Digest Logo

„უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მაგრამ ვარ… ვწუხდი, რომ მე უკვე აღარავისთვის ვარ ისე ძვირფასი, როგორც ვიყავი ჩემი დედისათვის…“ - გალაკტიონის წერილი დედას

1700210160
გალაკტიონი

1891 წელი, 17 ნოემბერი... სოფელ ჭყვიშში... მაკრინე ადეიშვილს ვაჟი შეეძინა... დაარქვა გალაკტიონი.

ამ დიდ სიხარულს თან ახლდა დიდი ტკივილი. მეუღლე ვასილ ტაბიძე 23 წლის ასაკში, გალაკტიონის დაბადებამდე შვიდი თვით ადრე გარდაიცვალა.

პოეტი თავის ავტობიოგრაფიაში წერდა: „ჩემი წინაპრები აფხაზთა მეფეებიდან, შერვაშიძეების საგვარეულოდან, დედაჩემის საგვარეულოდან არიან. ჩემი დიდი ბაბუის, ბერიძის, გურული ქალის დედა, შერვაშიძის ასული იყო. ამრიგად, არსებობს სამი სახეობა. ჩემში ქართული სისხლი: აფხაზი, გურული და იმერლი“.

როგორც ცნობილია, გალაკტიონს ხშირად უწევდა დედასთან შორს ყოფნა, ამიტომ წერილებით დაუკავშირდა. გთავაზობთ გალას წერილს დედას:

***

„საყვარელო დედა!

როგორც შენ დაიბარე, მე ნესტორ ყუბანეიშვილის სახლში გადავდეგი, მაგრამ შვიდ მანეთ ნახევარ ნაკლებ არ დამიყენა და ისიც ამ ერთის თვით. შემდეგში კი რვა მანეთ ნაკლებ ვერ დაგაყენებო. ბინა ძალიან კარგია, მხოლოდ ეს არის, რომ ფულს წინდაწინვე თხოულობს, მე ჯერჯერობით ოთხი მანეთი მივეცი, შენგან გამოტანებულს სამს მანეთს პრისკილეს მოცემული მანეთი მივუმატე. კალოშებს ვერ ვყიდულობ. ხაზეიკის ფული სამ მანეთ ნახევარი, რაც შეიძლება მალე გამოაგზავნე. სხვები აქ ყველა წინდაწინვე აძლევენ ორი თვის ფულს. გწერ შენი შვილი გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ი“.

აბესალომს წერილი გავუგზავნე!

ქუთაისი, 14 იანვარი, 1908 წელი

***

„ძვირფასო დედა!

შენთან ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენ ხანს ვერ ჩამოვედი, მაგრამ იმედი მაქვს, ძალიან არ იწუხებ. მე ძალიან მალე ჩამოვალ. აქ იმდენი საქმეები მაქვს და ისე დიდი საქმეები, რომ ნებას არ მაძლევს ასე ადვილად მივატოვო ქუთაისი.
მშვიდობით, საყვარელო დედა!
მე მალე ჩამოვალ.
შენს ამბებს ყოველთვის ვტყობილობ, მადლობა ღმერთს, რომ ავად არ ყოფილხარ.
ეხლა გამაგრდი, დედა! მთელი ქვეყანა გახარებულია თავისუფლებით. შენც უნდა იყო მხიარულად. მე სხვაფრივ კარგად ვარ.

შენი ერთგული და მუდმივად მოყვარული შვილი გ“.

1917 წელი, მარტი

***

„ძვირფასო დედა! ჩემო დედა!

შენმა წერილმა მე მომკლა! დედიკო! რატომ იწერები, რატომ იწერები, რომ მე შენთვის სანატრელი ვარ. არა, დედა, შენ გენაცვალე, ჩემზე ნუ ფიქრობ. თუ არ მოვკვდი, სწორედ ურცხვენელად, როგორც გინდა, გავატარებ ჩემს ახალგაზრდობას.
შენ იწერები „შენგან მოძულებული!”(!)
ძვირფასო დედა, შენ არ შეგფერის სთქვა „შენგან მოძულებული“.
ო, ჩემო ძვირფასო დედა!.. დედა, რაც შეეხება ჩემს ეხლა ჩამოსვლას, ჩემთვის ძალიან ძნელია. დედიკო! რა ვქნა, სწორედ ეხლა იბეჭდება დედიკო, ჩემი ოთხი წიგნი, შეიძლება ორი მაინც მალე გამოვიდეს. მე, თუ ეს მოთავდა, მოვალ.
ასე, დედიკო!
მშვიდობით!
წიგნის დაბეჭვდის შემდეგ მე შენთან ვარ“.

1929 წლის აგვისტო

***

მაკრინე ადეიშვილის წერილი გალაკტიონს:

„ფიქრიდან განუშორებელო შვილო ჩემო გალაკტიონ!

პირველად შენ მშვიდობას და კარგად ყოფნას ჩვენ მოწყალე ღმერთს ვსთხოვ. ამას გარდა, ჩვენ, შვილო, კარგათ ვართ, შენი ჯავრის მეტი არა მიშავს. შენ რაკი ჩემთან იყავი მიჩოული და მე შენთან და ეხლა მოშორებული მყავხარ, თუ ივარგებ, არ მგონია. რა ვქუნა, ამ წროულათ არაფერი მეხერხება, ისეა ჩემი საქმე და ეხლა შენი საქმე. აჰა, შენ იცი, თუ ივარგებ.

თავი საქმეა ყოფაქცევა და მერმეთ კარგი სწავლა, კარგი, თვარა გაჭივრებული სწავლა რა არის, უნდა ათქმოვიო ვინმეს, სწორეთ კარგად სწაულულობსო, და კარგი ყოფაქცევის არისო. მე გული მომიკტა, რომ მელაპარაკებოდენ, თუ რაღაც მიზეზი არ იყოსო ან სწავლით ან ყოფაქცევითო. დედმამიანებს მიცესო ტანისამოსიო. სხვის მხრივ მოსე თებძაძის შვილსაც მიცესო. ეხლა ვფიქრობ, შენიშნვა ქონია რაღაცა, ისპეკტორმაც გვითხრა და ისიც მითხრა, თუ გასწორდება და მათ კარგ ყოფაქცევას და კარგ სწავლას შეგვახედებს, უსათუოთ ჩვენგან ყურის გდება და შებრალება ექნებავო.

მე რა ვქუნა, არაფერი მეხერხება აღარა. რაცხა პატარა სადგამური დედლები, ქათმები იყო, გაერია ჭირი, ახოცა და სხვა რაღა არის, შენც კი უნდა იცოდე შენი ოჯახის გარეშე.

აბა, თუ კარგათ, ჭკუიანათ გაუძღვები შენს თავს, თვარა შენ თვითონ გეზარალება, შვილო, ამ წელიწადნახევარს არის შენი საქმე, ისახელე თავი, დედა, ბიძაშენმა ასე თქვა, გაანებოს იმან სხვა ქაღალდების კითხვას თავიო, გაათავოს ოთხი კლასი და, დარიგება, თუ გინდა შენი თავის სიკეთე. სხვა მერმეთათ მეესწრება სხვა ქაღალდების, წიგნების კითხვასო...

გავიგე, რომ ფული მოუციათ შენთვის. მე ასე მივიღე, რომ გინდა ასი მანეთი ყოფილიყოს, ეხლა შევიარე ყველა და ამ სამი მანეთის მეტი ვერ ვიშონე, დაამატე იმგენის მოცემულს და დესპინეს მიეცი და ასთე უთხარი მაქ ყველას, თადეოზი თუ შამოვიდეს, ხაზაიკასთვის ჯერ სულ ფული არ მიგვიცია-თქო, იქნებ თვითონ დაუტიოს კიდომ დესპინემ. ასთე უთხრას, მე მაკრინეს ფულს არ უთული, როგორც შენ დამაბარე-თქო.

შენ როგორც დაგითხოვონ ყველიერში, მაშინათვე წამოდი. ჭკუით, არაფერი მეიწიო. ხო იცი, ალექსანდრე რა ჭკუიანათ მგზავრობს მარტო და შენც ჭკუით იმგზავრე, დედა. უსათუოთ არ გაჩერდე. აქ მომიწყობ ხელს და იქნება შენთვის ფული ვიშონო ან ოტკა გამოვხადოთ. მე მარტო რა ვქუნა... შენ გიგზავნი გზის ფულათ სამ აბაზს, ახერხე, ნახევარი ბილეთი აიღე, ფული არ დაგეკარგოს, დესპინეს მიაბარე. აპა, შენ იცი, ეს წერილი მალმალ წაიკითხე. შენი ერთგული დედა.

მ. ტ.“

დედის გარდაცვალების შემდეგ გარდაცვალების გალაკტიონი წერდა: „დავკარგე დედა და მასთან ერთად დავკარგე იმედი, ნუგეში, თანამგრძნობი…

უდედოდ ცხოვრება ვერ წარმომედგინა, მაგრამ ვარ… დავტოვე ჭყვიში და მასთან ერთად დავტოვე დედის ახლადშეზვინული საფლავი.

წუხელის ძილში ვწუხდი, რომ მე უკვე აღარავისთვის ვარ ისე ძვირფასი, როგორც ვიყავი ჩემი დედისათვის… ვწუხდი, რომ ჩემი მომხრე, თანამგრძნობი და დამცველი არავინ არის-მეთქი.

ამ დროს ჩემი ოთახის ფანჯარას დედაჩემი მოადგა. – გატუნია, შვილო, რამ დაგაღონა, ბიჭო! შენ, შვილო, ყველასთვის ხარ საჭირო და თუ დაგჭირდა, შენი ლექსი გაიხსენე შენი ჭირიმე: ო, ნანა, ნანა… დედაჩემი გაქრა და მე გამომეღვიძა“...

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕საქართველოში ამინდი გაუარესდება - როგორია ამინდის პროგნოზი რეგიონების მიხედვით

⭕„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო!“, „დედაშენი არის ღმერთი“ - ქართველი მწერლების საუკეთესო შემოქმედება დედაზე

⭕„ჩემს კუმირთან ერთად“- ანუკი არეშიძე პარიზის მოდის კვირეულზე ლეგენდარულ შერისთან ერთად გამოჩნდა

წყარო: artinfo.ge