გაკვეთილზე ყურადღების გაფანტვა, აკადემიური მოსწრების დაქვეითება, კიბერბულინგი და თანატოლებთან პირისპირ კომუნიკაციის ნაკლებობა — ეს იმ მიზეზთა არასრული ჩამონათვალია, რის გამოც საგანმანათლებლო ექსპერტები, ფსიქოლოგები და პედაგოგები სკოლებში სმარტფონებისა და სმარტ საათების გამოყენების აკრძალვის ინიციატივით გამოდიან.
სპეციალისტების განმარტებით, ჭკვიანი მოწყობილობებისგან თავისუფალი გარემო მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, უკეთ კონცენტრირდნენ სასწავლო პროცესზე, განავითარონ სოციალური უნარები და შემცირდეს ციფრული დამოკიდებულებით გამოწვეული სტრესი. სწორედ ამ არგუმენტებზე დაყრდნობით, მსოფლიოსა და ადგილობრივ დონეზე სულ უფრო მეტი სკოლა იღებს გადაწყვეტილებას სასწავლო საათებში გაჯეტების შეზღუდვის ან სრული აკრძალვის შესახებ.
აღნიშნულის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ სამართლის ასოცირებულმა პროფესორმა, თამარ კერძაიამ ისაუბრა:
„2026 წლის პირველი სექტემბრიდან მოსწავლეს სასწავლო სივრცეში ტელეფონის და სმარტ საათის გამოყენება ეკრძალება. მოსწავლეს შეუძლია ტელეფონი წაიღოს სკოლაში, თუმცა პირველი გაკვეთილის დაწყებამდე და ბოლო გაკვეთილის დასრულებამდე მისი გამოყენება იკრძალება. ეს ეხება შესვენებებსაც, არ შეუძლია შესვენებაზე გამოიყენოს ტელეფონი.
გასათვალისწინებელია ის რომ, რადგან მოსწავლისთვის ამ პერიოდში აკრძალულია გაჯეტების გამოყენება, სკოლა ვალდებულია უზრუნველყოს საკომუნიკაციო არხი ამ პერიოდში მშობლებთან. იმ შემთხვევაში თუ მშობელს დასჭირდება კომუნიკაცია მშობელთან. გამონაკლისები რა თქმა უნდა არის, მაგალითად თუ ხდება სმარტფონის გამოყენება სასწავლო მიზნისთვის ან არსებობს ჯანმრთელობის პრობლემა. ასევე იმ შემთხვევაში თუ არის გადაუდებელი შემთხვევა, მაგალითად ძალადობა ან ბულინგი.
სკოლას, მანდატურს ან მასწავლებელს არ აქვს უფლება მოახდინოს მოსწავლის ჩხრეკა მასზე ფიზიკური შეხებით. მხოლოდ აქვს უფლება მოახდინოს ჩხრეკა უკონტაქტო დათვალიერებით. მეტალოდეტექტორი მეშვეობით. ასევე უნდა იყოს დაცული შესაბამისი წესებით:
- აუცილებელია მოსწავლის შემოწმება იგივე სქესის მქონე მანდატურის მიერ.
- ასევე უნდა ესწრებოდეს სხვა, მინიმუმ ერთი თანამშრომელი.
- დათვალიერების შესახებ უნდა ეცნობოს მშობელს.
- აკრძალულია მოსწავლეთა კოლექტიური ჩხრეკა.
რაც შეეხება ნივთებს, სკოლას არ აქვს უფლება გაჩხრიკოს ჩანთა, ანუ გახსნას მოსწავლის ჩანთა. მხოლოდ და მხოლოდ უკონტაქტო დათვალიერებით უნდა მოხდეს ეს ყველაფერი. ანუ მეტალოდეტექტორით შეუძლიათ ჩანთის გაჩხრეკაც. თუ ისეთი სიმძიმის სიტუაციაა, რომ აუცილებელია მსგავსი რამ მოხდეს და გაიხსნას მაგალითად ჩანთა, მაშინ ამის უფლება მხოლოდ სამართალდამცველებს აქვთ“, - აღნიშნა თამარ კერძაიამ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
⭕ უწმინდესი და უნეტარესი შიო III ბათუმის საკათედრო ტაძარში წირვას 10:00 საათზე აღავლენს