მართლმადიდებლური ლიტურგიის მრავალსაუკუნოვან მდუმარებაში ყოველი ნივთი და მოქმედება სიმბოლოებით მეტყველებს. სულიერი დრამატურგიის მწვერვალი მღვდელმთავრის შემოსვის საიდუმლოა. პატრიარქის სამოსის თითოეული დეტალი ძვირფას ქსოვილში გაცოცხლებული ისტორია და ზეციური დიდების მიწიერი ანარეკლია.
200-წლიანი პაუზის შემდეგ, მივიწყებული ტექნიკა - ოქრომკედით ქარგვა ილია მეორის თაოსნობით აღდგა და ხელსაქმის ახალი ეპოქაც დაიწყო. ისტორიული ცნობებით, ამ ტექნიკით ჯერ იმპერატორების, შემდეგ პატრიარქების შესამოსელი იქმნებოდა. წარსულთან დამეგობრებული თანამედროვეობით შეიქმნა ილია მეორის სამადლობელი საჩუქარი - პირველი სრულყოფილი შესამოსელი მარგალიტებით, ძვირფასი თვლებით, ოქროს ძაფით და ეს ყველაფერი მხოლოდ ხელით.
შემოქმედებითი ფანტაზია, ინდივიდუალიზმი, დაუცხრომელი შრომა - თითქმის 3 წელი ქმნიდნენ შესამოსელს, რომელიც პატრიარქს მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წუთით, 80 წლის იუბილეზე ეცვა.
მართლმადიდებლურ ტრადიციაში ოქრო და ძვირფასი ქვები არა ადამიანის სიმდიდრეს, არამედ ღვთაებრივ ნათელსა და ზეციური სამეფოს უხრწნელების განასახიერებს. პატრიარქი ამ დიდებულებით იმოსება არა საკუთარი თავის წარმოსაჩენად, არამედ როგორც ქრისტეს - ზეციური მეუფის - ცოცხალი ხატი.
1977 წლის 25 დეკემბერი, ისტორიული დღე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი - მღვდელმთავრის შესამოსელი მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოჩნდა. საქართველოს ახალი კათალიკოს-პატრიარქი ჰყავს. დიდებული სამოსით შემოსილმა ილია მეორემ პირველად დალოცა საქართველო.
პატრიარქის შესამოსელის ფერი არასოდესაა შემთხვევითი. ის იმ კონკრეტული დღესასწაულის ან პერიოდის სულიერ შინაარსს გამოხატავს, რომელსაც ეკლესია აღნიშნავს.
მღვდელმთავრის შემოსვა საზეიმო და ყველაზე მისტიკური ნაწილია. ეს არ არის მხოლოდ ჩაცმა, ეს არის სიმბოლური პროცესი, როცა ადამიანი თანდათანობით განიძარცვება ამქვეყნიური სახისგან და იმოსება ზეციური მადლით.
შემოსვის საიდუმლოს დასრულების შემდეგ სრული დიდებულებით წარდგება სამწყსოს ლიდერი, შესამოსლის ყოველი ატრიბუტი ძალაუფლებისა და სულიერი ბრძოლის იარაღია.
პატრიარქის შესამოსელში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს იმ ისტორიულ ნივთებს, რომლებსაც წინამორბედი მწყემსთმთავრების ლოცვა დაჰყვება. ერთ-ერთი გამორჩეული ატრიბუტია კვერთხი - ის უმაღლესი სამწყემსო მსახურების ნიშანია. მიტრა კი ჯვარცმული მაცხოვრის ეკლის გვირგვინს აღნიშნავს.
ისტორიული შესამოსლები, რომლებმაც ეპოქალური მოვლენები შემოინახეს, საპატრიარქოში იქნება დაცული. სალიტურგიო სამოსის და საეკლესიო ატრიბუტების ნაწილი კი პატრიარქიდან პატრიარქს გადაეცემა, როგორც დალოცვილი და უწყვეტი სულიერი ჯაჭვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„რა ლამაზი ხარ, ანათებ“ - თიკა ჯამბურიას ახალი ფოტოები სოცქსელიდან