Digest Logo

„რძალი შვილივით მივიღე, ვაფინანსებდი, ოქროს ბეჭედი დაალომბარდა, ტელეფონი მინდოდაო...“ - 42 წლის ნინოს ამბავი

1725001800
სევდიანი ქალი

საკმაოდ ახალგაზრდა ასაკში გავხდი დედამთილი. არ მეგონა, ჩემი ბიჭი ასე ადრე თუ მოიყვანდა ცოლს. მინდოდა, სწავლა გაეგრძელებინა და სკოლის პარალელურად ვამზადებდით.

ვფიქრობდი, ჯერ აქ დაამთავრებდა უმაღლესს და მერე უცხოეთში გააგრძელებდა სწავლას. ამისთვის კი, ყველა მონაცემი ჰქონდა. თან, მე და ჩემი ქმარი ყველაფერს ვაკეთებდით, რომ მისი სწავლა-განათლებისთვის თანხა არ დაგვკლებოდა. თუმცა, თავად ასე მოინდომა და თავიც დაიღუპა.

ვისთანაც ემზადებოდა, იმ ქალის შვილი მოეწონა. ის გოგო ერთი წლით უფროსია ჩემს შვილზე. არაფერი ვიცოდით, ისე გაიპარნენ, თანაც ზუსტად მაშინ, უმაღლესის გამოცდების დრო რომ დგებოდა. რაღას ვიზამდით მე და ჩემი მეუღლე?

დავღუნეთ თავი და რძალი საყვედურის გარეშე მართლა შვილივით მივიღეთ. რასაკვირველია, არაფერი დაგვიკლია. ახალგაზრდები არიან და სულ გარეთ მიიწევდნენ, ხან რესტორანში უნდოდათ, ხან ბარში, ხან ზღვაზე, ხან მთაში...

ჩვენც მაქსიმალურად ვაფინანსებდით. სწავლის გაგრძელებაზე საუბარიც აღარ იყო. რამდენჯერაც ჩამოვუგდე ჩემს შვილს საუბარი ამ თემაზე, იმდენჯერ ასეთი პასუხი გამცა: მოიცა, რა, დედა, ვისაც დიპლომი აქვს, ზის სახლში და მე რას მომცემს იქ სიარულიო.

შეკამათებას აზრი არ ჰქონდა. თან, მალევე პატარა გაჩნდა და მთელი ყურადღება მასზე გადავიტანეთ. მაქსიმალურს ვაკეთებდი, ახალგაზრდებს მშვიდად რომ სძინებოდათ, ბავშვი წამოიტირებდა თუ არა, ჩემს ოთახში გამყავდა და მე და ჩემი ქმარი ღამეებს თეთრად ვათენებდით.

ბავშვი ისე გახდა ერთი წლის, თავი არ შეუწუხებიათ. მეც მოვწყდი სანათესავოს და სამეგობროს, ჩემი ქმარი კი სამსახურში გამოუძინებელი მიდიოდა. მოკლედ, როგორც შეგვეძლო, გვერდით ვედექით. ერთ დღეს, ჩემს რძალს ხელზე ოქროს ბეჭდები ვეღარ დავუნახე, რომელსაც სულ ატარებდა.

დელიკატურად ვკითხე ჩემს შვილს: დედიკო, სულ ეკეთა მაკას ბეჭდები და ეს ბოლო პერიოდია, აღარ უკეთია, ხომ არ დაეკარგა-მეთქი. პასუხი შოკის მომგვრელი იყო: ტელეფონი უნდოდა, თქვენ ხომ არ გთხოვდით ფულს, დავალომბარდეთ და იმ ფულით ვიყიდეთო. კინაღამ სისხლი ჩამექცა თავში, თუმცა რძალს არაფერი ვუთხარი. ერთ კვირაში ჩემმა მეუღლემ ხელფასი აიღო, მეც ჩემი დანაზოგი დავუმატე და ბეჭდები ლომბარდიდან გამოვიტანეთ.

გავიდა, რამდენიმე დღე და მომადგა ჩემი შვილი: დე, მე და მაკას ბაკურიანში გვინდა წასვლა, ჩვენი მეგობრები მიდიან და ბავშვს ხომ დაიტოვებო.

ვუპასუხე: რა თქმა უნდა, აბა, რას ვიზამ, წადით-მეთქი. სიცილით მოაყოლა: ჰოდა, თუ გვიშვებ და ბავშვსაც იტოვებ, ფულიც მოგვეციო.

იმ წუთას მართლა არ მქონდა გართობისთვის მისაცემი ფული. ბავშვი იყო პედიატრთან წასაყვანი და თან, საჭმლისა და კომუნალურების ფული მქონდა გადადებული. უარი რომ ვუთხარი: ჰო, კარგი რამეს ვიზამთო მითხრა და თავის ოთახში შეიკეტა.

უცებ მესმის: ჰოდა, დავალომბარდოთ ისევ ეს ბეჭდები, აბა, რა ვქნათ და იხადონ მერე ამის პროცენტები, მართლა და მართლა ყველაფერს ხომ ვერ გამოვაკლდებითო. ყელში ამომასხა. ბავშვს ხმამაღალი საუბრის რომ არ შეშინებოდა, ჩემს მეუღლეს შევუყვანე საძინებელში და რძლის ოთახში შევედი.

რაც მინდოდა, ყველაფერი მივახალე. გაშტერებული მიყურებდა ისიც და ჩემი შვილიც. ხმა ვერ ამოიღო. ან რა უნდა ეთქვა? უვარგისი დიასახლისი და დედა, უყაირათო ცოლი და უზრდელი რძალი რომ იქნები, რა უნდა თქვა.

გამოვედი და დამოვიჯახუნე კარი. იმ საღამოსვე წაბრძანდა თავის მშობლებთან. ჩემი შვილიც გაჰყვა, თუმცა მოგვიანებით უკან დაბრუნდა და ისევ მე მისაყვედურა: რა იყო ეს შენი გამოსვლა, არ წამომყვაო. რძალს სამი დღე ბავშვიც კი არ მოუკითხავს, მხოლოდ მეოთხე დღეს მობრძანდა, ჩაალაგა ტანსაცმელი და ბავშვის ნივთები.

მივხვდი, ფიქრობდა, შევეხვეწებოდი, დარჩი-მეთქი, მაგრამ მეტი საქმე აქ მქონდა. საძინებლის კარზე რომ დამიკაკუნა, იქიდან გამოვძახე: მე არ გატან ამ ბავშვს, ვიცი, ამის მომვლელი არ ხარ, სადაც გინდა, იქ წაბრძანდი-მეთქი.

არც გაუპროტესტებია, დაავლო თავის ტანსაცმელების ჩანთას ხელი და გავარდა. ჩემი შვილი მანქანაში ელოდებოდა, ეგონა, მე და მისი ცოლი შევრიგდებოდით და რომ მოუყვა სიტუაცია, ამოვარდა სახლში. არც ის დავინდე, მივაყარე ყველაფერი და მკაცრად ვუთხარი: თუ გინდათ ამ სახლში ცხოვრება, არავინ გიშლით, ამ ბავშვს ვერ უვლით და ღვთის ანაბარად ვერ გაგატანთ.

თანაც, სადაც მისი სახლია, იქ იქნება. არც მანამდე შეგიწუხებიათ მის მოვლაზე თავი და როგორმე უთქვენოდ გაიზრდება-მეთქი. ჩემი რძალი იმ დღიდან აღარ მინახავს. ვიცი, ჩემს შვილს ხვდება, არც ვაპროტესტებ, როგორც უნდათ, ისე მოიქცნენ, მაგრამ ბავშვს არ ვატან.

მისი მშობლებიც ჩაერივნენ, მაგრამ შეგნებული ხალხია და მშვიდად ვისაუბრეთ. ასე რომ, თუ ჭკუაზე მოეგო, მობრძანდეს და შვილის გვერდით იყოს, თუ არა და, ბავშვი ჩვენთანაც მშვენივრად გრძნობს თავს და საერთოდ არ ახსოვს დედა.

42 წლის ნინო

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდი იქნება 3 სექტემბრამდე საქართველოში - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

⭕ თბილისის ქუჩები, რომლებსაც 30 აგვისტოს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება

⭕„ისეთ ამბავს შევესწარი, არ შემეძლო, არ გამეზიარებინა… უთხრა, თუ არ იუხერხულებთ, თანხას მე დაგიმატებთ და ანალიზები დღეს გაიკეთეთო“ – ავტობუსში მომხდარი ემოციური ამბავი