ცოტა ხნის წინ ჟურნალისტმა თეონა ცხომელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა. მან 18-წლიანი მუშაობის შემდეგ ჟურნალისტიკა დატოვა.
„რუსთავი 2-ში“ ჩემი ადგილი ვეღარ დავინახე. მგონი, მაყურებლისთვისაც საგრძნობია ის, რომ სარედაქციო პოლიტიკა შეიცვალა, რაც ჩემთვის მიუღებელი იყო. ორი წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობდით ისე, როგორც ჩემთვის იყო მისაღები.
განსაკუთრებული მოთხოვნები ჩემს ხელმძღვანელობასთან არ მქონია. მხოლოდ თავისუფლება მჭირდებოდა, არა მხოლოდ ჩემი, ჩემი კოლეგებისაც და მომეჩვენა, რომ ეს ასე აღარ იყო.
შესაბამისად, გადავწყვიტე, 18-წლიანი მუშაობის შემდეგ წამოვსულიყავი ამ არხიდან. ვერ გეტყვით, რომ ამ გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდა. არჩევანი არც მქონია, ეს იყო ლოგიკური გაგრძელება ამ სიტუაციაში და ასეც უნდა მომხდარიყო.
– ეს ორი წელი, რაც „რუსთავი 2-ში“ იმუშავეთ, მაყურებლის ნაწილისთვის გავლენის ქვეშ მყოფ პერიოდად აღიქმება. მანამდელი „რუსთავი-2“ კი საპირისპირო ძალის გავლენის ქვეშ მყოფ ტელევიზიად აღიქმებოდა. ლოგიკურად დასვამენ კითხვას, აქამდე რატომ არ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?
- ორი წლის წინ, „რუსთავი 2-ში“ რომ დავბრუნდი, მაშინ მივიღე გარანტიები, რომ ჩვენ ვიქნებოდით თანაბრად კრიტიკული ყველას მიმართ და ეს გარანტია სრულდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. რაც შეეხება მანამდელ პერიოდს, საიდუმლო არ არის, რომ მედია გარკვეული გავლენების ქვეშ იყო, მაგრამ ახლა მე საერთოდ სხვა პასუხისმგებლობები მქონდა. მაშინ ვიყავი მეორეხარისხოვანი ჟურნალისტი ან სტაჟიორი, ახლა პოლიტიკური გადაცემის, საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, პროდიუსერი და გაცილებით დიდი პასუხისმგებლობები მქონდა. ამიტომ ახლა პასუხისმგებლობას ვგრძნობდი მთელ სატელევიზიო პოლიტიკასთან დაკავშირებით და მიმაჩნდა, რომ კრიტიკა, რომელიც ტელევიზიის მისამართით იყო, მეც მეკუთვნოდა, რასაც ვერ ვიტყვი 2012 წლამდე პერიოდზეც, როცა ტოპჟურნალისტი არ ვიყავი.
– როცა საინფორმაციოს ეხება საქმე, კლასიკური ჩაცმულობა გასაგებია, მაგრამ ჩართვებიდან თითქმის ყოველთვის მაღალი ქუსლებით მუშაობას როგორ ახერხებდით? არადა, ამით ნამდვილად გამოირჩეოდით.
– ჟურნალისტები, როგორც წესი, ქუსლებით არ მუშაობენ, მაგრამ ძალიან მიყვარს ქუსლიანი ფეხსაცმელები და როცა მივხვდი, რომ სულ ვმუშაობდი და ეს ქუსლიანი ფეხსაცმელები სახლში ტყუილად იდო, მივხვდი, რომ სამსახურში უნდა ჩამეცვა.
სამსახურში, გადაღებაზე და თქვენ წარმოიდგინეთ, 20 ივნისის დარბევაზე ქუსლიანი ფეხსაცმელებით ვიყავი და ტყვიების წვიმაში 12-სანტიმეტრიანი ქუსლებით დავრბოდი. რეზინის ტყვიებსა და წყლის ჭავლს ქუსლებით ხვდებოდი და სპეცრაზმელები ცოტა მოწიწებით მეპყრობოდნენ, ამოვარდნილი ვიყავი სიტუაციიდან. მანქანაში ყოველთვის მაქვს მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მაგრამ ვეღარ მივაღწიე იქამდე. ქუსლები ძალიან მიყვარს, მიჩვეულიც ვარ და დისკომფორტიც არასდროს შემქმნია.
მასალა მომზადებულია ჟურნალ „თბილისელების“ მიხედვით.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵მსახიობი და ღირსების ორდენის კავალერი, ჟუჟუნა ჩხეიძე გარდაიცვალა
🔵„93-ში ერთხელ უკვე ჩავი@@ით..." - ზვიად ციკოლიას მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილს
🔵„ჩვენმა საზოგადოებამ დაკარგა უნიჭიერესი შემოქმედი ახალგაზრდა“ - ვინ გარდაეცვალა შალვა ნათელაშვილს
🔵„18 წლის ბიჭი მომიკლეს... არავინ გაბედოს ლევან რატიანს გმირი უწოდოს“ - ნინო ჩეკურიშვილი