ფსიქოლოგი, გეშტალტ ფსიქოთერაპევტი და სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრი ნინო თოფურია სოციალურ ქსელში საზოგადოებას სასარგებლო რეკომენდაციებს უზიარებს - რას ნიშნავს რეალურად იყო მდიდარი და წარმატებული?
ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ ნივთები, რომლებიც დროთა განმავლობაში ფუჭდება და იცვითება, წარმატების სიმბოლოდ იქცა, მაშინ როცა პიროვნული ზრდა უკანა პლანზე გადაიწია.
„დაფიქრებულხართ იმაზე თუ როდის ჩაეყარა საფუძველი სიმდიდრის იმ დეფინიციას, რომლითაც დღეს ვსარგებლობთ?
როდის დავთანხმდით ილუზიას, რომ ჩვენი ფასი ჩვენს მფლობელობაში არსებული კვადრატული მეტრებითა და ბრენდების ბრწყინვალებით განისაზღვრება?
დღეს სიმდიდრედ მივიჩნევთ მხოლოდ იმას, რისი ყიდვა და ფლობაა შესაძლებელი. სამწუხარო რეალობა კი ისაა, რომ ბევრმა ვიცით საკუთარი „ფასი“, თუმცა ცოტამ - საკუთარი ღირებულება.
რატომ ვაქციეთ წარმატების სიმბოლოდ ნივთები, რომლებიც იცვითება და ფუჭდება?
ჩვენ წარმავალს მივანიჭეთ მთავარი აზრი, ხოლო პიროვნული ზრდა „ფონურ რეჟიმში“ გადავიყვანეთ.
რა არის ფიგურა და რა - ფონი?
სისავსის განცდა მხოლოდ მაშინ მოდის, როცა შინაგანი სამყარო ხდება მთავარი ფიგურა, ხოლო მატერიალური კეთილდღეობა - მისი თანმხლები, ბუნებრივი ფონი.
თუ თქვენ არ ფლობთ სასახლეებს, მაგრამ ხართ სავსე იდეებითა და სიკეთის კეთების უნარით - თქვენ უკვე მდიდარი ხართ. ეს შინაგანი სისავსეა ის მაგნიტი, რომელიც ადრე თუ გვიან მატერიალურ შესაძლებლობებსაც მოიზიდავს, ოღონდ ერთი განსხვავებით: ისინი თქვენ კი არ დაგიმონებენ, არამედ თქვენს შინაგან სიდიადეს მოემსახურებიან.
რა არის მთავარი განსხვავება?
სიმდიდრე - ეს არის პოტენციალი და აზროვნების უნარი.
წარმატება - ამ პოტენციალის რეალიზებაა საკუთარი თავისა და სხვათა სასიკეთოდ.
მდიდარი ხარ, როცა ფლობ ემოციურ ინტელექტს; წარმატებული ხარ, როცა შენ გვერდით ადამიანები თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.
ჰენრი დეივიდ თორო ამბობდა: „სიმდიდრე არის უნარი - შეიგრძნო ცხოვრება მთელი მისი სისავსით.“
ბოლოს, მინდა ერთი კითხვა დაგიტოვოთ:
დღეს რომ ყველაფერი ჩამოგერთვათ, რაც თქვენს საკუთრებაშია - რა დარჩება თქვენგან?
აი, სწორედ ის „ნარჩენი“ არის თქვენი ნამდვილი სიმდიდრე“, - წერს ნინო თოფურია.
🔵 აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵ექიმი ლევან შელეგია: სექსი, ჯანმრთელობა და ფსიქიკა - პრაქტიკული რჩევები ყოველდღიურ ცხოვრებაში
🔵„ვამაყობ შენით...“ - სოფია კვინიკაძე იუბილარია, რამდენი წლის გახდა ბლოგერი?