Digest Logo

„თვალი, როგორც ტვინის გაგრძელება: როგორ ცვლის ცნობიერება და სტრესი ჩვენს მხედველობას“ - ქეთევან ჯანდიერის განმარტება

1779950462
ქეთევან ჯანდიერი

ხშირად ყველაზე ხმამაღლა სწორედ თვალები საუბრობენ - მაშინაც კი, როცა ადამიანი დუმილს ირჩევს. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მზერა ემოციების, შიშების და დაუმალავი განცდების ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი სარკეა. არსებობს განცდები და სიმართლეები, რომელთა დანახვასაც ადამიანები გაუცნობიერებლად გაურბიან — საკუთარ თავშიც და სხვებშიც.

რატომ გვიჭირს ზოგჯერ თვალებში ჩახედვა და რას მალავს მზერა მაშინ, როცა სიტყვები აღარ კმარა — ეს თემა კვლავ ფსიქოლოგებისა და საზოგადოების ყურადღების ცენტრშია.

აღნიშნულ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ქეთევან ჯანდიერი გვიზიარებს:

„ზოგჯერ ყველაზე დიდი სიბრმავე არა თვალებში, არამედ ცნობიერებაშია“. მთხოვეს რომ ამ თემაზე დამეწერა.

მხედველობა მხოლოდ ფიზიკური ფუნქცია არ არის. ადამიანი თვალებით მხოლოდ სამყაროს არ უყურებს. ის საკუთარი ცნობიერების ფილტრით ხედავს რეალობას.

ტრადიციული მედიცინის და ენერგეტიკული პრაქტიკების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის პროცესში ერთ ძალიან საინტერესო რამეს დავაკვირდი: ზოგჯერ ადამიანი კარგავს არა მხოლოდ მხედველობის სიმახვილეს, არამედ, რეალობის მიღების უნარს. და ეს ორი პროცესი ბევრად უფრო მჭიდროდაა დაკავშირებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

თვალი უნიკალური ორგანოა. მედიცინაში მას ხშირად „ტვინის გაგრძელებას“ უწოდებენ, რადგან ბადურა და ნერვული სისტემა პირდაპირ კავშირშია ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან.

ოფთალმოლოგიაში დიდი ხანია ცნობილია, რომ ქრონიკული სტრესი, ნერვული სისტემის მუდმივი გადაღლა, კორტიზოლის ხანგრძლივი მატება, სისხლძარღვთა სპაზმი და ფსიქოემოციური დაძაბულობა რეალურად მოქმედებს:

  • მხედველობის ხარისხზე,
  • თვალის წნევაზე,
  • ფოკუსირების უნარზე,
  • მშრალი თვალის სინდრომზე,
  • მიგრენულ და ნევროლოგიურ სიმპტომებზეც.

ადამიანის თვალი მუდმივად რეაგირებს არა მხოლოდ სინათლეზე, არამედ ემოციურ მდგომარეობაზეც. მაგალითად, შიშის დროს გუგა ფართოვდება. სტრესის დროს იცვლება ფოკუსი. ხანგრძლივი დაძაბულობისას თვალის კუნთები პრაქტიკულად არასოდეს დუნდება. სხეული მუდმივად „საფრთხის რეჟიმში“ ცხოვრობს.

ფსიქოლოგიურად თვალები პირდაპირ უკავშირდება:

  • რეალობის აღქმას,
  • სიმართლის მიღებას,
  • მომავლის ხედვას,
    ინტუიციას,
  • უსაფრთხოების განცდას,
  • და საკუთარ თავთან გულწრფელობის ხარისხს.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ყველაფერს ამჩნევენ სხვებში, მაგრამ საკუთარ ცხოვრებას ვერ უყურებენ პირდაპირ. ზოგიც მთელი ცხოვრება გაურბის სიმართლეს. ზოგი იმდენად ეჩვევა ტკივილს, რომ ტვინი იწყებს რეალობის „დარბილებას“, რათა ადამიანი ფსიქოლოგიურად გადარჩეს.

ფილოსოფიურადაც ეს ძალიან ღრმა საკითხია ადამიანი ყოველთვის იმას არ ხედავს, რაც არსებობს. ის ხედავს იმას, რისთვისაც შინაგანად მზად არის. ხშირად სწორედ ამიტომ ორი ადამიანი ერთსა და იმავე მოვლენას სრულიად განსხვავებულად აღიქვამს.

თვალი მხოლოდ ინსტრუმენტია. რეალურად კი ხედავს ცნობიერება!

ეზოტერულ პრაქტიკებში თვალები დაკავშირებულია:

  • მესამე თვალის ენერგეტიკულ ცენტრთან,
  • ინტუიციასთან,
  • შინაგან ხედვასთან,
  • სულის მიმართულებასთან
  • იმ უნართან, რომ ადამიანმა „დაინახოს“ არა მხოლოდ მატერია, არამედ მიზეზებიც.

საინტერესოა, რომ ძალიან ბევრ კულტურაში თვალები სულის სარკედ ითვლებოდა. ძველ მისტიკურ სწავლებებში არსებობდა მოსაზრება, რომ ადამიანი ყველაზე მეტად სწორედ თვალებით გასცემს საკუთარ ენერგიას.

დააკვირდით: არსებობს მზერა, რომელიც გაძლიერებს. არსებობს მზერა, რომელიც განგრევს. არსებობენ ადამიანები, ვის თვალებშიც სიმშვიდეა და ადამიანები, ვის მზერაშიც მუდმივი ომია.

ადამიანის ნერვული სისტემა ხშირად თვალებით იკითხება. ქრონიკული შფოთვის დროს მზერა დაძაბულია. ტრავმირებული ადამიანი ხშირად თვალებით ვერ ამყარებს კონტაქტს. ხანგრძლივი დეპრესიისას მზერა „ქრება“. ხოლო ძლიერი შინაგანი ტკივილის დროს თვალები ხშირად იმაზე მეტს ამბობენ, ვიდრე სიტყვები.

ფსიქოსომატიკაში არსებობს მოსაზრება, რომ: ახლომხედველობა ზოგჯერ უკავშირდება მომავლის შიშს.
ადამიანს უჭირს შორს „გახედვა“. უსაფრთხოდ მხოლოდ ახლო სივრცეში გრძნობს თავს.

შორს მხედველობა: შესაძლოა სიმბოლურად ასახავდეს აწმყოსთან კონტაქტის სირთულეს. ადამიანი ან წარსულში ცხოვრობს, ან მომავალში, მაგრამ ვერ არის „აქ“.

თვალის მუდმივი დაძაბულობა ხშირად გვხვდება ადამიანებში, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებენ.
სხეული მუდმივად მზადყოფნაშია. ტვინი არასოდეს ისვენებს.

მშრალი თვალები ზოგ ფსიქოლოგიურ მოდელში დაკავშირებულია ჩახშობილ ტირილთან. ადამიანთან, რომელმაც საკუთარ თავს ტკივილის გამოხატვის უფლება აღარ მისცა.

ხოლო სინათლის მიმართ მგრძნობელობა ზოგჯერ გვხვდება იმ ადამიანებში, ვისი ნერვული სისტემაც უკვე გადატვირთულია ინფორმაციულად, ემოციურად და ენერგეტიკულად.

თუმცა მნიშვნელოვანია: ეს არ არის ოფიციალური სამედიცინო დიაგნოსტიკა. და არც იმის მტკიცება, რომ ყველა დაავადება „ემოციებისგან ჩნდება“. არასოდეს უკუვაგდოთ მედიცინა.

მხედველობის პრობლემებს შეიძლება ჰქონდეს:

  • გენეტიკური,
  • ნევროლოგიური,
  • ენდოკრინული,
  • ვასკულარული,
  • ავტოიმუნური,
  • ჰორმონალური და სრულიად ბიოლოგიური მიზეზები.

თანამედროვე მედიცინა კი უკვე ღიად აღიარებს, რომ ფსიქოემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს მთელ ორგანიზმზე, მათ შორის მხედველობის სისტემაზეც.

როდესაც ადამიანი წლებია შიშში ცხოვრობს. როდესაც მუდმივად „ფხიზლადაა“. როდესაც სამყაროს საფრთხედ აღიქვამს. ნერვული სისტემა ვეღარ გადადის მოდუნების რეჟიმში და სხეული იწყებს საუბარს. ზოგჯერ, სწორედ თვალებით.

ყველაზე რთული კი ხშირად ის არ არის, რასაც ადამიანი ხედავს. არამედ ის, რის დანახვასაც მთელი ცხოვრება გაურბოდა.

ზოგჯერ ადამიანის განკურნება იწყება არა მაშინ, როცა ის „ხედვას“ იბრუნებს, არამედ მაშინ, როცა პირველად ბედავს სიმართლის დანახვას“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომელთა წარმომადგენლებიც უახლოეს პერიოდში დაბრკოლებების გადალახვას შეძლებენ - ასტროლოგები ასახელებენ

⭕ „ყველა შემოთავაზება არ არის საჩუქარი“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ Opta Analyst: ხვიჩა კვარაცხელიას მაგია - როგორ შეუძლია კვარაცხელიას ფინალის ბედის გადაწყვეტა