
საქართველო-თურქეთის საკალათბურთო მატჩი ხომ გახსოვთ? აი, ის მეორე დიდგორი, 1121 წლის ნაცვლად 2022 წლის დიდგორი - სისხლიანი ბრძოლა ოლიმპიურ სასახლეში.
კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილის აღზევება და მისი კოლეგის დუდა სანაძის დაპირისპირება თურქ მეტოქესთან.
ამ მატჩის შემდეგ დუდა სანაძე და მამუკელაშვილი საზოგადოების ყურადღების ეპიცენტრში მოექცნენ. ჰოდა, „დაიჯესტიც“ სანაძის პირადის შესახებ გიამბობთ.
ის „ევრობასკეტი 2017-ის” ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედაც დასახელდა.
სერია A
სლოვენიიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემი აგენტი მუშაობდა ამ საკითხზე და ეძებდა ჩემთვის კარგ გუნდს, ჩემს თავს სთავაზობდა სხვადასხვა გუნდებს, ერთ-ერთი შემოთავაზება მომივიდა იტალიის „სერია A-დან.” „ევრობასკეტის” შემდეგ, არჩევანის წინაშე ვიდექი, მაგიდაზე მედო შემოთავაზებები და ჩემზე იყო დამოკიდებული სად გავაგრძელებდი კარიერას.
საბოლოოდ, არჩევანი „ფლექს პისტოიაზე“ გავაკეთე. რაღაც მიზეზების გამო, ცოტა გვიან შემოვუერთდი გუნდს: ჯერ იყო და „ევრობასკეტი” დამთავრდა გვიან, მერე სამედიცინო შემოწმება გაიწელა – ანალიზის პასუხს ველოდებოდით დაახლოებით ერთი კვირა. „სერია A” ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატია ევროპაში და გამოირჩევა ძლიერი მოთამაშეებით. თითოეულ გუნდში ერთი MBA-ის წარმომადგენელი მაინც ჰყავთ.
სწავლა
ამერიკაში ვისწავლე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ჩემს კარიერაში. მაშინ ევროპაში თამაშზე უარი ვთქვი და ამერიკაში წავედი. იმიტომ, რომ ამერიკაში ინდივიდუალურად უფრო ძლიერდები. სწავლისა და კალათბურთის შეთავსება, რა თქმა უნდა, რთული იყო, თუმცა, ადვილად და შრომის გარეშე არაფერი მოდის. ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი დავამთავრე და ამავდროულად, როგორც მოთამაშე კარგად განვვითარდი. იქ ყოფნამ ბევრი რამ შემძინა.
სიყვარული
2017 წელს დუდა სანაძე გამოცემა „თბილისელებთან“ საუბრისას აღნიშნავდა, რომ მისი რჩეული ანუნა მდივნიშვილი იყო. ანუნა მასზე 2 წლით პატარა იყო.
ერთმანეთი ნაკრების თამაშზე გაიცნეს და მას მერე, როგორც ხდება ხოლმე, მიწერ-მოწერა ჰქონდათ. გაცნობიდან, სადღაც 1-2 თვეში, სლოვენიაში მოუწია წასვლა და ონლაინ გააგრძელეს ურთიერთობა. რომ ჩამოვიდა, მერე უკვე ყველაფერი ნათელი გახდა.მიხვდა, რომ ის ის იყო...
დაპირისპირება თურქ მოთამაშესთან
თურქეთის ნაკრების ხელმძღვანელობა საქართველოსთან 4 სექტემბერს ჩატარებულ მატჩს აპროტესტებს და საამისოდ ორ მოტივს ასახელებენ - 22 წამის დაკარგვისა და ფურქან კორკმაზის ცემის ფაქტს.
როდესაც დუდა სანაძესა და კორკრმაზს შორის ჩხუბი დაიწყო, დრო გაჩერდა, მაგრამ როგორც თურქები ამტკიცებენ, მატჩის განახლების მომენტში ტაბლოზე 22 წამით ნაკლები ეწერა. ამიტომაც, ისინი პროტესტს გამოთქვამენ.
თურქეთის კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ომერ ონანმა კი განაცხადა, რომ თუ კამერის ჩანაწერებს არ აჩვენებენ, თურქეთის ნაკრები ევრობასკეტს დატოვებს და დარჩენილ მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებს.
„კორკმაზს თავს ქართველი კალათბურთელები დაესხნენ! შემდეგ ჩვენც მოგვიწია პოლიციასთან ჩხუბში ჩართვა. არავინ იფიქროს, რომ ჩვენს მოტყუებას შეძლებენ და სულელები ვართ. კამერების ჩანაწერი სრულად მოგვაწოდონ, თორემ ტურნირს დავტოვებთ“, - აღნიშნა ონანმა.
სანაძეს თქმით, მან თურქ მოთამაშეს უთხრა, რომ მსაჯმა თურქეთის სასარგებლოდ გადაწყვეტილება არასწორად მიიღო, რასაც თურქი კალათბურთელის მძაფრი რეაქცია მოჰყვა.
„მოხდა ისეთი ინციდენტი, რომ არ ვარ მოხარული. მინდოდა, მთლიანი თამაში გვეთამაშა და მარტივად მოგვეგო, მაგრამ ასე არ მოხდა. მე მსაჯის მოქმედებაზე გავბრაზდი, ჩავუარე თურქ მოთამაშეს და ვუთხარი, რომ ძალიან ცუდი ჯარიმა დაგისტვინათქო. ვფიქრობ, რომ მისი და ჩვენი ემოციებიც გადაჭარბებული იყო, არ უნდა მომხდარიყო ასეთი რაღაც. რასაც თურქული მედია და ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებენ, რეალობას არ შეესაბამება“, - აღნიშნა სანაძემ.
აგრეთვე წაიკითხეთ: