ცნობილმა ანალიტიკურმა საიტმა Opta Analyst-მა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორი გავლენა აქვს ქართველ ფეხბურთელს პსჟ-ს თამაშში. სტატია ჟურნალისტმა დევიდ ველმა დაწერა.
„პლეი-ოფის ზედიზედ შვიდ თამაშში გოლის ან საგოლე პასის წყალობით, ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში არცერთ მოთამაშეს არ შეუქმნია ისე დიდი გავლენა, როგორც ხვიჩა კვარაცხელიამ. გავაანალიზებთ, თუ როგორ აიყვანა მისმა შემოქმედებითობამ, ვერტიკალურობამ და თავგანწირვამ პსჟ ახალ დონეზე.
საქართველო მომავალ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატზე არ იქნება. საქართველოში უკვე დიდი ხანია ფეხბურთი არა უბრალოდ სპორტის სახეობაა, არამედ – ხელოვნების ნაწილი. დინამო თბილისს 1981 წელს თასების მფლობელთა თასი აქვს მოგებული, ქომაგებს კი გიორგი ქინქლაძის ვირტუოზული თამაშიც უნდა ახსოვდეთ, თუმცა, ქართველებს მაგარი ფეხბურთელები სხვაც ბევრი ჰყავდათ.
კვარაცხელია ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი ფეხბურთელია. ის 2022 წელს „ნაპოლიში“ მაშინ გამოჩნდა, როდესაც 21 წლის იყო. მან მალევე გამოავლინა უზადო ტექნიკური მონაცემები და ამომავალი ვარსკვლავის სტატუსი მიიღო. ევროპაში სადებიუტო სეზონის შემდეგ, ხვიჩა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.
„კვარადონა“ ვეზუვის მთის ჩრდილში დაიბადა. მეტსახელი გაზვიადება არ ყოფილა. იტალიაში ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში კვარაცხელიამ ღია თამაშიდან ყველაზე მეტ გოლში მიიღო მონაწილეობა, ვიდრე „ნაპოლის“ ნებისმიერმა სხვა მოთამაშემ (21 გოლი, 17 საგოლე გადაცემა) და სერია A-ში ყველაზე მეტი, 196 დრიბლინგი შეასრულა. სწორედ ესთეტიკური ბრწყინვალებისა და ეფექტურობის ამ ნაზავმა დაარწმუნა „პარი სენ-ჟერმენი“, რომ ის 2025 წლის იანვარში თავისი ევროპული პროექტის ქვაკუთხედად ექცია.
მისი ჩამოსვლისთანავე, ლუის ენრიკემ ზუსტად აღნიშნა, თუ რატომ დაიმატეს იგი: „მას ერთი ერთზე თამაშის შესანიშნავი უნარი აქვს და შეუძლია თამაში როგორც შიგნით, ასევე, ცხრა ნომრის პოზიციაზე. ის განასახიერებს მრავალფეროვნების იდეას, ჩვენი სისტემითვის იდეალური ფეხბურთელია“.
ევროპის დაპყრობა
თუკი თავიდან იყო შიში, რომ შესაძლოა, პარკ დე პრენსის სიდიადეს მასზე დამთრგუნველად ემოქმედა, ის მალევე გაიფანტა. პსჟ-ს მაისურით ჩემპიონთა ლიგაში სადებიუტო მატჩიდანვე ნათელი გახდა, რომ ხვიჩა ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშის სტატუსს უმიზნებდა.
მიმდინარე, 2025-2026 წლების სეზონში 16 საგოლე მოქმედებით ტურნირზე საუკეთესოა ჰარი კეინსა და კილიან მბაპესთან ერთად. რაც მთავარია, მან საუკეთესო შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპებისთვის შეინახა: 10 საგოლე მოქმედება ამ სეზონის პლეი-ოფის ფაზაში ტურნირის რეკორდია, ამასთანავე, ის პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში ზედიზედ პლეი-ოფის შვიდ მატჩში გაიტანა ან საგოლე გადაცემა გააკეთა.
კვარაცხელიას ეფექტურობის საუკეთესო მაჩვენებელი ის გოლია, რომელიც პარიზელებმა ალიანს არენაზე, ჩემპიონთა ლიგის განმეორებით ნახევარფინალში ბაიერნს გაუტანეს. გოლი, რომელიც უკვე მე-3 წუთზე გავიდა, იმის ჩინებული მაგალითია, როგორ შეიძლება წარმოაჩინო შენი ინდივიდუალური თვისებები უზადო გუნდური მუშაობის დროს.
მოძრაობა ვილიამ პაჩოს ვერტიკალური პასით დაიწყო. საკუთარ ნახევარზე, კარისკენ ზურგით განლაგებულმა კვარაცხელიამ ცენტრში ჩამოიწია, პაუზა გააკეთა და ერთი შეხებით ფაბიან რუისს გაუკეთა პასი. სანამ ბურთი რუისამდე მივიდოდა, კვარაცხელია უკვე შეტრიალდა. მან დაიო უპამეკანო თავის ჩრდილში დატოვა და წამის მეასედში უძრავი სამიზნიდან სპრინტის მრბოლელად გადაიქცა.
რუისმა ქართველის განზრახვა შეასრულა და პირველივე ჯერზე იდეალურად შეძლო მისთვის სივრცეში ბურთის გადაწოდება. კვარაცხელია დამანგრეველი იყო: სამ წამში უკვე გაარღვია მოედნის შუა ხაზი და „ალიანც არენის“ საფარი შთანთქა. ბურთის ბოლო მესამედში გადატანის შემდეგ, კვარაცხელიამ ცივსისხლიანობა შეინარჩუნა: ნაჩქარევი ჩაწოდების ნაცვლად, მან ბურთი უსმან დემბელეს მიმართულებით ზუსტად გაუშვა, რომელმაც მას ადგილი კარში მიუჩინა.
ცხადია, ამ გოლში რუისისა და დემბელეს როლიც დიდი იყო, თუმცა, მამოძრავებელ ძალად მაინც კვარაცხელია იქცა. 9 წამის განმავლობაში ის 5-ჯერ შეეხო ბურთს და 60 მეტრი დაფარა, რისი წყალობითაც პსჟ არა უბრალოდ დაცვიდან შეტევაში ამოვიდა, არამედ, უმნიშვნელოვანესი გოლი გაიტანა.
მხატვრიდან ჯარისკაცამდე
ლუის ენრიკეს ხელმძღვანელობით კვარაცხელიას თამაშში, შესაძლოა, ყველაზე გასაოცარი მოვლენა მისი თავდაცვითი ინდუსტრია იყოს. პსჟ-ს მწვრთნელმა თავიდანვე ნათლად თქვა: „მას ჩინებული დაცვითი უნარები აქვს. ჩვენ სწორედ ისეთი 11 ფეხბურთელი გვჭირდება, რომლებიც დაცვაშიც დაიხარჯებიან“.
ეს ნიჭი ბაიერნთან ხსენებულ მატჩშიც კარგად წარმოჩნდა, როდესაც პარიზულ კლუბს ბურთის ფლობაში მხოლოდ 35%-იანი მაჩვენებელი ჰქონდა და ძირითადად სწორედ თავის დაცვა უწევდა.
„ტექნიკურად, „ნაპოლიშიც“ ისეთივე კარგი ვიყავი“, - აღიარა კვარაცხელიამ პირველი მატჩის წინ და დასძინა, „თუმცა, ლუის ენრიკესთან ერთად დაცვაში ბევრად გავუმჯობესდი. მასთან დაცვაში მცველებივით უნდა ვითამაშოთ“.
მონაცემები მის სიტყვებს ადასტურებს. კვარაცხელია ერთ-ერთია იმ ორი ფლანგიდან, რომელმაც გასული სეზონის პლეი-ოფის რაუნდის დაწყებიდან ჩემპიონთა ლიგაზე 800-ზე მეტი მაღალი ინტენსივობის პრესინგი განახორციელა.
ამ თავდაცვითმა თავგანწირვამ კვარაცხელია სანახაობრივი ფეხბურთელიდან ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ შემტევ ფეხბურთელად აქცია. ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს „არსენალის“ წინააღმდეგ მომავალ ფინალში, რომ პსჟ ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში მეორე კლუბი გახდეს, რომელიც ტიტულს შეინარჩუნებს. მსოფლიოს ჩემპიონატი იქნება თუ არა, „კვარადონა“ უკვე 2026 წლის ერთ-ერთი მანათობელი ვარსკვლავია“.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი 28 მაისს საქართველოში
წყარო: newshub.ge