კავკასიონის ძირში, პატარა ხეობაში ლოცვას მზის ამოსვლისთანავე იწყებენ. ამ დროს თითქოს დროც ჩერდება და ეს ადამიანებიც ღმერთთან მდუმარებაში იკარგებიან.
მუსლიმ ქალებსაც და კაცებსაც საერთო სალოცავი აქვთ, მაგრამ მაინც ცალ-ცალკე ლოცულობენ, ადათმა და წინაპრებმა საუკუნეების წინ ასე განუსაზღვრეს.
პანკისის ხეობაში მდინარე ალაზნის ნაპირს უზარმაზარი მთები დასცქერის. ნისლში სახლები დროდადრო ქრებიან და ეს ადგილიც კიდევ უფრო მისტიკური ხდება.
პანკისელების ყოფას რელიგია და მთის ადათი განსაზღვრავს, ქართულ მიწა–წყალზე ქისტებმა საუკუნეების წინ რომ ჩამოიტანეს.
ეთნიკური ჩეჩნები საქართველოში მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში გადმოვიდნენ და კახეთში, პანკისის ხეობის სოფლებში დასახლდნენ. ისინი ვაინახურ სუბეთნოსს წარმოადგენენ. ვაინახი ჩეჩენ და ინგუშ ხალხებს აერთიანებს, ასევე, პანკისელ ქისტებსა და წოვა თუშებს (ბაცბებს).
პარასკევია, ხეობაში მცხოვრები ადამიანებისთვის საკრალური დღე, უქმე დღე, როცა ყველამ შინ და გარეთ უნდა ილოცოს.
სოფელ დუისში ძველი მეჩეთის გვერდით პატარა ოთახში მუსლიმი ქალები იკრიბებიან და წრეზე პატარა ბალიშებზე სხდებიან.
კრიალოსნებით ხელში ჯერ ლოცულობენ, შემდეგ მათი ლოცვა სიმღერაში გადადის. გრძელ კაბებში გამოწყობილი თავსაფრიანი ქალები მალევე იწყებენ ტრიალსა და წრეზე სიარულს. ტრანსიდან მალევე გამოდიან, ზიქრის სუფისტური რიტუალი პანკისელი ქისტების იდენტობის ნაწილია, თუმცა მისი შემსრულებლების რიცხვი სულ უფრო მცირდება. რაისა მარგოშვილი 33 წელია ამ უძველეს რიტუალს უძღვება.
უხუცეს პანკისელ ქალებს სალაპარაკო და მოსაყოლი ბევრი აქვთ - ჩეჩნეთზე, კავკასიურ ტრადიციებსა და ძველ პანკისზე, რომელიც მათ მეხსიერებას შემორჩა. იმ ყველაფერზე, რაც ისტორიული სამშობლოდან აქ ჩამოიტანეს.
მუსლიმი ქალების ქისტურ გალობას იქვე მდგარ ძველ მეჩეთში მამაკაცების ლოცვა ენაცვლება. ეს მხოლოდ ქისტი კაცების ადგილია.
პანკისში მცხოვრები სუნიტი მუსლიმები დღეში ხუთჯერ ლოცულობენ, ყოველ ჯერზე განბანვის რიტუალს ატარებენ. ლოცულობენ 123 წლის მეჩეთში, რომელიც პირველი სალოცავია, რომელიც ამ ხეობაში აშენდა. ზიქრის რიტუალს მამაკაცებიც ასრულებენ, სასაფლაოზე, როცა მიცვალებულს კრძალავენ.
პანკისში მცხოვრებ მუსლიმთა შორისაც რამდენიმე მიმდინარეობაა, ხეობაში ცხოვრობენ ტრადიციული სუნიზმის აღმსარებელი მუსლიმები და ადათით გავრცელებული ისლამის მიმდევრები.
დუისის ახალ მეჩეთში ძირითადად ახალგაზრდები იკრიბებიან. პანკისის იმამი გვიყვება, რომ ტრადიციონალისტები ახალ წელს არ აღნიშნავენ, რადგან მათთვის უმთავრესი დღესასწაული ყურბან–ბაირამია.
ქისტებისთვის ხეობაში ჩასული სტუმარი ყველაზე პატივსაცემია. დუისში, ერთ ქისტურ ოჯახში მივდივართ, სადაც ახალი წლისთვის ემზადებიან. მაია მარგოშვილი ბაღის მასწავლებელია, 25 წლის წინ პროექტი დაწერა და გაეროს დუისში ბაღი ააშენებინა. პანკისში ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ჩამოვიდა და ახლაც აქ საქმიანობს.
ხეობის მცირერიცხოვან ქისტ მოსახლეობას მთის ადათებთან და ტრადიციებთან ერთად თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული ჩეჩნური ენა. ქართული ენა ხეობაში თითქმის ყველამ იცის, თან უზადოდ, ეამაყებათ, რომ საქართველოში ცხოვრობენ და მათი წინაპრები წლების წინ კახეთს ლეკების შემოსევისგან იცავდნენ.
პანკისელი ქისტები დღემდე ხელმძღვანელობენ მთის ადათით და მათი სამართლის კოდექსით. სადავო ამბის გადასაწყვეტად ხეობის უხუცესთა საბჭოს მიმართავენ.
პანკისში წლებთან ერთად შეიცვალა ქალების ყოფაც. ქალს დღემდე ეკრძალება სახლიდან გარეთ თავსაბურავისა და გრძელი კაბის გარეშე გასვლა. საინტერესოა გათხოვებისა და ქორწილის ტრადიციაც.
ადათით ისლამის მიმდევრებისთვის ახალი წელი საზეიმოა. საახალწლო სუფრაზე ქართულ კერძებთან ერთად ქისტურ ტრადიციულ კერძებსაც ამზადებენ, მაგალითად ჯიჯ გალინიშს.
ნაძვის ხესაც დგამენ და ახალი წლის ღამესაც, როგორც ამბობენ, ფეიერვერკებსაც ისვრიან. ამასობაში ღამდება, ისევ ლოცვის დრო მოდის. ხეობის მუსლიმი ქალები და კაცები ისევ ცალ-ცალკე ილოცებენ. ისევ ორი სამშობლოსთვის და ერთი ნატვრით - რომ იყოს მშვიდობა!
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი...“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
🎥 დღესასწაული გისოსებს მიღმა და ციხეში შესწავლილი პროფესიები - როგორ ხვდებიან პატიმრები ახალ წელს