „სულელი ვარ “ - იმედგაცრუების სახიფათო იმპულსები გავლენას ახდენს მეხსიერებაზე, ავლენს ხარვეზებს ცოდნაში; „ღარიბი ვარ” - დამანგრეველი ფრაზაა, რაც ფინანსურ ზარალს უკავშირდება; „რა საშინელებაა“ - თუ არ გინდათ, რომ მთელი ცხოვრება ქაოსს ებრძოდეთ, დაივიწყეთ ეს სიტყვები; „არავის ვჭირდები” - საყვარელ ადამიანს დაგაკარგვინებთ ან გაუგებრობას გამოიწვევს ახლობლებში; „ყველაფერი მომბეზრდა“ - ძლიერი ბიოველის მქონე ადამიანებსაც კი დააზარალებს. ამიტომ, სარკეში ჩაიხედეთ და თქვით: რომ წარმატებული ხართ, ყველაფერს მიაღწევთ, წყენას გულში არ იტოვებთ - ეს გახსნის ენერგეტიკულ არხებს და ბედსაც გწევთ.
- ნუთუ, ასეთ მისტიკურ და საჭირო ნივთს მხოლოდ ბოროტება მოაქვს?
- შესაბამის რიტუალებს თუ შეასრულებთ, სარკე ბოროტი ძალებისგან დაგიცავთ. მაგალითად: თქვენი სახელობის დღეს იყიდეთ ჯიბის სარკე, მარილიან ხსნარში გააჩერეთ 20 წუთით, გაავლეთ, გააშრეთ, ჩაიხედეთ მასში და 10-ჯერ გაიმეორეთ: „შორს ჩემგან ბოროტება და შური“. ის ყოველთვის თან ატარეთ. სახლის დასაცავად ახალი, შეფუთული სარკე სავსემთვარეობისას სათითაოდ მიამაგრეთ კარ-ფანჯრებს ამრეკლავი ზედაპირით გარეთ. სანთლით ხელში შემოიარეთ სახლი, თან წარმოთქვით: „სიბნელესა და ბოროტებას სარკე აირეკლავს, ქურდსა და ავაზაკს არ გაგვაკარებს. ირგვლივ თუ ბოროტება და ცეცხლი მძვინვარებს, ჩემს სახლში კომფორტი და სიმშვიდეა“. ჩააქრეთ სანთელი, ჩამოხსენით სარკეები და დამალეთ ისე, რომ არ გატყდეს. ფულადი ენერგიის მოსაზიდად, აიღეთ ორი პატარა სარკე და მზარდი მთვარის შუქზე დადეთ იატაკზე, გარშემო კი 6 სანთელი აანთეთ. 5 წუთი უყურეთ სარკეებს შორის მოთავსებულ მსხვილ კუპიურებს, იფიქრეთ სიმდიდრესა და მოგებაზე. სარკეები ფულიანად ჩადეთ ახალ საფულეში და ანთებული სანთლების წრეში დადეთ. სანთლები რომ ჩაიწვება, ნამწვი მარცხენა ხელით შეაგროვეთ, ქსოვილში შეახვიეთ და დამალეთ. საფულე კი აიღეთ, მაგრამ „შელოცვილი“ ფული ერთი კვირის განმავლობაში არ დახარჯოთ.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕მაკუნა ზედაშიძე შვილის ფოტოს აქვეყნებს - „სოფკა“
წყარო: tbiliselebi.ge